"ჩვენ უფრო დამაჯერებელი ჩემპიონები ვიყავით"

AutoSharing Option
მანუელ პელეგრინი ამბობს, რომ მისმა "მანჩესტერ სიტიმ" წინა სეზონში უფრო შთამბეჭდავად მოიგო პრემიერლიგა, ვიდრე ეს ახლა "ჩელსიმ" გააკეთა". ძალიან საინტერესო იქნება, თუ რა კომენტარს გააკეთებს და როგორ პასუხს გასცემს ამაზე ჩილელს ჟოზე მოურინიო.

"ფანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმზიდველი და შემტევი ფეხბურთი ითამაშო. ჩვენ წინა სეზონში ზუსტად იგივე გავაკეთეთ, რაც "ჩელსიმ" ახლა, მაგრამ უფრო მეტი გოლის გატანითა და შემტევი სტილით. წინა წელს 158 გოლი გავიტანეთ. ჩვენი გუნდი რჩება ყველაზე შედეგიანად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებელია ისიც, რომ ტიტულების მოგება გავაგრძელოთ"
- აღნიშნა 61 წლის მწვრთნელმა.

სათქმელია, რომ ამჟამად პრემიერლიგაში პელეგრინის "სიტის" 71 გოლი აქვს გატანილი, რაც მართლაც საუკეთესო შედეგია, მაგრამ "ჩელსი" "ქალაქელებს" მხოლოდ 2 ბურთით ჩამორჩება. სამაგიეროდ, დედაქალაქელებს 9 გოლით ნაკლები აქვთ გაშვებული და უკეთესი ბურთების სხვაობით იწონებენ თავს. თუმცა ფაქტია, რომ ჩილელმა სპეციალისტმა "ლურჯებს" თამაშის სტილი დაუწუნა.

სანამ მოურინიოს პასუხი იქნება, იქამდე "სიტიზე" საუბარი გავაგრძელოთ და ვთქვათ, რომ "ტოტენჰემთან" მანჩესტერელებმა კარგი მატჩი ჩაატარეს და დამსახურებულად იმარჯვეს.

ამით "სიტიმ" თითქმის გაინაღდა სამეული და ის, რომ სეზონს "იუნაიტედზე" წინ დაამთავრებს. სხვათა შორის, ეს "ქალაქელების" პირველი საგარეო გამარჯვება გახლდათ 11 თებერვლის შემდეგ, მათ ზედიზედ 5 მატჩი ჰქონდათ სტუმრად წაგებული. სერხიო აგუერო კი ბომბარდირთა დავაში 2 გოლით წინ გაიქცა. "ტოტენჰემის" კარში გოლების გატანა არგენტინელს ძალიან უყვარს და ისიც გემახსოვრებათ, რომ პირველ წრეში გუნდმა "დეზებს" პოკერი შეუსრულა და პლუს, იმ შეხვედრაში პენალტიც გააცუდა. მას "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ჩატარებულ 7 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი და ლონდონელები აგუეროს საყვარელი მეტოქეები არიან.

"უაით ჰართ ლეინზე" მოპოვებულ გამარჯვებას პელეგრინიმ "ლამაზი" უწოდა და თავისი ბიჭები შეაქო, მოგება დავიმსახურეთ და მეტის გატანაც შეგვეძლოო. თუმცა მაურისიო პოჩეტინომ "სიტის" იღბლიანობაზე ისაუბრა - არ გაგვიმართლა, თორემ სულ ცოტა, ქულა უნდა აგვეღოო. სხვა საკითხია ის, რომ "დეზებს" ფრეც ბევრს არაფერს უცვლიდათ. აი, რომ მოეგოთ, ოთხეულის მეტ-ნაკლებად რეალური შანსი შემორჩებოდათ, ახლა კი ამაზე საუბარი არც ღირს და საერთოდ, "ტოტენჰემს" ევროპალიგის საგზურიც არ აქვს გარანტირებული, თუკი, რა თქმა უნდა, პოჩეტინოს საერთოდ უნდა, რომ ამ ტურნირზე ენერგია ჰქონდეს დასახარჯი.

"სიტი" ერთი-ორჯერ ჯო ჰარტმა გადაარჩინა და ერთი-ორჯერ გატანა ჰარი კეინმაც სცადა, მაგრამ "დეზების" "ოქროს ბიჭუნამ" ამჯერად ვერ იხეირა. გარდა პრემიერლიგის ბომბარდირობისა, იგი იმისთვისაც იბრძვის, რომ გარი ლინეკერის რეკორდი დაამხოს. ლეგენდარულ თავდამსხმელს "ტოტენჰემის" მაისურით 1991/92 წლების სეზონში, ყველა ტურნირს თუ ჩავთვლით, 35 გოლი აქვს გატანილი, კეინი კი ახლა 30-ზეა გაყინული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული