* ყველაზე მეტჯერ ესპანეთის ჩემპიონი "რეალი" გახდა - 32, შემდეგ მოდის "ბარსელონა" - 23.
* ლუის ენრიკე "ბარსელონას" მეცხრე მწვრთნელია, რომელმაც სადებიუტო სეზონში შეძლო ჩემპიონობის მოპოვება.
ესპანური ლა ლიგა ან, ოფიციალური სპონსორის ენით რომ ვთქვათ, Liga BBVA, შაბათს 84-ედ ჩამთავრდება, მაგრამ მთავარი უკვე ცნობილია - "ბარსელონა" ისტორიაში 23-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ლუის ენრიკემ ეს თავის პირველივე სეზონში შეძლო.
ბოლოსწინა ტურში ლეო მესის ერთადერთი გოლის წყალობით ლუის ენრიკეს გუნდმა მადრიდში ექსჩემპიონი "ატლეტიკო" 1:0
ზუსტად ერთი წლის წინათ "ატლეტიკომ" ტიტული "კამპ ნოუზე" მოიგო, როცა 1:1 ითამაშა. ახლა კი ისტორია პირუკუ გამეორდა. "ბარსამ" მოიგო და სამი შესაძლო ტიტულიდან პირველი დააბინავა მუზეუმში.
კატალონიური კლუბის დომინაცია ესპანურ ფეხბურთში უკვე აშკარაა - გუნდმა ბოლო 11 ჩემპიონატიდან 7 მოიგო! სამჯერ ჩემპიონი "რეალი" გახდა, ერთხელ - "ატლეტიკო".
აქამდე "ბარსას" ასეთი წარმატებული პერიოდი არ ჰქონია - იყო "დრიმ თიმის" პერიოდი, როცა "ბარსამ", 1990 წლიდან 1994-ის ჩათვლით, ზედიზედ მოიგო ჩემპიონობა და იყო ეგრეთ წოდებული "ხუთი თასის გუნდის" პერიოდი 1947-53 წლებში. 23-ე ტიტულის მიუხედავად, ჯერ "ბარსას" ბევრი უკლია "რეალამდე" (32 ტიტული). მესამეზე "ატლეტიკოა", რომელიც ათჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. შემდეგ მოდიან: "ბილბაო" (8) და "ვალენსია" (6).
ბოლო ათწლეულში მოგებულ 7 ტიტულში დღევანდელი "ბარსადან" ყველაში მონაწილეობა მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა მიიღო - ჩავი ერნანდესმა, ანდრეს ინიესტამ და ლეო მესიმ, მაგრამ ამ სამეულში წინ მაინც ჩავია, რომელსაც უფრო ადრე, 1998/99 წლების საჩემპიონო სეზონშიც უთამაშია.
ლუის ენრიკე სამი წლის განმავლობაში წვრთნიდა "ბარსას" სარეზერვო გუნდს, შემდეგ იყო "რომა" და "სელტა". მწვრთნელი "ბარსას" ამ სეზონის წინ დაუბრუნდა და პირველივე სეზონში მოიგო ჩემპიონის ტიტული. "ბარსელონას" ისტორიაში ლუის ენრიკე მე-9 მწვრთნელია, რომელმაც პირველივე სეზონში მოახერხა ჩემპიონობა. ბოლო სამი ლუი ვან გაალი, ხოსეპ გვარდიოლა და ტიტო ვილანოვა იყვნენ.
"ამ მომენტში უნდა გავიხსენოთ ყველა ის ადამიანი, რომელთაც ღვაწლი გაიღეს ჩვენს ჩემპიონობაში. განსაკუთრებით კი, ფანებს გამოვარჩევ. გუნდმა ეს ტრიუმფი დაიმსახურა. ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ტიტული მოვიგეთ.
ეს ტიტული ნიშნავს, რომ ჩვენ მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ, სხვანაირად ლა ლიგას ვერ მოიგებ. ჯერ კიდევ დარჩა ორი ტიტული, რომლის მოგებაც გვინდა ამ სეზონში. სამი მატჩი დაგვრჩა და აქედან ორი ფინალია. "დეპორტივოსთან" თამაშის მერე ჩვენ მხოლოდ თასის ფინალზე ვიფიქრებთ, რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართება. ეს თასი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა გახარებულმა ლუის ენრიკემ.
რა იქნება მომავალში? ეს კითხვა ბევრს აწუხებდა, თუმცა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ სანამ სეზონი არ დასრულდება, მომავლის გეგმებზე საუბარი არ სურს.
"ჩემპიონები ვართ, პრიმერა ჩვენია! მთელმა გუნდმა დიდებული სამუშაო გასწია, ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ. ყველას მადლობა, ვინც მთელი სეზონი მხარში გვედგა", - დაწერა "ფეისბუკში" ლეო მესიმ, მან, ვისი კარგი თამაშის წყალობითაც "ბარსამ" ტიტული დაიბრუნა - ლეომ ამ სეზონში 54 ოფიციალურ მატჩში 54 გოლი გაიტანა და 30 საგოლე პასი გააკეთა!
თუკი სეზონის დასაწყისში ყველა "რეალის" მკვლელ სამეულზე - BBC-ზე (ბეილი, ბენზემა, კრიშტიანო) ლაპარაკობდა, თანდათან "ბარსას" ტრიდენტმა - MSN-მ (მესი, სუარესი, ნეიმარი) დაჩრდილა მადრიდული. კლუბის 108 გოლიდან 79 ამ სამეულზე მოდის, აქედან 41 მესიმ გაიტანა.
მაშინ, როცა "ბარსამ" ტიტული "ვისენტე კალდერონზე" მოიგო, გუნდის ათასობით ფანი ბარსელონას ცენტრში შეიკრიბა 23-ე ტიტულის აღსანიშნავად. ისინი კვლავ ცნობილ ბულვარ ლა რამბლაზე შეიკრიბნენ საზეიმოდ. კატალონიის დროშებით "შეიარაღებულმა" ფანებმა იქ დილამდე იზეიმეს.
იხილეთ ვიდეო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"