არავინ იცის, როგორ დასრულდება მატჩი, რომლის აფიშაც ისეთი მიმზიდველია, რომ იმ წამების მოლოდინში მთელი მსოფლიო ბორგავს.
ფინალის შედეგზე მსჯელობა შეიძლება, გამოცნობა კი - ნაკლებად. პროგნოზები რომ უმადური საქმე არ იყოს, სულაც "ელ კლასიკო" უნდა გვეხილა ფინალში.
სამაგიეროდ, თამამად შეგვიძლია დავწეროთ, რომ მიმდინარე სეზონი "ბარსელონასათვის" წარმატებული გამოდგა. გუნდმა ვადაზე ადრე გაინაღდა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, ჩამოიტოვა მთავარი მტერი და პრიმერას გოლიათი "რეალი". ახლა
ამას ოთხი თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა...
2015 წლის პირველი მატჩი "ბარსელონამ" სან სებასტიანში გამართა, "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ და დამარცხდა. პარალელურ შეხვედრაში "რეალს" "ვალენსიასათვის" რომ მოეგო, "სამეფო კლუბი" მუდმივ მეტოქესთან უპირატესობას ერთბაშად 7 ქულამდე გაზრდიდა.
რთული სათქმელია, ასეთ შემთხვევაში როგორ განვითარდებოდა მოვლენები ესპანურ პრიმერაში, მაგრამ ფაქტია, რომ "რეალი" დამარცხდა. სხვაობა ორ გრანდს შორის იგივე დარჩა - 4 ქულა.
ამავე დროს, "ბარსელონას" დაეწია ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი, მადრიდის "ატლეტიკო". სწორედც ამ გუნდთან უწევდათ კატალონიელებს ქვეყნის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრა.
ამ საპასუხისმგებლო თამაშისათვის "ბარსელონა" ერთობ არასასიამოვნო ატმოსფეროში ემზადებოდა. ჯერ ერთი, "ბარსამ" ძალიან მძიმედ გადაიტანა ბასკეთში განცდილი მარცხი და მეორეც - გავრცელდა ხმები, გუნდის დამრიგებელს, ლუის ენრიკესა და ლიონელ მესის შორის დიდმა შავმა კატამ გაირბინაო. ესპანური გაზეთები ამ კონფლიქტის შესახებ გამუდმებით წერდნენ.
კონფლიქტის შესახებ ხმები "სოსიედადთან" შეხვედრის წინ აგორდა. მოხდა გაუგონარი რამ - ლიონელ მესისათვის "ბლაუგრანას" სასტარტო შემადგენლობაში ადგილი არ გამოინახა! მესის არ ჰქონდა ტრავმა. ის სათადარიგოთა სკამზე გაქვავებული სახით იჯდა. მხოლოდ რამდენჯერმე გაესაუბრა სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებს.
"ბარსელონას" ფრანგი მცველი, ჟერემი მატიო იხსენებს: "ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გუნდი საშობაო არდადეგებიდან სამუშაო პროცესს დაუბრუნდა. ყველაფერი მოულოდნელად აეწყო. მესი გაცეცხლდა, როცა ვარჯიშზე მის წინააღმდეგ უხეშად ითამაშეს. სასტვენი დუმდა. ამ დროს ლიონელმა მწვრთნელთან კამათი დაიწყო. ლუის ენრიკემ მესი გასახდელში დაიბარა სალაპარაკოდ. ეს იყო და, კონფლიქტი ამოიწურა. ასეთი რამ ყველა გუნდში ხდება, მაგრამ "ბარსელონა" განსაკუთრებული კლუბია და ეს ისტორია გაბერეს".
არც არის გასაკვირი, ამ ინციდენტს ჟურნალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება რომ მიაქციეს. სწორედ ამ მოვლენის შემდეგ აღმოჩნდა არგენტინელი სათადარიგოთა სკამზე.
ბუზი სპილოდ იქცა. ესპანური მედია უკვე ღიად წერდა იმის თაობაზე, რომ მესიმ "ბარსელონას" პრეზიდენტ ბარტომეუს ულტიმატუმი წაუყენა: "ან მე, ან ლუის ენრიკე!" ამას ისიც დაემატა, რომ თანამდებობა დატოვეს "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ და მისმა თანაშემწემ, კარლეს პუიოლმა. მათი წასვლის ოფიციალურ მიზეზად სატრანსფერო საქმიანობის დროს დაშვებული შეცდომები დასახელდა.
ლუის ენრიკეს ბედი მაშინ გადაწყვეტილი ჩანდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ელოდა მიზეზს და ამ მიზეზის გამოჩენისთანავე მწვრთნელს კარისაკენ მიუთითებდა. ტოტალიზატორებმა ლუის ენრიკეს გადაყენებაზე ფსონების მიღებაც კი დაიწყეს.
მწვრთნელს ექსპერტებიც აკრიტიკებდნენ. თემები სხვადასხვა იყო - ზოგი მიიჩნევდა, რომ ლუის ენრიკეს არ ჰქონდა თავისი სათამაშო სტილი. მეორენი თვლიდნენ, რომ გუნდი საშინლად ასრულებდა სტანდარტებს. ბევრი სპეციალისტი ლუის სუარესის ფაქტორით აპელირებდა და მიიჩნევდა, რომ ურუგვაელი ფორვარდი მხოლოდ და მხოლოდ თავისი ვარსკვლავური სტატუსის გამო იყო სასტარტო თერთმეტეულში. ლუის ენრიკე კრიტიკის ნიაღვარს მშვიდად შეხვდა. მეტიც, მან მრავალმნიშვნელოვნად თქვა: "ვიცი, კრიტიკა კიდევ დიდხანს გაგრძელდება".
ასე იყო თუ ისე, "ბარსელონამ" მოუგო "ატლეტიკოს". ლიონელ მესიმ შეაგდო. დიდებულმა ფეხბურთმა დაჩრდილა კონფლიქტები და კრიტიკა. "ბარსელონამ" სადღაც დაკარგული რწმენა დაგვიბრუნა.
ამ დროს გაქარწყლდა ჭორი, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა "ბარსელონას" თითოეულ ქომაგს. ცხადი გახდა, რომ მესი არ ეძებდა ახალ გუნდს. პირზე ნერწყვმომდგარი "სიტი" და "პარი სენ-ჟერმენი" დაოკდნენ. გული საგულეს ჩაუდგა "ბარსას" თითოეულ მოთამაშეს.
მარტის ბოლოსათვის ხმა "ბარსელონას პრეზიდენტმა ბარტომეუმაც ამოიღო. "მესის გაყიდვას არ ვაპირებთ. ეს, უბრალოდ, აბსურდია. ლეო გაიზარდა "ბარსაში" და მას უნდა, რომ კარიერა აქ დაასრულოს. წლების განმავლობაში ის იქცა "ბარსელონას" სიმბოლოდ.
რაც შეეხება კონფლიქტს მესისა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს შორის, ასეთი რამ მართლაც მოხდა და ამის უარყოფა შეუძლებელია, მაგრამ ეს არ ყოფილა იმ მასშტაბის ინციდენტი, როგორც წარმოადგინეს.
"ბარსელონა" დიდი გუნდია, ცოცხალი ორგანიზმია და ასეთ დიდ კლუბებში ჩვეულებრივი ამბავია საკამათო სიტუაციები. ტრაგედიის შექმნა ამისგან არ შეიძლება და გარწმუნებთ, რომ ყველანაირი გაუგებრობა ამოწურულია", - თქვა პრეზიდენტმა.
გამოქვეყნდა თუ არა ბარტომეუს ეს სიტყვები, "ბარსელონამ" "კლასიკო" მოუგო "რეალს" - 2:1. ამის შემდეგ "ბლაუგრანა" მთელი ოთხი ქულით მოსწყდა "რეალს". ეს სხვაობა უკვე დიდი იყო. "რეალს" მისი აღმოფხვრა გაუჭირდა და კატალონიელებმა წინა ტურში ესპანეთის საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვეს.
როდესმე, ალბათ, თავად "ბარსელონას" ფეხბურთელები და მწვრთნელები მოჰყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ გადალახეს ეს კრიზისი. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ვერსია შეგვიძლია დავწეროთ - გუნდში სიტუაცია დალაგდა და ამ ჰარმონიამ მინდორზე გადაინაცვლა.
უნაკლოდ ამოქმედდა კატალონიელთა ჯადოსნური შემტევი სამეული – მესის, ნეიმარისა და სუარესის შემადგენლობით. სამივე სუპერვარსკვლავს, თითქოს, ერთდროულად მოხსნეს ფეხებიდან სიმძიმეები. თითოეულ მათგანს თამაში ისე სწყუროდა, თითქოს კლუბში პირველ შეხვედრას ატარებდნენ.
მოხდა ის, რასაც "ბარსელონას" ნებისმიერი გულშემატკივარი ინატრებდა - ყველა ვარსკვლავმა თუ მთავარმა მწვრთნელმა, გუნდური ინტერესების გათვალისწინებით, გვერდზე გადადო ყოველივე პირადული.
"ბარსელონა" კვლავ ძველებურად მიმზიდველი გახდა და პეპ გვარდიოლას დიდებული გუნდი გაგვახსენა. ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ "ბლაუგრანამ" ერთი ჯილდო მოიგო და ორის მოგების შანსი აქვს.
სხვანაირად რომ მომხდარიყო, "ბარსელონა", ალბათ, ვერ მოიგებდა ესპანურ პრიმერას, ვერ გავიდოდა ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის ფინალში.
კატალონიაში იქნება თუ საქართველოში, ძალა ყველგან ერთობაშია და ამ ერთობას ჯადოსნური თვეები მოჰყვება ხოლმე...
კრიზისისდროინდელი ესპანური პრესა ფანტაზიის ნაკლებობას არ უჩიოდა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"