10:25 01-06-2015
ესპანეთი. კოპა დელ რეი. ფინალი: "ლომების" მომთვინიერებელი [VIDEO]
AutoSharing Option
ჯერ კიდევ მე-10 წუთზე იყო სამეფო თასის ფინალის ეპიზოდში, როცა ლეო მესის გენია ვიხილეთ - მისი დიდებული პასით ნეიმარმა გაიტანა, მაგრამ საეჭვო სიტუაციაში, გოლი არ ჩაითვალა.
მაგრამ მესი იმ დღეს შეუვალი და ჯიუტი იყო. მან მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ შეირგო დანი ალვეშის პასი, ოღონდ ამჯერად მხოლოდ სამი დაბნეული მცველისთვის უნდა დაესწრო. კიდევ უფრო იოლი იყო "ბარსას" მეორე გოლი მესი-სუარესი-ნეიმარის შესრულებით, ადვილი სათქმელად და საცქერლად...
"ბილბაოს" პრესტიჟის გოლსაც ვერაფერს დავუწუნებთ, ინიაკი უილიამსმა თავურით გაიტანა, ტერ შტეგენის კართან ზურგით მდგომმა - 1:3.
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ატლეტიკი" დიდებული გუნდია და ამ სეზონში უთუოდ იმსახურებდა ტიტულს, თუმცა ასეთია ფეხბურთი. სამი ჩაფიქრებული ტიტულიდან ორი უკვე ჩვენია, ახლა მესამის ჯერია. დაუმარცხებლები ვართ? არა, ეს სიტყვა ფეხბურთში ზედმეტია.
მესი იმიტომ თამაშობს ასე კარგად, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. დღეს "კამპ ნოუზე" უკანასკნელად ითამაშა ჩავიმ, რომლის როლიც დღევანდელ "ბარსელონაში" უზომოდ დიდია. ინიესტა ადრიანად იმიტომ შევცვალე, რომ დისკომფორტი იგრძნო, თუმცა ჯერ არ ვიცი, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა. იმედია, არა და ის ბერლინში ითამაშებს".
***
სხვათა შორის, თამაშში იყო ერთი ეპიზოდი, რომელმაც "ატლეტიკის" ფეხბურთელების გაბრაზება გამოიწვია: ნეიმარმა "ცისარტყელას" ილეთით სცადა, ბურთი თავზე გადაეგდო მეტოქეებისთვის. ბრაზილიელს ბასკები მიეჭრნენ და მას რამდენიმე მკვეთრი გამონათქვამის მოსმენა მოუწია.
თუმცა თამაშის შემდეგ ნეიმარი თავისას არ იშლიდა - "მარტო იმიტომ, რომ ვიღაცას აღიზიანებს, თამაშის სტილს ვერ შევიცვლი, ეს ილეთი ადრეც გამომიყენებია".
ანდონი ირაოლამ კი, რომელმაც უკანასკნელად ითამაშა "ბილბაოს" რიგებში, განაცხადა: "ნეიმარს შეუძლია მაგალითი თანაგუნდელებისგან აიღოს, მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, მათ შორის - მეტოქის პატივისცემაც".
ნეიმარისთვის მოულოდნელი გამოდგა ლუის ენრიკეს აზრი: "მე რომ "ბილბაოს" ფეხბურთელების ადგილას ვყოფილიყავი, ნეიმარი ასე იოლად ვერ გადარჩებოდა. ეს ბრაზილია არ არის, სადაც მსგავსი ტრიუკები დაშვებულია. აქ მეტოქეს პატივი უნდა სცე. ვეცდებით, ნელ-ნელა ასეთი ლაფსუსები აღმოვფხვრათ გუნდში".
სამეფო თასის ფინალი ციფრებში
* სეზონში პირველად მოხდა, რომ ლუის ენრიკეს მწყობრში ჰყავდა პირველი გუნდის 23-ვე ფეხბურთელი.
* "ბარსელონამ" სამეფო თასი 27-ედ მოიგო, ყველაზე მეტჯერ ესპანურ კლუბებში.
* "ბარსელონამ" ესპანეთში რეკორდული, მეექვსე ოქროს დუბლი შეასრულა. აქამდე ასეთი რამ გუნდმა 1951/52, 1952/53, 1958/59, 1997/98 და 2008/09 წლებში შეძლო.
* "ბარსას" შემტევმა ტრიდენტმა 120 გოლი გაიტანა. ეს ახალი რეკორდია. მესიმ, სუარესმა და ნეიმარმა კრიშტიანო რონალდოს, ქარიმ ბენზემასა და გონსალო იგუაინის რეკორდი (118 გოლი, 2011/12 წლების სეზონში) გააუმჯობესა. ყველაზე მეტი გოლი, რა თქმა უნდა, მესის ანგარიშზეა - 58.
* "ბარსელონას" კიდევ ერთი თამაში რჩება - 6 ივნისს გუნდი ტიტულების ჰეთ-თრიკს შეუტევს - ბერლინში ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსა" ტურინის "იუვენტუსს" ხვდება.
* გუნდის კაპიტანმა ჩავი ერნანდესმა უკანასკნელად ითამაშა "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" მაისურით.
* ჩავიმ 24-ე საკლუბო ტიტული მოიპოვა და ესპანეთში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა საკლუბო დონეზე. "რეალის" ფეხბურთელ ხენტოს 23 ტიტული ჰქონდა მოპოვებული.
30 მაისი
ბილბაო-ბარსელონა 1:3
გოლები: 0:1 მესი (20), 0:2 ნეიმარი (36), 0:3 მესი (73), 1:3 უილიამსი (79)
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - ბუსტინზა, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა - სან ხოსე, ბენიატი (74. ი. გომესი) - ირაოლა (57. სუსაეტა), მ. რიკო (74. იტურასპე), უილიამსი - ადურისი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა (76. მატიო) - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა (55. ჩავი) - მესი, ლ. სუარესი (77. პედრო), ნეიმარი
გაფრთხილება: ირაოლა, ბალენსიაგა, უილიამსი, ადურისი - პიკე, ნეიმარი, ბუსკეტსი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 29-12; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 8-12 (3-7); ბურთის ფლობა: 27%-73%.
მაყურებელი: 99 354
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
Kargi statiaa.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული