ალეიქს ვიდალი: იმედია, "ბარსელონა" ჩემი ბოლო გუნდი იქნება

AutoSharing Option
"ბარსელონაში" ნამდვილი ტრიუმფია - ლუის ენრიკეს გუნდმა სეზონი ტიტულების ჰეთ-თრიკით დაასრულა და კატალონიის დედაქალაქმა რამდენიმე დღე ზეიმში გაატარა. ამასთან, კლუბში სულ სასიხარულო ამბებია - ბოლო ალეიქს ვიდალის ტრანსფერია, რომლის შესახებ გუშინ უკვე შეგატყობინეთ.

8 ივნისს "ბარსელონას" ახალმა ფეხბურთელმა სრული სამედიცინო შემოწმება გაიარა და შემდეგ ის მედიას წარუდგა.

უფრო ცნობილი ვიდალის, არტუროსგან განსხვავებით, ალეიქსი ესპანელია, ის 25 წლისაა და ნახევარმცველია, თუმცა "სევილიაში" ბოლოს მარჯვენა მცველის ფუნქციას ითავსებდა და ეს ამბავი იმდენად კარგად გამოსდიოდა, რომ "ბარსაში" დანი ალვეშის შემცვლელად დაიგულეს. ვიდალისთვის სამწუხაროდ,
თუ ფიფას სანქცია არ მოიხსნა, მას იანვრამდე თამაშის უფლება არა აქვს და მხოლოდ ვარჯიშით უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ნეიმარის ტრანსფერის გამო კატალონიური გრანდი დასჯილია და ახალი ფეხბურთელების გაფორმების უფლება არა აქვს.

"რამდენიმე კლუბში მითამაშია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ "ბარსელონა" ჩემს კარიერაში უკანასკნელი გუნდი იქნება. შეტევაში "ბარსას" მსოფლიოს სამი საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს. ასე რომ, მე იქ არავინ მათამაშებს. დანი ალვეში მსოფლიოში საუკეთესო ფლანგის მცველთა შორისაა, მაგრამ გუნდს სწორედ მაღალი კონკურენცია ხდის გამარჯვებულს", - განაცხადა ახალწვეულმა, რომელმაც 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სავარაუდოდ, "ბარსამ" "სევილიას" ვიდალში 10 მილიონი ევრო გადაუხადა.

ვიდალის მისვლა, ახლა თუ არა, ახლო მომავალში დანი ალვეშის წასვლას გულისხმობს. ბრაზილიელი კი "მილანში" გადასვლას არ გამორიცხავს, თუმცა 32 წლის მცველის აგენტი აცხადებს, რომ დანის სხვა ვარიანტებიც ოხრად აქვს. ალვეში "ბარსელონას" ივნისის ბოლომდე ეკუთვნის, მერე კი ჩიტივით თავისუფალია. "ბარსამ" მისი შენარჩუნება რამდენჯერმე სცადა, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

პედრო და ალბა
ამას მოჰყვა კიდევ ერთი (თუ ორი) კარგი ამბავი "ბარსას" ფანებისთვის, დადასტურდა პრესაში გავრცელებული ხმები და "ბარსელონამ" გამოაცხადა, რომ ჟორდი ალბას და პედრო როდრიგესს ახალი კონტრაქტები გაუფორმდათ. ალბასთან ხელშეკრულება 2020 წლამდე გაგრძელდა, პედროსთან - 2019 წლამდე. ორივეს კონტრაქტში არის ოპცია, რომლის მიხედვითაც, პოტენციურმა მყიდველმა "ბარსელონასთან" ვაჭრობა 150 მილიონი ევროდან უნდა დაიწყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული