რაფაელ ბენიტესის 10 პრინციპი - რას უნდა ველოდოთ რაფას "რეალისგან"

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ვარსკვლავები, ალბათ, გაიკვირვებენ, როცა რაფა ბენიტესის რამდენიმე მეთოდის ავ-კარგს საკუთარ ტყავზე იწვნევენ.

თქვენ წინაშეა "სამეფო კლუბის" ახალი თავკაცის 10 პოსტულატი...

1. საკიდან გვარდიოლამდე
რაფა ბენიტესი არასოდეს თაკილობს სწავლას. მისი ფილოსოფია ღვთაებრივი "მილანის" (80-იანების ბოლო, 90-იანების დასაწყისი) მაგალითზე ჩამოყალიბდა. მაშინდელი "მილანის" მაესტრო არიგო საკის იდეებით ნახევარი მსოფლიო იყო აღფრთოვანებული და მათ შორის, რაფაც.

ისე, რომ თავად არც არაფერი უწყოდა, რაფას სამწვრთნელო მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა იქონია პეპ გვარდიოლამ. ბენიტესს აღაფრთოვანებდა, თუ როგორ იყენებდა პეპის "ბარსა" სივრცეებს.

ასე რომ, "რეალის" ახალი მწვრთნელი
"ჩაკეტილი" სულაც არ არის - ის მუდამ მზადაა, მოიწონოს და გაითავისოს ახალი სიტყვა სამწვრთნელო საქმეში.

2. წესრიგი ყველაფერში
ბენიტესის ძველ გუნდებს ერთი რამ უთუოდ აერთიანებს - სათამაშო დისციპლინა. ტაქტიკური სქემის მიუხედავად, ბენიტესი მკაცრად ითხოვს მითითებულის შესრულებას ფეხბურთელებისგან.

მისი გუნდები "ბლოკებით" იცავენ თავს და "ბლოკებით" უტევენ.

ფეხბურთელები ერთი ფაზიდან მეორეში სწრაფად უნდა გადავიდნენ. მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მაღალი პრესინგი - ბურთის დაკარგვისთანავე, გუნდმა უნდა იზრუნოს მის დაბრუნებაზე, დაუყოვნებლივ. ეს ყველაფერი კი სათამაშო მონახაზის დაურღვევლად უნდა მოხდეს.

3. სათამაშო მონახაზი
კარლო ანჩელოტი ვარირებდა მეტოქისა და სიტუაციის მიხედვით, "რეალი" ხან 4-3-3-ით თამაშობდა, ხან - 4-4-2-ით. ბენიტესიც საკმაოდ კარგად ერგება სხვადასხვა სიტუაციას, მაგრამ მისი "საბაზო" სქემა ყოველთვის 4-2-3-1-ია.

მადრიდში ამ სქემის ასათვისებელი კონტინგენტი არსებობს. ასე რომ, "რეალშიც" 4-2-3-1-ს ვიხილავთ. ეს კი შეტევის სამეულის (BBC) გაუქმებას ნიშნავს.

"მარკას" მიმომხილველი სანტიაგო სიგერო მიიჩნევს, რომ ალბათ, საყრდენების როლს კროოსი და მოდრიჩი შეასრულებენ; ბეილი მარცხნივ დადგება, ბენზემა - მარჯვნივ, ხამესი - ფორვარდის უკან, ხოლო რონალდო - ცენტრფორვარდად.

4. ადაპტაცია
ჯერ კიდევ პრეზენტაციისას, ბენიტესმა აღნიშნა, რომ დოგმებზე წინ ფეხბურთელები დგანან. რაფამ კარგად უწყის, რომ "ესტრემადურას" ფეხბურთელების გაწვრთნა სხვა რამეა და "რეალის" - სულ სხვა.

მადრიდი ითხოვს შემტევ, ინიციატივიან ფეხბურთს. ბენიტესს სჯერა, რომ ამის მიცემა შეუძლია მადრიდისთვის.

რაფას ეზიზღება ტერმინი ამარატეგი, რომელსაც ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში ისეთ მწვრთნელებს ეკრობა იარლიყად, რომელთათვის მთავარი დაცვის საიმედოობაა, როგორიც ჟოზე მოურინიოა. საკუთარ საჯარიმოსთან ბენიტესი "ავტობუსს" არავითარ შემთხვევაში არ ჩააყენებს.

5. სტილების სიმბიოზი
ბენიტესი ყოველი ლიგიდან იღებდა რაღაცას მისთვის საინტერესოს: პრიმერადან - ბურთის კონტროლი; პრემიერლიგიდან - მაღალი ინტენსივობა; სერია A-დან - ტაქტიკური განსწავლულობა. ყველა ეს თვისება რაფამ უნდა გამოიყენოს "რეალში".

6. ფლანგების გამოყენება
"გრძელი ფლანგები" რაფას გუნდების კიდევ ერთი გამორჩეული თვისებაა. მადრიდში ამის პრობლემა რაფას არ უნდა ჰქონდეს - აქ ოთხი ისეთი ფეხბურთელი დახვდა, რომლებიც სავსებით შეეფერებიან ბენიტესის მონახაზს - დანილო, კარვახალი, მარსელო და კოენტრაო.

7. როტაცია
"რეალის" ახალი "მისტერის" აზრით, წარმატების აუცილებელი პირობა როტაციაა. არსებობს მოსაზრება, რომ ანჩელოტი ზედმეტად დაეყრდნო თავის ვარსკვლავებს და ამის გამო ისინი ცოტათი გადაწვა.

მართლა ასეა თუ არა, საკამათო საკითხია, მაგრამ მომდევნო სეზონში "რეალის" სათადარიგოთა სკამს რომ ყველა მოსინჯავს (კრიშტიანო რონალდოს ჩათვლით), ამის 100%-იანი სიზუსტით პროგნოზირება შეიძლება.

8. თამაშიდან თამაშამდე
ბენიტესი თითოეულ თამაშს განიხილავს, როგორც ცალკე ისტორიას. ამითაც აიხსნება სასტარტო შემადგენლობის ფორმირების პრინციპი. კონკრეტული მეტოქის სტილის და მონაცემების საფუძველზე, მწვრთნელი ირჩევს, მისი აზრით, საუკეთესო შემადგენლობას.

გუშინწინდელი ჰეთ-თრიკიც კი არ არის გარანტია, რომ ფეხბურთელი აუცილებლად სასტარტოში მოხვდება.

9. ყურადღების ცენტრშია... ბურთი
მუხლის მძიმე ტრავმის გამო ბენიტესმა საკმარისად ვერ ითამაშა და ეს მას ძალიან აწუხებს. ამიტომაც ის თავის ფეხბურთელებს ბურთით "გაძღომის" საშუალებას აძლევს. მის ვარჯიშებზე ფეხბურთელები 80-85%-ით ბურთთან მუშაობენ და ეს, რა თქმა უნდა, მათ მოსწონთ.

10. 24-საათიანი მწვრთნელი
ბენიტესი თანამედროვე სპეციალისტია. მან იცის, რომ ვარჯიშის დასრულებით მისი საქმე არ დამთავრებულა.

რაფა დიდ ყურადღებას აქცევს სპორტსმენების კვებას, დასვენებას, აღდგენას. მისთვის არ არსებობს წვრილმანი. მისი ფეხბურთელებისთვის ბენიტესი უფროსი მეგობარიცაა. მისი კაბინეტის კარი მუდამ ღიაა - ალბათ, ამიტომაც მასზე აუგის მთქმელი ფეხბურთელი ძალზე იშვიათია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბენზემა მარჯვივ გამორიცხეთ. რონი მარცხნივ ითამაშებს და ბენზო ცენტრში. და რონი თუ ცენტრში შევა მარჯვივ ბენზემა კი არა ბეილი იქნება მარხნივ ხამესი და შემტევი ნახ.მცველი ისკო. ბენზემა გადაჯდება ეგეთ შემთხვევაში სკამზე. ვის გაუგია ბენზემა ფლანგზე. ისე კარგი სტატიაა
coco
05:49 01-07-2015
0

სიახლეები პოპულარული