როგორი იქნება ახალი "ატლეტიკო" ჯექსონ მარტინესით

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკომ" უკვე დაკარგა ბრაზილიელი მცველი ჟოაო მირანდა და კარგავს თურქ ნახევარმცველ არდა თურანსაც, რომელსაც "ჩელსის", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბარსელონას" უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე დიეგო სიმეონეს გუნდი მარიო მანჯუკიჩმა დატოვა. "ლოს კოლჩონეროსმა" იჯარით "ვილიარეალში" გაუშვა ფორვარდი ლეო ბაპტიშტაო...

ისეთი შთაბეჭდილება რომ არ შეგვექმნეს, თითქოს, "ატლეტიკო" სუსტდება, შეგახსენებთ, რომ გუნდმა უკვე გაიფორმა არგენტინელი ფორვარდი ლუსიანო ვიეტო, რომლის სანაცვლოდაც "ყვითელ წყალქვეშა ნავს" 20 მილიონი ევრო გადაუხადა. ეს მხოლოდ "ჟურნალია", "კინო" წინ გველის.

"პორტუმ" ოფიციალურ ვებსაიტზე დაადასტურა, რომ ჯექსონ მარტინესი "ატლეტიკოში" გადადის.
მადრიდული კლუბი 28 წლის კოლუმბიელი ფორვარდის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაიხდის და ამით ამ სეზონის სატრანსფერო რეკორდი მოიხსნება ესპანეთში. ჯექსონ მარტინესი "ატლეტიკოსთან" 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. კოლუმბიელი 2012 წლიდან "პორტუშია", მან 136 ოფიციალურ მატჩში 92 გოლი გაიტანა. სამივე სეზონში ჯექსონ მარტინესი პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

"ატლეტიკო" ამაზე არ გაჩერდება, "მარკას" ცნობით, გუნდმა უკვე შეარჩია არდას შემცვლელი, ლისაბონის "ბენფიკაში" მოთამაშე ნახევარმცველი ნიკოლას გაიტანი. არგენტინელს "ბენფიკასთან" კონტრაქტი 2018 წელს უსრულდება. მისი სავარაუდო სატრანსფერო ფასი 35 მილიონი ევროა.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, უკრაინელი იევჰენ კონოპლიანკა მადრიდში იმყოფება და ის მალე "ატლეტიკოში" გაივლის სამედიცინო შემოწმებას. 25 წლის ფეხბურთელს მადრიდში მამა ახლავს თან. სავარაუდოდ, სიმეონეს გუნდი გაიტანსაც და კონოპლიანკასაც არ იყიდის, ერთ-ერთს შეარჩევს.

ივნისის თვეში "ვალენსიამ" ოფიციალურად გამოაცხადა ბრაზილიელი როდრიგო კაიოს ტრანსფერი. "ღამურებმა" სწორედ "ატლეტიკოს" დაასწრეს, მაგრამ შემდეგ 21 წლის კაიომ სამედიცინო ტესტები ჩააგდო და "ვალენსიამ" მის აყვანაზე უარი განაცხადა. კაიოს ევროპაში გადმოსვლა მაინც რეალურია - "ატლეტიკო" მას ალბათ, იჯარით აიყვანს "სან პაულოსგან" და სეზონის ბოლოს მისი 12,5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.

კაიო საყრდენი ნახევარმცველია, რომელსაც დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში, სიმეონეს მისი უნივერსალიზმი მოსწონს. ერთადერთი პრობლემა მუხლის ქრონიკული ტრავმაა, თუმცა იჯარის შემთხვევაში, "ატლეტიკო" ბევრს არ რისკავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული