არდა თურანი და "ბარსელონა" დამეგობრდნენ

AutoSharing Option
უცნაურ სიტუაციაშია "ბარსელონა" - გუნდს 2016 წლის იანვრამდე ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლება არა აქვს, არადა, ივლისში კატალონიურ გრანდში საპრეზიდენტო არჩევნებია. გინდა-არ გინდა, თავი უნდა გამოიჩინოს პრეზიდენტმა, თუკი ხელახლა არჩევა სურს, სხვა კანდიდატები კი გადასულნი არიან ზღაპრულ დაპირებებზე.

ასეა თუ ისე, ფიფას სანქციის მიუხედავად, ჟოზეპ მარია ბარტომეუმ ერთი კარგი ფეხბურთელი უკვე დაიმატა - ალეიშ ვიდალი "სევილიადან". ახლა კი მეორის ბედიც გადაწყდა.

"სპორტი", რომელიც ბარსელონური ტაბლოიდია, ამტკიცებს, რომ "ბარსელონამ" უკვე მიაღწია შეთანხმებას მადრიდის "ატლეტიკოსთან" არდა თურანის ტრანსფერზე. წყაროს ცნობით, სატრანსფერო თანხა 28
წლის თურქი ნახევარმცველის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს შეადგენს.

ეს თანხა შეიძლება, 41 მილიონამდე გაიზარდოს იმის მიხედვით, თუ რამდენ თამაშს ჩაატარებს არდა. შეგახსენებთ, რომ თუ ფიფა გადაწყვეტილებას არ შეცვლის, არდა 1 იანვრამდე ოფიციალურ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს. არდა თურანი "გალათასარაიდან" 2011 წელს გადავიდა "ატლეტიკოში". მან ლა ლიგის 127 მატჩში 13 გოლი გაიტანა. თურქეთის ნაკრებში არდამ 81 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

"ბარსა" ამაზე არ ჩერდება, კლუბმა მოლაპარაკება გამართა ბრაზილიურ "ფლუმინენსესთან" ჟერსონ სანტოსის ტრანსფერის თაობაზე. ამის შესახებ ბრაზილიური "ლანსი" იუწყება. ესპანური გრანდი წინასწარ იხდის 3 მილიონ ევროს, რომ ამ ფეხბურთელის ტრანსფერის ექსკლუზიური უფლება ჰქონდეს. "ბარსას" კონკურენტი ნახევარმცველის შეძენაზე ტურინის "იუვენტუსია".

"მარკას" ცნობით, "ბარსელონაში" დარწმუნებულნი არიან, რომ 2016/17 წლების სეზონს პოლ პოგბა მათ გუნდში დაიწყებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული