არდა თურანის ტრანსფერი "ბარსელონაში" უცნაური პუნქტით

AutoSharing Option
ის, რაზეც მთელი კვირა ვწერდით, ასრულდა - 28 წლის თურქი ნახევარმცველი არდა თურანი "ბარსელონას" წევრია. კატალონიური გრანდი დათანხმდა ტრანსფერს, რომლის ღირებულებაც 34 მილიონი ევროა. თანაც, ბონუსების სახით "ატლეტიკომ", შესაძლოა, დამატებით 7 მილიონი ევროც მიიღოს არდას სანაცვლოდ.

ხელშეკრულებაში არის ერთი, ერთი შეხედვით, საოცარი პუნქტი - "ბარსელონას" 20 ივლისის შუაღამემდე აქვს უფლება, უკან მიჰყიდოს "ატლეტიკოს" თურქი ფიქსირებულ ფასად (რომელიც 10%-ით ნაკლებია).

თუმცა ამას თავისი ახსნა აქვს - 18 ივლისს "ბარსას" საპრეზიდენტო არჩევნებია. შესაძლოა, არჩევნებში ისეთმა კანდი
დატმა გაიმარჯვოს, რომელსაც აღარ ენდომება არდას ტრანსფერი და დღევანდელი ბორდი მომავალს ამის შანსს უტოვებს. არადა, არდა თურანის ტრანსფერი ლუის ენრიკემ მოითხოვა, რომელიც ყველა ვარიანტში რჩება "ბარსელონაში". ის, რომ ტრანსფერი მწვრთნელის მოთხოვნით განხორციელდა, კლუბის ოფიციალურ საიტზეც კი არის დაფიქსირებული.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ფიფამ "ბარსელონას" 2016 წლის იანვრამდე აუკრძალა ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია და ჯერჯერობით, ამის შესახებ სიახლე არ გაგვიგია. გამოდის, რომ არდა თურანი და ალეიშ ვიდალი (რომელიც ცოტა ხნით ადრე "სევილიიდან" გადავიდა "ბარსაში"), ახალ წლამდე ოფიციალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

არდამ "ბარსელონასთან" ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. "გალათასარაის" გაზრდილი ნახევარმცველის უდიდესი უპირატესობა ფიზიკურ სიმძლავრესთან შეთავსებული ნატიფი ტექნიკაა. ლუის ენრიკე არდაში ჩავის ბუნებრივ შემცვლელს ხედავს.

ასე რომ, ბოლო მოეღო ხმებს, თითქოს, არდა პარალელურად მოლაპარაკებას ლონდონის "ჩელსისთან" მართავდა. "ჩვენ არასოდეს გვიწარმოებია მოლაპარაკება "ჩელსისთან", "ბარსელონა" არდასთვის ყოველთვის პრიორიტეტული ვარიანტი იყო", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა აჰმეთ ბულუთმა.

"მადრიდის "ატლეტიკოში" 4 შესანიშნავი წელიწადი გავატარე. ამ დროის განმავლობაში გუნდში ძალიან ბევრი კარგი რამ მოხდა. არასოდეს დავივიწყებ ჩემს თანაგუნდელებს, გუნდის ფანებს. ყველას დიდი მადლობა", - განაცხადა არდა თურანმა, რომელიც "ატლეტიკოში" "გალათასარაიდან" 2011 წელს 12 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) გადავიდა.

ჟოზეპ მარია ბარტომეუ ("ბარსელონას" პრეზიდენტი): "თურანის ყიდვა "ბარსელონასთვის" ბრწყინვალე ამბავია. ლუის ენრიკეს მუდამ მხარს ვუჭერთ, მან მოითხოვა ორი ფეხბურთელის ყიდვა და ჩვენც ორივე შევიძინეთ".

ენრიკე სერესო ("ატლეტიკოს" პრეზიდენტი): "ბარსელონამ" შეიძინა ძალიან კარგი ფეხბურთელი და ბრწყინვალე ადამიანი. მას უამრავი წინადადება ჰქონდა, მაგრამ არდას მხოლოდ "ბარსელონაში" სურდა თამაში".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული