"ბარსელონა" სეზონს ასე დაიწყებს: თბილისი, ბილბაო, ბარსელონა, ბილბაო

AutoSharing Option
ფოტოზე: "ბარსელონას" ფეხბურთელები ახალი სათამაშო ფორმით

13 ივლისს ბოლო სეზონის ევროპის საუკეთესო კლუბმა "ბარსელონამ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

გუნდის პირველი ოფიციალური მატჩი 11 აგვისტოს, თბილისში იქნება, ევროპის სუპერთასისთვის "სევილიას" დაუპირისპირდება. 14 და 17 აგვისტოს კი "ბარსელონა" "ბილბაოს" ესპანეთის სუპერთასს შეეცილება, ხოლო ჩემპიონატს გუნდი 22 ან 23 აგვისტოს დაიწყებს "სან მამეს ბარიაზე" "ბილბაოსთან" საგარეო მატჩით.

მანამდე კი, 5 აგვისტოს, "ბარსელონა" გამპერის თასზე "რომას" დაუპირისპირდება. წლეულს ამ ამხანაგური საერთაშორისო ტურნირის 50-ე გათამაშებაა.

ტიტო ვილანოვას სახელობის ცენტრში ვარჯიში მხოლოდ 16-მა ფეხბურთელმა დაიწყო. "ბარსა"
ნელ-ნელა შეივსება.

ამასობაში, ლუის ენრიკემ პირველი პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ახალწვეულ არდა თურანზე ილაპარაკა:

"ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შენაძენით. მიმაჩნია, რომ არდა "ბარსელონას" საკვანძო ფეხბურთელი გახდება. მისთვის ბურთის წართმევა ძალიან ძნელია. ამის გარდა, ის ძალიან კარგია დაცვითი ფუნქციების შესრულებისასაც".

მწვრთნელი პედრო როდრიგესის "ჩელსიში" სავარაუდო ტრანსფერსაც შეეხო:

"ჩვენ პედროს გაშვება არ გვსურს, მაგრამ თუ წასვლა გადაწყვეტილი აქვს, არ დავაკავებთ. ასე მოვიქეცით ბარტრას შემთხვევაშიც, ბარტრამ დარჩენა გადაწყვეტა. ახლა პედრომ თავად უნდა აირჩიოს. მე იმედი მაქვს, რომ ისიც დარჩება".

მოგეხსენებათ, 18 ივლისს "ბარსელონას" პრეზიდენტის არჩევნებია. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კანდიდატი ჟოან ლაპორტა იმედოვნებს, რომ არჩევნებს მოიგებს და უკვე 19 ივლისს პოლ პოგბას ტრანსფერს განახორციელებს:

"ამ ტრანსფერის გასაღები ხელში რაიოლას უჭირავს - შევეცდები, პოგბა 19 ივლისს ბარსელონელად ვაქციო".

მოქმედმა პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ კი თქვა, რომ არ განიხილავენ ლუის ენრიკეს მენეჯერად, ის მხოლოდ სამწვრთნელო ფუნქციების შესასრულებლად ესაჭიროებათ.

კიდევ ერთმა კანდიდატმა, ტონი ფრეიშამ განაცხადა, რომ ლაპორტას პრეზიდენტის სავარძლის დაბრუნების არავითარი შანსი არა აქვს. მედიის ინფორმაციით, მთავარი კანდიდატები ლაპორტა და ბარტომეუ არიან, ხოლო ფრეიშას და ბენედიტოს შანსებისა არავის სჯერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული