"ბარსელონა": ამერიკაში ძველ-ახალი პრეზიდენტით

AutoSharing Option
18 ივლისს "ბარსელონას" პრეზიდენტის არჩევნების დღე იყო. არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ, რომელიც აქამდეც "ბარსას" პრეზიდენტი იყო.

ჟოან ლაპორტას ხმამაღალი განცხადებები პოგბას ტრანსფერზე, გვარდიოლას სავარაუდო დაბრუნებაზე, ბაქიბუქად დარჩა. სამაგიეროდ, არდა თურანის ტრანსფერს წერტილი დაესვა, კლუბს, 19 ივლისის ჩათვლით, მისი "ატლეტიკოში" დაბრუნების ვადა ჰქონდა...

"ბარსელონას" კლუბის წევრების 54,6%-მა ხმა ჟოზეპ მარია ბარტომეუს მისცა. მეორე ადგილს დასჯერდა ჟოან ლაპორტა ხმების 33%-ით. აუგუსტო ბენედიტომ ხმების 7,16% მიიღო, ხოლო ტონი ფრეიხამ - 3,7%.

ბარტომეუ 2014 წლის იანვარში გახდა კლუბის პრეზიდენტი, მას მერე,
რაც ნეიმარის ტრანსფერის სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა სანდრო როსელი. მისი პრეზიდენტობის დროს "ბლაუგრანამ" მოიგო პრიმერა, სამეფო თასი და ჩემპიონთა ლიგა. ბარტომეუ მომდევნო 6 წელიწადი იქნება ესპანური კლუბის პრეზიდენტი.

52 წლის ფუნქციონერი "ბარსელონას" ისტორიაში მე-40 პრეზიდენტია.

როგორც ჩანს, ამის შემდეგ პოლ პოგბას შეძენის იდეა საბოლოოდ მოკვდა - გამოკითხვამ აჩვენა, რომ "ბარსელონას" წევრების 70% კატეგორიული წინააღმდეგია, ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ "იუვენტუსს" "ბარსამ" 80 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ჟოან ლაპორტა: "დანებებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჩვენ ვიბრძოდით, რომ "ბარსელონას" არ ჰყოლოდა ისეთი პრეზიდენტი, რომელიც გასვრილია და სასამართლო პროცესებზე უწევს თავის მართლება; ჩვენ არ გვსურდა კლუბის აკადემიის კიდევ უფრო დაცემა და გვინდოდა "ბარსას" ყატარელთა ხელიდან გამოგლეჯა.

იძულებულნი ვართ, წაგება ვაღიაროთ, მაგრამ ისიც გამოჩნდა, რომ ჩვენ ბევრი მომხრე გვყავს. ბრძოლას კვლავ ვაგრძელებ".

ჟოზეპ მარია ბარტომეუ: "ჩვენ უნდა გავაგრძელოთ "ბარსას" მდიდარი ტრადიციები. ჩვენ გავაგრძელებთ მოგებებს, თუკი ლუის ენრიკეს შტაბს ყველანაირ სამუშაო პირობას შევუქმნით. თუ ეკონომიკურად მსოფლიოს საუკეთესო კლუბად დავრჩებით, არც სპორტულ არენებზე შევრცხვებით".

***
ამასობაში "ბარსელონა" ამერიკულ ტურნეში 24 ფეხბურთელით გაემგზავრა. მაშინ, როცა მისი თანაგუნდელები თვითმფრინავში სხდებოდნენ, ლიონელ მესი სიმბოლურად საფუძველს უყრიდა ახალ სტადიონს გაბონში. "ბარსელონამ" მესი და ნეიმარი ამ ტურნესგან გაათავისუფლა.

თუმცა მხოლოდ ისინი არა - ლუის ენრიკემ დამატებით გაუგრძელა შვებულება კლაუდიო ბრავოს, ხავიერ მასკერანოს და დანი ალვეშს. როგორც ხვდებით, ყველამ კოპა ამერიკაზე ითამაშა.

ამერიკულ ტურნეში გაემგზავრნენ: ტერ შტეგენი, მასიპი, ჟ. სუარესი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, პედრო, ინიესტა, ლ. სუარესი, რაფინია, ბარტრა, დუგლასი, ალბა, რობერტო, ადრიანო, ვერმალენი, მატიო, არდა, ვიდალი, სანდრო, მუნირი, ჰალილოვიჩი, სამპერი, გუმბაუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული