პაკო ალკასერი 21 წლისაა. "ვალენსიის" საშუალო ასაკი ამაზე ძალიან დიდიც არ არის. პაკო მოუმატებს. "ვალენსიაც". ძალიან კარგი იქნება, თუ ესპანური გრანდები რამდენიმე წლის განმავლობაში "ღამურებს" თავდამსხმელს არ წაჰგვრიან. არადა, ინტერესი უკვე არის და შანსიც დიდია.
დიდია, მაგრამ ეს არამც და არამც არ მოხდება ამ ზაფხულს, რადგან "ვალენსიას" ძალიან სჭირდება პაკო. "ღამურათა"
მით უმეტეს, სულ მალე "ვალენსიამ" ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ითამაშოს. რა თქმა უნდა, ლიგის მოგებას ან ფინალში გასვლას გუნდს არავინ სთხოვს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ვალენსიელებს თავისუფლად შეუძლიათ იბრძოლონ ჯგუფური ბარიერის დაძლევისათვის.
მართალია, ამ ფორმაციის "ვალენსია" ვერ არის ექტორ კუპერის დროინდელი გუნდის ძალისა, მაგრამ აქაც არიან ძალიან საინტერესო მოთამაშეები. რაც მთავარია, ისინი ახალგაზრდები არიან და პროგრესირებენ.
ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ "ვალენსია" თითქმის მთლიანად გადახალისდა სეზონის დაწყების წინ და ამის მიუხედავად, გუნდმა დიდებული შედეგი აჩვენა ესპანეთის ჩემპიონატში - დაიკავა მეოთხე ადგილი და მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება.
რა თქმა უნდა, ქებათა ქება გუნდის პორტუგალიელ მთავარ მწვრთნელს, ნუნუ ესპირიტო სანტოს. ამ დამრიგებელმა თავისი მაღალი კლასი დაამტკიცა, თუმცა აქსიომაა, რომ ვერც ერთი მწვრთნელი ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევს კვალიფიციური ფეხბურთელების გარეშე.
გუნდის ერთ-ერთი ლიდერი პაკოა. რაც მთავარია, მის თამაშში უდიდესი პოტენციალი იგრძნობა. ისეთი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდობისათვის რომ უნდა იყოს საკმარისი უახლოეს მომავალში.
სხვა საქმეა, რომ არც პაკოს და არც მის მეგობრებს არ აკლიათ მთხოვნელები. თუ "ვალენსიამ" შეძლო და შეინარჩუნა ძირითადი შემადგენლობის ბირთვი, ვინძლო, ერთ-ორი სეზონის შემდეგ ის საჩემპიონო ბრძოლაში ჩაერთოს, თუმცა ბირთვის შენარჩუნება რთული იქნება.
მსოფლიო და მეტადრე, ესპანური ფეხბურთის გრანდები უკვე ნადირობენ გამორჩეულ ვალენსიელებზე, არაერთ გუნდს უნდა გაიას, პაკოს, ფეგულისა თუ სხვა ლიდერების გადაბირება. ამ დროს წინა პლანზე იწევს ფინანსები.
ცოტა ხნის წინ ვალებში ჩაფლულ "ღამურებს" მშველელად მოევლინათ პიტერ ლიმი. ბიზნესმენი პირობას დებს, რომ გუნდს მფარველობას არც მომავალში მოაკლებს. ეს კი "ვალენსის" ძალიან სჭირდება.
რა არის პაკო ალკასერის თამაშის ძლიერი მხარე, მისი კოზირი მინდორზე? არიან თავდამსხმელები, რომლებიც რომელიმე კომპონენტში არიან განსაკუთრებით ძლიერები და ფონს, ძირითადად, ამ სიძლიერის ხარჯზე გადიან. პაკოზე ამას ვერ ვიტყვით.
რა თქმა უნდა, მას არაერთი კომპონენტი აქვს გასაძლიერებელი, კიდევ უნდა მოუმატოს, მაგრამ მეტ-ნაკლებად კარგად მას მინდორზე ყველაფრის კეთება შეუძლია.
ტყუილად როდი თქვა მის თაობაზე ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ: "ის მომავლის ფორვარდია. მოვა დრო და პაკო ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებს ჩაწერს".
დელ ბოსკეს იმდენი უნახავს, რომ ზღაპარიც კი დაეჯერება. რა უფლება გვაქვს, რომ პაკოს შემთხვევაში არ დავუჯეროთ?!
ესპანეთის ნაკრები ვახსენეთ და ბარემ, ჩვენი გმირის სტატისტიკაც მოვიხსენიოთ "ფურია როხაში". მეტი რომ არ ვთქვათ, ის, უბრალოდ, შესანიშნავია - 6 მატჩი და 4 გოლი. ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ პაკომ ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა და მეორეხარისხოვანი ფეხბურთელი არსად ყოფილა.
დავუბრუნდეთ ისევ "ვალენსიას". ნუნუს ყველა აქებს გასული სეზონის გამო, მაგრამ მას კრიტიკაც შეხვდა და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სწორედ პაკოს გამო. საქმე ისაა, რომ პორტუგალიელი მწვრთნელი გასული სეზონის განმავლობაში ხშირად მიმართავდა როტაციას და სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ზოგიერთ შეხვედრაში ჩვენ ალკასერს ვერ ვხედავდით "ღამურების" ძირითად შემადგენლობაში.
ამ შემთხვევაში მწვრთნელის მხარე უნდა დავიჭიროთ. ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის ნამდვილად არ ივარგებდა მთელი სეზონის შეუცვლელად ჩამთავრება. ამან შეიძლება ორგანიზმის გადატვირთვა გამოიწვიოს.
ეს კი არ ივარგებს, რადგან პაკომ მხოლოდ ახლა შედგა ფეხი დიდ ფეხბურთში. დრო არსად გარბის. ის სათამაშოს აუცილებლად ითამაშებს, გასატან გოლებს გაიტანს და მოსაგებ ტიტულებს მოიგებს.
გასაკვირი არ არის, რომ პაკო "ვალენსიის" გულშემატკივრებს ძალიან უყვართ. ის ამ კლუბის აღზრდილია და მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში იყო განათხოვრებული "ხეტაფეში".
უნდა აღინიშნოს, რომ ეს იჯარა მას ძალიან წაადგა. ფრანსისკო ალკასარ გარსია "ვალენსიას" სულ სხვა, უფრო ჩამოყალიბებულ ფეხბურთელად დაუბრუნდა.
მაინც რას ნიშნავს პაკოსათვის ფეხბურთი? ჩვენი წერილის გმირი ამბობს:
"მე უმადური უნდა ვიყო, ფეხბურთი რომ არ მიყვარდეს, რადგან მან პატარა ასაკში მომიტანა სახალხო აღიარება და სიყვარული. ასე რომ, ოჯახთან ერთად მას მთავარი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში".
ვერაფერს იტყვი, სასიამოვნოა, როცა 21 წლის ბიჭი ასე ფიქრობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"