ესპანეთის ნაკრები: დელ ბოსკე ევროზე მორჩება

AutoSharing Option
მართალია, ესპანეთის ნაკრებს ევრო 2016-ის საგზური ჯერ არ მოუპოვებია, "ფურია როხამ" ჯერ მხოლოდ პლეი ოფი დაიბევა, მაგრამ გუნდი პირველ ადგილზეა და ვისენტე დელ ბოსკეს მუშაობით ესპანური ფეხბურთის მამები უაღრესად კმაყოფილები არიან.

ვისენტე დელ ბოსკემ სლოვაკეთზე შური უკვე იძია ჯგუფური ეტაპის სტარტზე მარცხისთვის, მისმა გუნდმა ოვიედოში 2:0 მოუგო სლავურს. გოლები ჟორდი ალბამ და ანდრეს ინიესტამ (პენალტით) გაიტანეს. ესპანეთის ნაკრები ქულებით (18-18) სლოვაკეთს გაუთანაბრდა, თუმცა ლიდერობა ხელში ჩაიგდო.

დღეს "ფურია როხას" ძალიან მნიშვნელოვანი გასვლითი შეხვედრა აქვს მოტივაციადაკარგულ მაკედონიასთან და შექმნილი სატურნირო მდგომარეობის
გამო (ორ-ნახევარი საგზურისთვის სამი გუნდი იბრძვის: ესპანეთი, სლოვაკეთი და უკრაინა) მოქმედ ევროპის ჩემპიონს მხოლოდ გამარჯვება აწყობს.

"დიარიო AS"-ის ცნობით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ძალიან კმაყოფილია დელ ბოსკეს მუშაობით და მზად არის, მას კონტრაქტი 2018 წლის მუნდიალის ჩათვლით გაუგრძელოს. ფედერაციის პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი იმედოვნებს, რომ მწვრთნელი ამ წინადადებას დათანხმდება. შეგახსენებთ, რომ დელ ბოსკემ ესპანეთის ნაკრებს 2010 წლის მუნდიალი მოაგებინა, შემდეგ კი ევრო 2012, მაგრამ ბრაზილიაში მის გუნდს სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა, ესპანეთის ნაკრები ჯგუფური ეტაპიდან დაემშვიდობა მუნდიალს.

ესპანური ფეხბურთის მამებმა ხელშეკრულების გაგრძელების სურვილი სლოვაკებთან მატჩამდე გამოთქვეს, დელ ბოსკეს პასუხი კი მხოლოდ ამ შეხვედრის შემდეგ გავიგეთ. "თუკი კონტრაქტის გაგრძელებას შემომთავაზებენ, ალბათ, უარს ვიტყვი ამ წინადადებაზე. ჩემი მიზანია, მიმდინარე კონტრაქტი ბოლომდე გავასრულო, ყველა დაპირება შევასრულო და ნაკრებს 2016 წელს დავემშვიდობო. ვიმეორებ, ამას მტკიცებით ჯერ არ ვამბობ, მაგრამ დიდი შანსია, რომ წინადადება არ მივიღო", - განაცხადა დელ ბოსკემ.

მაშ ასე, ევრო 2016-ის შემდეგ (თუკი "ფურია როხა" იქ ითამაშებს) ესპანეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება მოსაძებნი, რადგან მარკიზი აშკარად არ აპირებს ნაკრების სათავეში დარჩენას.

პიკე და მისი დამცველი
დელ ბოსკე კბილებით იცავს ჟერარდ პიკეს. "ბარსელონას" მცველი ესპანელმა გულშემატკივრებმა აითვალწუნეს, მას ოვიედოში უსტვინეს კიდევაც. ამას დაემატა ერთი ინციდენტი: ესპანურმა მედიამ პიკე ხიხონის ღამის დისკოთეკაში შენიშნა, თუმცა დელ ბოსკემ ამ შემთხვევაშიც დაიცვა შეგირდი: "მას ჰქონდა ჩემი ნებართვა საამისოდ", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ გულშემატკივრები პიკეს უსტვენენ. როგორ შეიძლება ეროვნული გუნდის წევრის შეურაცხყოფა? თუ რომელიმე მათგანს აინტერესებს ფეხბურთი საერთოდ, ვეტყვი, რომ პიკემ სლოვაკეთთან, უბრალოდ, ფანტასტიკურად ითამაშა", - ამბობს დელ ბოსკე.

მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ შესაძლოა, პიკეს გამო ესპანეთის ნაკრების ხელმძღვანელობამ მადრიდიდან გადაიტანოს მატჩი ესპანეთისა და ინგლისის გუნდებს შორის.

ეს მატჩი 14 ნოემბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" უნდა გაიმართოს, მაგრამ ფედერაციაში შიშობენ, რომ ძირითადად "რეალის" გულშემატკივრებით დაკომპლექტებული ტრიბუნები პიკეს ობსტრუქციას მოუწყობენ და ამ შეხვედრის სხვაგან გადატანაზე სერიოზულად ფიქრობენ. თავის მხრივ, პიკეც სერიოზულად ფიქრობს ეროვნული ნაკრებიდან წასვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას მწვრთნელი ბოლომდე ენდობა.

რა დროს ვილიაა
სლოვაკებთან მატჩის შემდეგ დელ ბოსკეს ნაკრებში შესაძლო ცვლილებებზე დაეკითხნენ. ჟურნალისტებს აინტერესებდათ, თუ რა შანსი აქვს "ნიუ იორკ სიტის" ფორვარდ დავიდ ვილიას ეროვნულ გუნდში დაბრუნების. მწვრთელმა შემდეგი უპასუხა:

"ვილიას ძალიან გაუჭირდება ეროვნულ გუნდში დაბრუნება. თუმცა ის ისედაც შევიდა ნაკრების ისტორიაში და არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ითამაშებს თუ არა გუნდში 100 მატჩს", - განაცხადა დელ ბოსკემ ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული