ლა ლიგა. V ტურის წინ: ლუის ენრიკე ისევ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ

AutoSharing Option
ფოტოზე: "ბარსელონა" უკვე 2-2 ქულით უსწრებს სამ მდევარს

2016 წელს ევროპის ჩემპიონატი იმართება, ამიტომაც ევროპის ტოპლიგები ადრეულად უნდა დასრულდეს. შესაბამისად, ხშირად შუა კვირაში ტურები გახშირდება - IV ტური კვირას დასრულდა და V ტური უკვე სამშაბათს იწყება.

მესიშოუ
საწყისი ოთხი ტური ესპანეთის ჩემპიონმა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა "ბარსელონამ" უდანაკარგოდ განვლო: ოთხი გამარჯვება და 12 ქულა.

"ბარსა" უკვე 2-2 ქულით უსწრებს სამ მდევარს (მათ შორის ერთი "რეალია"). თუმცა, ქულებზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. აი, თამაშით კი კატალონიური გრანდი წინა ტურამდე მაინცდაიმაინც ვერ ბრწყინავდა. "ლევანტესთან"
"ბარსამ" ზუსტად იმდენი გაიტანა, რამდენიც წინა სამ ტურში - 4.

ესპანურმა გამოცემებმა ვალენსიურ კლუბთან თამაშს "მესიშოუ" უწოდეს და მართლაც, არგენტინელი ფანტასტიკური იყო, თუ არ ჩავთვლით აცილებულ პენალტს, რის გამოც ის მორიგ ჰეთ თრიკს ვერ შესწვდა. მესის დიაგონალური პასები და მისი დიდებული თამაში ნახევარმცველის პოზიციაზე (ხშირად ასე იყო) ცალკე საუბრის თემაა. პენალტები "ლა პულგას" სუსტი წერტილია, მან კარიერაში მე-17 პენალტი გააცუდა, ეს კი 21%-იანი მაჩვენებელია - ძალიან მაღალი მისი კალიბრის ფეხბურთელისთვის.

ოთხშაბათს "ბარსელონას" მძიმე გასვლა ელის ვიგოს "სელტასთან", ლუის ენრიკეს ყოფილ გუნდთან. "ბარსას" თავკაცი ხომ კატალონიაში დაბრუნებამდე გალისიურ გუნდს წვრთნიდა და იქაური ფეხბურთელების უმრავლესობას კარგად იცნობს.

ლუის ენრიკე იძულებულია როტაციას მიმართოს: "22 დღეში 7 თამაში გვიწევს. სხვა გზა არაა, უნდა გადავანაწილოთ სათამაშო წუთები და დავასვენოთ შეძლებისდაგვარად, ფეხბურთელები. დღეს ორი ნახევარმცველით და 4 ფორვარდითაც მოგვიწია თამაში, ეს იმიტომ, რომ კარგად ვიცოდით, მეტოქე ხუთი მცველით ითამაშებდა და საჭირო იყო სქემაში ცვლილების შეტანა.

რა შემიძლია ვთქვა "სელტაზე"? ეს არის გუნდი, რომელიც არა მარტო ესპანეთში, არამედ, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობს".

"სელტა" მართლაც საინტერესო ფეხბურთს თამაშობს მიუხედავად იმისა, რომ მისი შემადგენლობა საგრძნობლად შეიცვალა, ის შემტევ ფეხბურთს არ ღალატობს. წინა ტურში ედუარდო ბერისოს გუნდმა "სანჩეს პისხუანზე" დაამარცხა "სევილია" - 2:1.

10 წუთი რეკორდამდე
მართალია, "ბარსასავით უნაკლო სტარტი "რეალს" არ გამოუვიდა, მაგრამ ხიხონში წაფორხილების შემდეგ, რაფა ბენიტესის გუნდმა ყველა შეხვედრა მოიგო, თუმცა "გრანადასთან" მართლაც ძალიან გაუჭირდა. ახლა კი "სამეფო კლუბს" ტურის ცენტრალური მატჩი ელის "სან მამეს ბარიაზე", სადაც დაჭრილი "ატლეტიკი" ელის.

დიახ, "ბილბაომ" სუპერთასი ბრწყინვალე სტილში მოიგო, მაგრამ დაიწყო ჩემპიონატი და პრობლემებმაც თავი წამოყვეს. ისევე, როგორც "ვალენსიასგან" და "სევილიასგან", ერნესტო ვალვერდეს გუნდისგანაც ბევრს ელოდნენ, ბასკებს კი 4 ტურში სამი ქულა აქვთ.

კრიშტიანო რონალდო "რეალის" მთავარი დამრტყმელი ძალაა, მაგრამ შესანიშნავ ფორმაშია ქარიმ ბენზემაც, რომელსაც კარიერაში საუკეთესო სტარტი გამოუვიდა - მან გაიტანა ყოველ ოფიციალურ მატჩში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო.

რაფა ბენიტესს საკადრო პრობლემები აქვს: ხამეს როდრიგესი, სერხიო რამოსი, დანილო და გარეთ ბეილი ტრავმირებულები არიან. აღვნიშნავთ, რომ კასილიასის "მშრალი" სერიის დამხობამდე კეილორ ნავასს ბასკეთში 10 წუთის გაძლება ეყოფა.

ვნახავთ "ელ ნინიოს" მეასე გოლს?
2001 წლის 3 ივნისს ბიჭმა, რომელსაც ფერნანდო ტორესს ეძახდნენ "ატლეტიკოს" მაისურით პირველი გოლი გაიტანა. შემდეგ ის "როხიბლანკოს" ცოცხალი ლეგენდა გახდა და ინგლისში წავიდა. "ელ ნინიო" ახლა ისევ "ატლეტიკოშია" და კარიერის რეაბილიტაციის შანსი მიეცა.

და, როგორც ჩანს, ფერნანდო ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. წინა ტურში მან თითქმის, ისეთივე გოლი გაიტანა, როგორც ევრო 2008-ის ფინალში. ახლა ტორესის ანგარიშზე 99 გოლია "ატლეტიკოს" მაისურით. მეასის გატანა მას "ხეტაფესთან" შეუძლია.

დერბიში საეჭვოა კოკეს თამაში, რომელიც წინა ტურში დაიმტვრა.

სხვა თამაშებიდან აღვნიშნავთ "ვალენსიას" სტუმრობას ბარსელონაში "ესპანიოლის" წინააღმდეგ და "სევილიას" გასვლით თამაშს კანარის კუნძულებზე "ლას პალმასთან". ნუნუს და უნაი ემერის ახლა რთული პერიოდი აქვთ, მათ და მათ გუნდებს გამარჯვებები ლამის აუცილებლად ესაჭიროებათ.

ლა ლიგა. V ტური
სამშაბათი. 22 სექტემბერი
ატლეტიკო-ხეტაფე 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოკე - ბუენდია, სარაბია, იოდა
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +12=6-4, (38-16)

ესპანიოლი-ვალენსია 22:00
დისკვალიფიკაცია: გონსალესი, არბილია- პარეხო
ტრავმა: - რაიანი, გომეში, ალვეში
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +12=6-16, (50-58)

გრანადა-სოსიედადი 00:00
დისკვალიფიკაცია: - რული
ტრავმა: პერესი, პიტი - მარტინესი, ზალდუა, ნავასი, მარტინესი
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +2=4-2, (12-9)

ოთხშაბათი. 23 სექტემბერი
სელტა-ბარსელონა 22:00
დისკვალიფიკაცია: - პიკე
ტრავმა: კაბრალი, ერნანდესი, რუბენი
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +4=8-10, (23-37)

ლევანტე-ეიბარი 22:00
დისკვალიფიკაცია: სიმაო -
ტრავმა: დ. ნავარო - ხაიმე, ლუნა, ლილიო
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=1-0, (5-4)

ვალეკანო-სპორტინგი 22:00
დისკვალიფიკაცია: ებერტი, ტონიო
ტრავმა: ზე კაშტრო, ტიტო, ალვარესი, კობენიო - ლორა, კუელიარი
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=0-2, (2-5)

ბილბაო-რეალი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - როდრიგესი, დანილო, რამოსი, ბეილი
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +8=3-23, (35-85)

ლას პალმასი-სევილია 00:00
დისკვალიფიკაცია: ვარასი -
ტრავმა: კასტელიანო, ლოპესი - კაკუტა, ესკუდერო, ვიტოლო, პარეხა, კარიშო, ტრემულინა, რამი, ბეტო
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=1-0, (2-1)

მალაგა-ვილიარეალი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კამაჩო, ფლავიო, სანტა კრუსი, ველიგტონი, ამრაბატი - ბაკამბუ, სოლდადო, მუსაჩიო, ასენხო
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +8=8-8, (28-29)

ხუთშაბათი. 24 სექტემბერი
ბეტისი-დეპორტივო 00:05
დისკვალიფიკაცია: სებალიოსი -
ტრავმა: ნდიაიე, პორტილიო - პაბლო, კანი, ფაბრისიო
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +4=9-9, (19-31)

ბომბარდირები:
5 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 4 - ნოლიტო (სელტა); 3 - არიც ადურისი (ბილბაო), სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), ქარიმ ბენზემა (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული