ლა ლიგა. XVI ტურის ფაქტები: ჰეთ თრიკი საგოლე პასებში

AutoSharing Option
* "ხეტაფესთან" შეხვედრაში სანტი მინამ შეცვლაზე შესვლის მერე ბურთთან პირველი შეხებისთანავე გაიტანა.

* პაკო ალკასერმა მესამე შეხვედრაში მოახერხა გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც. ეს ესპანელ ფეხბურთელებს შორის ამ სეზონში საუკეთესო შედეგია.

* "სევილიას" "ბეტისთან" დერბი სტუმრის რანგში 2006 წლის მერე არ წაუგია - 4 მოგება, 5 ფრე.

* "ბეტისს" უკვე 6 საშინაო მატჩია, არ მოუგია - 2 ფრე, 4 წაგება.

* გარეთ ბეილი ასისტენტთა დავაში გალიდერდა. უელსელის აქტივში უკვე 6 საგოლე პასია.

* "რაიოსთან" შეხვედრაში "რეალმა" 2013 წლის დეკემბრის მერე
ჩემპიონატის შეხვედრაში პირველად გაუშვა ორი გოლი თავური დარტყმებით. მაშინ მადრიდელთა კარში ორი თავური "ვალენსიამ" გაიტანა.

* "რეალს" და "ბილბაოს" ლა ლიგაში ყველაზე მეტი (7) გოლი აქვთ თავით გატანილი.

* ესპანეთის ჩემპიონატში კრიშტიანო რონალდოს უკვე 49 გოლი აქვს პენალტით გატანილი. 2009/10 წლების სეზონიდან დღემდე ეს 18-ით მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოთამაშის შედეგი.

* დანილო "რეალის" ერთადერთი მცველია, რომელსაც ამ სეზონში გატანილიც აქვს და საგოლე პასის გაკეთებაც მოახერხა.

* 2013/14 წლების სეზონიდან დღემდე, გოლს პლუს პასის სისტემით საუკეთესო ოთხეული ასე გამოიყურება - კრიშტიანო რონალდო (118), ლიონელ მესი (109), ნეიმარი (65), გარეთ ბეილი (61).

* 13 მატჩში, რომელიც ამ სეზონში ქარიმ ბენზემამ ძირითადში დაიწყო, ფრანგმა 13 ბურთი შეაგდო.

* 2012 წელს "გრანადასთან" შეხვედრაში მესუთ იოზილმა სამი საგოლე პასი მიითვალა. მას მერე ხამეს როდრიგესი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც იგივე შეძლო.

* "რაიოსთან" მატჩში ბეილმა კარიერაში პირველად შეძლო პოკერის შესრულება.

* პრიმერა დივიზიონის ისტორიაში "სამეფო გუნდმა" მატჩში 10 ან მეტი გოლი მესამედ გაიტანა და პირველად 1960 წლის მერე, როდესაც "ელჩეს" 11:2 მოუგო.

* 1998/99 წლების სეზონიდან დღემდე, "ბილბაოს" საუკეთესო ასისტენტების სიაში მარკელ სუსაეტა მალე ერთპიროვნულად გალიდერდება - სუსაეტა (51), ფრან იესტე (51), ეჩებერია (40), ირაოლა (37), ადურისი (29).

* ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ყველა ტურნირზე გოლს პლუს პასის სისტემით საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება - სუარესი (31), რონალდო (30), ადურისი (26), ნეიმარი (26), მესი (17).

* "ვილიარეალის" ბოლო 7 გოლიდან 5-ში დენის სუარესმა მიიღო მონაწილეობა - 2 გოლი, 3 პასი.

* მარსელინომ მერვედ მოუგო "სოსიედადს". ამდენჯერ ამ სპეციალისტს არც ერთი სხვა გუნდი არ დაუმარცხებია.

* გაბი გახდა პირველი ფეხბურთელი "ატლეტიკოს" ბანაკში, რომელიც ამ სეზონში გააძევეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული