მე უნდა ვიყო ზიდანი - პირველი დღე, პირველი ტრიუმფი

AutoSharing Option
* 5 იანვარს "რეალმა" ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით პირველად ივარჯიშა.

* "რეალის" ბაზაზე ღია ვარჯიშს 6 ათასი ფანი დაესწრო.

* პირველ ვარჯიშზე არ იყო მხოლოდ ერთი ფეხბურთელი - გარეთ ბეილი.

დღეს ზინედინ ზიდანის პირველი სამუშაო დღე იყო "რეალის" თავკაცის პოსტზე და მან ზიზუს ტრიუმფით ჩაიარა. "რეალში" წარმატებისთვის მნიშვნელოვანი (თუ გადამწყვეტი არა) ფაქტორი მადრიდული ინჩადის კეთილგანწყობაა.

ვვარაუდობდით, რომ ასეც იქნებოდა და ეს "სამეფო კლუბის" ღია ვარჯიშზე დადასტურდა - 6 ათასმა ფანმა ოვაცია მოუწყო. თითქოსდა, დროებით დანიშნულმა ფრანგმა ერთ დღეში მიაღწია იმას, რაც
ფაქტობრივად, რეალელმა რაფა ბენიტესმა 7 თვეში ვერაფრით შეძლო.

ზინედინ ზიდანის სახელი (რომელიც მან დიდებული თამაშით მოიხვეჭა "რეალში" და არა მარტო იქ) დამოკლეს მახვილივით იყო "სამეფო კლუბის" უკანასკნელი სამი მწვრთნელის თავზე გამოკიდებული. თუმცა ფლორენტინო პერესს ჟოზე მოურინიო, შემდეგ კი კარლო ანჩელოტი, მისით არ ჩაუნაცვლებია. ეს კი იმაზე მეტყველებდა, რომ იმ მომენტისთვის, ზიზუს "რეალის" პრეზიდენტი არ განიხილავდა გუნდის მრავალწლიან მესაჭედ.

პრინციპში, რაფა ბენიტესის მოხსნისა და ზინედინის დანიშვნის შემდეგაც არ რჩება ასეთი შეგრძნება - ერთი, რომ ბენიტესის მოხსნა უფრო იძულებითი ნაბიჯი იყო, როგორც წესი, პერესი შუა სეზონში მწვრთნელს არ უშვებს; მეორეც, ფრანგს მხოლოდ სეზონის ბოლომდე გაუფორმეს კონტრაქტი.

43 წლის სპეციალისტის სასარგებლოდ არც "რეალ მადრიდ კასტილიას" შედეგები მეტყველებს, რომელსაც ზიზუ ბოლო სეზონ-ნახევარი წვრთნიდა.

შესაძლოა, ზიდანი ისეთი დონის სპეციალისტი ვერაა, როგორც რაფა ბენიტესი, მაგრამ მას ძალზე გაუადვილდა ის, რაც ბენიტესმა ვერაფრით შეძლო - შტურმით მოინადირა ფანების გულები.

გუშინ "რეალის" ბაზაზე პირველი, საჩვენებელი ვარჯიში ჩატარდა, რომელსაც 6 ათასი ფანი დაესწრო. ისინი ზიზუს ფეხზე წამომდგარნი, ოვაციებით შეეგებნენ. აღსანიშნავია, რომ ფრანგის მეთაურობით პირველ ვარჯიშზე ვერავინ მოჰკრა თვალი მსოფლიოს უძვირფასეს ფეხბურთელ გარეთ ბეილს. უელსელი არ იყო, მაგრამ იყო კრიშტიანო რონალდო და თანაც, მთავარ როლში.

თავად ზიდანმა განაცხადა, რომ ბეილი კუნთზე მცირე პრობლემის გამო ვერ მოხვდა ამ შოუ-ვარჯიშზე. ის "ვალენსიასთან" 2:2 შეხვედრაში (რომელმაც აავსო "რეალის" ხელმძღვანელობის მოთმინების ფიალა და ბენიტესს კარისკენ მიუთითეს) დაშავდა. ბეილი პირველი გუნდიდან ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც არ ჩანდა. მწვრთნელის თქმით, ის დარბაზში ინდივიდუალურად ემზადება.

შაბათს ზიდანის ოფიციალური დებიუტი მეშვიდეადგილოსან "დეპორტივოსთან" მატჩში შედგება.

პრესკონფერენცია

ბეილზე
ვარჯიშის შემდეგ ზინედინი მედიას წარუდგა. პრესკონფერენციაზე მადრიდისთვისაც კი რეკორდულად ბევრი ჟურნალისტი მივიდა.

"დარწმუნებით ვიცი, რომ გარეთ ბეილი ძალიან წუხს რაფას მოხსნის გამო, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანი მწვრთნელი იყო მის კარიერაში. მე ეს კარგად მესმის, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემს გეგმებშიც გარეთს დიდი როლი ექნება დაკავებული. ბოლო დროს ბეილი ფენომენურად თამაშობს და ის "რეალის" წარმატების წინაპირობად, ერთ-ერთ მთავარ ფუნდამენტად მიმაჩნია. მას ასევე ექნება ჩემი მხარდაჭერა, ამიტომაც გააგრძელებს კარგ თამაშს "რეალის" ფანების გასახარად".

BBC
ზინედინს შეეკითხნენ, გააგრძელებს თუ არა "რეალი" შემტევი ტრიოთი - გარეთ ბეილი, ქარიმ ბენზემა, კრიშტიანო რონალდო (BBC) - თამაშს: "რა თქმა უნდა, "რეალის" შეტევის იდეა ნათელია - ჩვენ ისევ სამი ფეხბურთელით შევუტევთ. "გალაქტიკოს" შემტევი სამეული ეჭვგარეშეა, ძირითადად, იგივე იქნება".

სამწვრთნელო გამოცდილება
"მე მიმუშავია ჟოზე მოურინიოსთან და კარლო ანჩელოტისთან. ორივემ ძალიან ბევრი რამ მასწავლა და მათგან ბევრი შევითვისე. მაგრამ მე მინდა, თავად მივაღწიო წარმატებას, მე უნდა ვიყო ზიდანი".

ავტორიტეტზე
ახალ მწვრთნელს ჰკითხეს, რას ფიქრობს, იმაზე, რომ ფეხბურთელთა შორის მეტი ავტორიტეტით სარგებლობს, ვიდრე რაფა ბენიტესი: "მწვრთნელის როლი თამაშების და ტიტულების მოგებაა და არა საკუთარი მეს მტკიცება. უნდა მოვიგო თამაშები, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ჩვენ ამ სეზონში ორი ტროფეის მოგება კიდევ შეგვიძლია და შევეცდებით, ორივე მოვიგოთ".

კომუნიკაცია ფეხბურთელებთან
სხვათა შორის, რამდენიმე ესპანელმა ჟურნალისტმა ეჭვქვეშ დააყენა მისი დიპლომატიური შესაძლებლობები, რაზეც ზიდანმა უპასუხა: "ვიცი, რომ დიდი მჭევრმეტყველი არ ვარ, მაგრამ ყოველდღიური შრომითა და მონდომებით საჭირო კომუნიკაციას მივაღწევ ყველასთან კლუბში. ჩემი მთავარი მესიჯი ფეხბურთელებისადმი ესაა - მოდი, დავიწყოთ მოგებები".

გვარდიოლა
სხვათა შორის, ზიდანმა ჯერ არ იცის, როგორი იქნება კონტრაქტის დეტალები, მას 2018 წლამდე აკავშირებს ხელშეკრულება "რეალთან", მაგრამ ეს არ არის ხელშეკრულება პირველი გუნდის თავკაცის. ზიდანს გვარდიოლასთან კარიერული სიტუაციის მსგავსებაზეც შეეკითხნენ: "გვარდიოლა დიდი მწვრთნელია, მაგრამ მე არასოდეს შემიდარებია ჩემი თავი რომელიმე სხვა ფეხბურთელისათვის. ეს არ მიქნია ფეხბურთელობისას და არ ვიზამ არც ახლა".

რაფაზე
ზიდანი დადებითი აზრისაა რაფას გაწეულ შრომაზე: "ფეხბურთელები ძალიან კარგად მუშაობდნენ. რაფა ბენიტესი ძალიან კარგი იყო და მას ყველგან წარმატებას ვუსურვებ მომავალში".

თავის მხრივ, ბენიტესმაც წარმატება უსურვა ზიდანს "რეალში" მუშაობისას. "წარმატებას ვუსურვებ ზინედინ ზიდანს, "რეალის" ყველა ფეხბურთელსა და სტაფის წევრს. ჩემთვის დიდი პატივი იყო "რეალის" მწვრთნელობა", - განაცხადა რაფამ.

რეალის სათამაშო სტილი
"ფეხბურთის თამაშის სტილი ყოველთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო "რეალში". ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა მაღალი ხარისხის ფეხბურთი აჩვენოს. ბურთი დაცვიდან უნდა წამოვიღოთ, ვაკონტროლოთ და მეტოქის ნახევარზე დავსახლდეთ", - დაასრულა ზიდანმა.

გაგდებით გამდიდრებულნი
არცთუ დიდი ხნის წინ ჟოზე მოურინიო... ახლა რაფა ბენიტესი... ორივე მწვრთნელი ჩამოაშორეს გრანდის გაწვრთნას და ეს ბუნებრივია, მათი კარიერისთვის კარგი სულაც არ არის. თუმცა ყოველ ბნელ მხარეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შედარებით ნათელიც - რაფას კონტრაქტი გაუწყვიტეს და ახლა "რეალი" ვალდებულია, მას სოლიდური კომპენსაცია უხადოს.

ბენიტესი "ლივერპულიდან" 2010 წელს დაითხოვეს და მაშინ მან სოლიდური კომპენსაცია მიიღო - 4 მილიონი გირვანქა. შემდეგ მას მილანის "ინტერში" მიუთითეს კარზე და 3 მილიონი გირვანქაც გადაუხადეს (თუმცა თავად 7-ს ითხოვდა). ახლა "რეალი" მას სწორედ 7 მილიონ გირვანქას გადაუხდის. მოკლედ, რაფას უმუშევრად შიმშილი ნამდვილად არ ემუქრება.

უფრო მეტად იხეირა ჟოზე მოურინიომ. ამიტომაც იყო, რომ რომან აბრამოვიჩს დანა პირს არ უხსნიდა, როცა "განსაკუთრებულს" ხსნიდა - არც 2007-ში და არც შარშანდელი წლის მიწურულს. 2007-ში ჟოზეს 10 მილიონი გირვანქა გადაუხადეს კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ, 2014 წლის ზაფხულში კი მან "ჩელსიში" მხოლოდ დანიშვნის სანაცვლოდ ზუსტად ამხელა თანხა მიიღო, დეკემბერშიც ოთხწლიანი კონტრაქტის გაწყვეტისთვის ჟოზეს 10 მილიონი გადაუხადეს. ესეც თქვენი 30 მილიონი გირვანქა!

მაგრამ რეკორდსმენი არა მოურინიო, არამედ მისი თანამემამულე ანდრე ვილაშ-ბოაშია. 2012 წელს ის "ჩელსიდან" გააგდეს და სანაცვლოდ 12 მილიონი გირვანქა გადაუხადეს. მოკლედ, აბრამოვიჩი საკუთარ შეცდომებზეც კი ვერ სწავლობს. აქვე გეტყვით, რომ ფლორენტინო პერესს კარლო ანჩელოტისთან დამშვიდობება რაფა ბენიტესზე იაფი დაუჯდა - "მხოლოდ" 2,5 მილიონი გირვანქა.

სპორტულ მედიაში
"რეალში" ზინედინ ზიდანის დანიშვნამ ევროპის სპორტული (და არამარტო) პრესის ჰედლაინები დაიპყრო. ფრანგული "ეკიპი" წერს: "royal - საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე დიდმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გუნდის მწვრთნელის სავარძელი დაიკავა".

ყველაზე პოპულარული ესპანური გაზეთი "მარკა" წერს - "la soluzzion" და მოჰყავს ფლორენტინო პერესის ციტატა - "ზიდანი პრობლემისგან ხსნაა".

გამოჩნდნენ ამ გადაწყვეტილების კრიტიკოსებიც - მაგალითად, "ელ მუნდო დეპორტივო" ზიდანის დანიშვნას უშინაარსო, უაზრო გადაწყვეტილებად მიიჩნევს. ბარსელონური "სპორტი" წერს - "ზიდანი ხელისუფლებაში მოდის". "გაძეტას" ჰედლაინი კი ასეთია - Real Zizou.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
1-3 ალბათ პელე, მარადონა და მესია! (მეც ასე ვფიქრობ) მაგრამ რომელია პირველი?
მერაბი.გ
16:41 07-01-2016
0
კრუიფი, რადგანაც ის ნამდვილ ფეხბურთელს წარმოადგენდა ზიდანი უფრო მოუხეშავი პიროვნება იყო.
მევლუდი
10:11 07-01-2016
0

სიახლეები პოპულარული