ბოლოს და ბოლოს ვინ არის ახალი დი სტეფანო
უკვე ვწერდით, რომ მას შემდეგ, რაც ლეო მესის ჰეთთრიკის წყალობით, "ბარსელონამ" "ატლეტიკო" დაამარცხა, არგენტინელის თამაშით აღფრთოვანებულმა მოწინააღმდეგე გუნდის თავკაცმა კიკე ფლორესმა
მაგრამ დავუბრუნდეთ დი სტეფანოს თემას, ლეგენდარული ფეხბურთელი კიდევ ერთხელ "რეალის" მატჩის შემდეგ ახსენეს, "სამეფო კლუბის" გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ თქვა, რომ "ახალი დი სტეფანო" მესი კი არა კრიშტიანო რონალდოა: "დი სტეფანოს მესის კი არა კრიშტიანო რონალდოს შევადარებდი. ჯერ ერთი, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, რონალდო ატარებს იმავე კლუბის მაისურს. მეორეც, რონალდო ფასდაუდებელი ფეხბურთელია და ის კლუბის ისტორიაში ბევრ რეკორდს დაამხობს. ჩვენ დედამიწის ზურგზე არც ერთ ფეხბურთელში მას არ გავცვლით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ მესის ტალანტს, მიგვაჩნია, რომ ეს ორი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და ბედნიერია ის კლუბები, სადაც ეს ორი ფეხბურთელი თამაშობს", - განაცხადა ვალდანომ, ახალგაზრდობაში თავადაც კარგმა ფეხბურთელმა.
იმედია, ახლა კიკე ფლორესი და ხორხე ვალდანო ამ თემაზე პოლემიკას არ გააგრძელებენ და მესის და რონალდოს აცლიან კარიერაში იმდენივე ტიტულის მოპოვებას, რაც დი სტეფანოს ჰქონდა, თუმცა ცოტა კი გვეეჭვება - მარტო ის რად ღირს, რომ დი სტეფანოს პრიმერა 8-ჯერ აქვს მოგებული, ჩემპიონთა თასი (მაშინ ევროპის თასი ერქვა) - 5-ჯერ.
XXI საუკუნის ტოტალური ფეხბურთი
ახლა კიდევ ერთ ლეგენდას ვახსენებთ - იოჰან კრუიფს, "მფრინავი ჰოლანდიელი" "ბარსელონას" ამჟამინდელ ბოსებთან კარგი ურთიერთობით არ გამოირჩევა, მაგრამ ის თითქმის არასდროს აკრიტიკებს გუნდს, ხოსეპ გვარდიოლასა და ფეხბურთელებს. პირიქით, "ბარსას" ლეგენდა მათი თამაშით აღფრთოვანებულია - ბოლო სვეტში (კრუიფი რეგულარულად წერს "ელ პერიოდიკო დე კატალუნიაში") კი მან ცაში აიყვანა დღევანდელი გუნდი და ძალიან იშვიათი ეპითეტები გაიმეტა. მას შემდეგ, რაც "ბარსელონამ" "რეალის" 1960/61 წლების რეკორდი (ზედიზედ 15 მოგება ჩემპიონატში) დაამხო, კრუიფმა სვეტში დაწერა: "30-ზე მეტი წლის წინ, ჰოლანდიის ნაკრებმა მუნდიალის ფინალში წააგო, მაგრამ ყველა ახლაც დიდი აღფრთოვანებით იხსენებს იმ გუნდს და აფასებს მას. "ტოტალური ფეხბურთი" სწორედ იმ გუნდიდან მოდის. ეს იყო გუნდი, რომლის მცველები უტევდნენ კიდეც და რომლის ფორვარდები დაცვაშიც თამაშობდნენ. ეს იყო არნახული რამ მაშინ. ახლა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს "ბარსა" 21-ე საუკუნის ტოტალურ ფეხბურთს თამაშობს. ამისკენ დიდი ნაბიჯი ჯერ ფრანკ რაიკაარდმა გადადგა, ხოლო ხოსეპ გვარდიოლამ ყველაფერი დააგვირგვინა. ეს არის გუნდი, რომელიც თითოეულ თამაშში ისტორიას ქმნის, რომელიც ფეხბურთში რევოლუციას ახდენს." დაგვეთანხმებით, ამაზე მეტი შეფასება უბრალოდ აღარ არსებობს.
ბედის ნებიერი ადებაიორი
ტოგოელი ემანუელ ადებაიორი მეცხრე ცაზეა, "სამეფო კლუბში" თებერვლიდან თამაშობს, თუმცა თავის გამოჩენა უკვე შეძლო - ჯერ "სამეფო თასის" ნახევარფინალში "სევილიას" კარში ისტორიული გოლი გაიტანა (მე-5000-ე "სანტიაგო ბერნაბეუს" ისტორიაში), ახლა კი, "რეალ სოსიედადთან" შეხვედრაში ანგარიშს საბოლოო წერტილი დაუსვა და ლა ლიგაში პირველი გოლი მიითვალა. "მონაკოსა" და "არსენალის" ყოფილი ფორვარდი, რომელიც "მანჩესტერ სიტის" საკუთრებაა და "რეალში" იჯარით თამაშობს, მადრიდში უზომოდ ბედნიერია: "ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველი ფეხბურთელის სურვილი თამაში და წარმატების მიღწევაა, რისი საშუალებაც ინგლისში არ მეძლეოდა, აქ მომეცა. მოედანზე თავს ახალბედასთვის უჩვეულოდ თავდაჯერებულად ვგრძნობ. იცით რატომ? იმიტომ, რომ ახალმა თანაგუნდელებმა ძალიან კარგად მიმიღეს და გუნდში დამკვიდრება გამიიოლეს. ვფიქრობ, ჩემი თამაშის სტილი ესპანურ ფეხბურთს ძალიან კარგად შეეწყობა, ამაში უკვე დარწმუნებული ვარ. ჟოზე მოურინიოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ძალიან მაიმედებს ის, რომ მას ჩემი იმედი აქვს. კაცმა თამაშის შანსი მომცა, უნდა გავუმართლო კიდეც. რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ საამისოდ, მე ხომ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კლუბში ვთამაშობ", - განუცხადა ადებაიორმა "რეალის" ოფიციალურ საიტს.
მოუმ მეორე ახსენა
"რეალ სოსიედადის" 4:1 დამარცხების შემდეგ ჟოზე მოურინიომ მეორე ადგილი ახსენა. ნიშნავს ეს იმას, რომ "განსაკუთრებული" ნებდება? თავად განსაჯეთ: "არაფერი საოცარი იმაში არ იქნება, თუკი "ბარსელონას" შემდეგ მეორე ადგილზე გავალთ, მაგრამ ჩვენ მას საჩუქრები აღარ უნდა გავუკეთოთ. ახლა ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, აღარ დავასაჩუქროთ კონკურენტი. მხოლოდ ერთხელ გავედი მე-2 ადგილზე, ეს "ჩელსიში" ჩემი მოღვაწეობის მესამე წელს მოხდა", - განაცხადა პორტუგალიელმა.
"რეალ სოსიედადთან" თამაშით მოურინიო, ბუნებრივია, კმაყოფილი იყო: "ახლა ჩვენ ორი სუფთა ფორვარდი გვყავს, ორივე სხვადასხვა ყაიდის. ბენზემამ თასზე ითამაშა, მას ახლა საფრანგეთის ნაკრებში ელის მატჩი, ამიტომ შანსი ადებაიორს მივეცი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ტყუილად არ თამაშობს "რეალში". მინდა კაკა შევაქო, მან ერთი საათის განმავლობაში დიდი შრომა გასწია და დინამიკურად ითამაშა, ისევე როგორც ლასანა დიარამ. მესუთ იოზილი დი მარიას პოზიციაზე ვათამაშე და ისე იყოჩაღა, თითქოს ეს მისი ბუნებრივი ადგილი ყოფილიყო ტაქტიკურ სქემაში. იოზილი "რეალის" დიდი შენაძენია მომავალი ათი წლის გარანტიით. კრიშტიანო რონალდოზე კი რა ვთქვა, ის ყოველთვის ცდილობს ყველაფერი გაიღოს კლუბისთვის, რაც კი შეუძლია. მას კი ბევრი რამ შეუძლია", - მოკლედ, სულ ქებად "დაიღვარა" ჟოზე.
მესი: ბარსას კი, არგენტინას ვერ?
"ატლეტიკოს" დამბრიყვებელი ლეო მესი ამჟამად შვეიცარიაშია. საქმე იმაშია, რომ ოთხშაბათი ამხანაგური მატჩების დღეა და სერხიო ბაპტისტას ნაკრები პორტუგალიას უნდა გაეჯიბროს. ეს თამაში დიდ ინტერესს იწვევს, ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ერთმანეთის პირისპირ, უკვე საერთაშორისო დონეზე, ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო ითამაშებენ! აი, რას ამბობს პორტუგალიელთა თავკაცი პაულუ ბენტუ: "ჩემთვის ეს დიდი დაპირისპირებაა. და არა მარტო იმიტომ, რომ მესი და რონალდო მოედანზე შეხვდებიან ერთმანეთს. ფეხბურთში ინდივიდუალური დაპირისპირებები ფანებისთვისაა და ისინი ამ ორი ვარსკვლავის თამაშით დიდ სიამოვნებას მიიღებენ."
მაგრამ, შესაძლოა მესიVSრონალდო არც შედგეს - გუშინ მესიმ ვერ ივარჯიშა ნაკრების დროებით ბაზაზე, მიზეზი ფეხის კუნთის დაჭიმულობაა. მან "ატლეტიკოსთან" მატჩში დაიჭიმა კუნთი. ტრავმა მაინცდამაინც სერიოზული არ არის, მაგრამ არგენტინელთა შტაბში ფრთხილობენ.
რადგან ამ თემასაც შევეხეთ, ბარემ ორივე ნაკრების სავარაუდო შემადგენლობებს გაგაცნობთ. პორტუგალია: ედუარდო - ბოსინგვა, რ. კარვალიო, ბ. ალვეში, კოენტრაო - მოუტინიო, მეირელეში, მარტინში - ნანი, პოშტიგა, რონალდო. არგენტინა: რომერო - პ. საბალეტა, ბურდისო, გ. მილიტო, გარაი - ბანეგა, მასკერანო, პასტორე - მარტინესი, მესი, ლავეცი.
ვალენსიამ სამიზნე გაისწორა
"ვალენსიას" არგენტინელი ნახევარმცველი ტინო კოსტა შესანიშნავად მოერგო. მან 22-ე ტურის უკანასკნელ მატჩში ბოლო გოლი გაიტანა და ამით ტურს წერტილი დაუსვა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ტინო კოსტას გოლი გამორჩეული იყო - ამჯერად მან საჯარიმო დარტყმით "ვალენსიას" "ერკულესთან" 2:0 მოაგებინა. მატჩის შემდეგ ტინომ აღიარა, რომ "ვალენსიას" მიზანი უკვე ცხადზე ცხადია - მე-3 ადგილი, ამაზე მაღლა ოცნებას კი აზრი არა აქვს: "შაბათს ისეთი შედეგები დაფიქსირდა, რომ ჩვენს გამარჯვებას კიდევ უფრო დიდი ფასი დაედო. ჩვენი მიზანი მესამე ადგილია, რომელთანაც ახლა მხოლოდ ქულა გვაშორებს. "ვალენსიაში" ყველაფერი მახარებს, აქ ძალიან კარგი სიტუაციაა. ვთამაშობ თანამემამულეებთან, ჩორი დომინგესთან და ევერ ბანეგასთან ერთად. ჩვენი სამეული ძალიან შეთამაშდა, როცა ერთად ვართ, გუნდი უფრო სწრაფად თამაშობს", - ამბობს ტინო კოსტა.
რამ ჩააფიქრა სერესო და რა ელის კიკეს
ბოლო დროს "ატლეტიკო" საშინლად თამაშობს. არადა, გუნდის ხელმძღვანელობამ, ამას წინათ, ფეხბურთელებთან შეხვედრა მოაწყო, სადაც მათ განუმარტეს, რომ სეზონის ბოლომდე კიკე ფლორესს არ შეცვლიდნენ. შესაძლოა, "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო ახლა ნანობს ამ პირობას, თან არც გადათქმა სურს, თან ეჭვებიც ღრღნის: "ძალიან მაღელვებს კლუბი რა დღეშია, ფეხბურთელები ფანებს ვერაფრით ახარებენ, დროა, მოგებები დავიწყოთ. არ ვიცი რა არის ჩვენი ჩავარდნის მიზეზი, მაგრამ თუკი "ატლეტიკო" სეზონის ბოლოს ოთხეულში არ შევა, სეზონს კრახად ჩავუთვლით მწვრთნელებს. ვიმედოვნებ, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალს ვიპოვით. კიკეს გაშვება დარჩენაზე ლაპარაკი ზედმეტია - ის სეზონის ბოლომდე "ატლეტიკოს" მწვრთნელია. მაგრამ ახლა მას და ფეხბურთელებს მოგებებს ვთხოვ. დაე, პირველი "ვალენსიასთან" თამაში იყოს."
ტურის სიმბოლური ნაკრები "მარკას" გამოკითხვის მიხედვით
XXII ტური: კასილიასი (რეალი) - ირაოლა (ბილბაო), პიკე (ბარსელონა), აბიდალი (ბარსელონა), მანე (ხეტაფე) - ჩავი (ბარსელონა), კაკა (რეალი), მუნიაინი (ბილბაო), იოზილი (რეალი) - მესი (ბარსელონა), რონალდო (რეალი).
ლა ლიგის ტოპ-20 "დონ ბალონის" შეფასებებით
ფეხბ. გუნდი თ ქულა საშ.
1. ლეო მესი ბარსელონა 19 150 7,89
2. ანდრეს ინიესტა ბარსელონა 22 161 7,32
3. ჯუზეპე როსი ვილიარეალი 21 153 7,29
4. ბორხა ვალერო ვილიარეალი 20 143 7,15
5. დიეგო ალვეში ალმერია 22 156 7,09
6. კრიშტიანო რონალდო რეალი 22 156 7,09
7. სანტი კასორლა ვილიარეალი 21 148 7.05
8. ნილმარი ვილიარეალი 17 116 6,82
9. დავიდ ვილია ბარსელონა 21 142 6,76
10. პედრო ბარსელონა 22 148 6,73
11. დანი ალვეში ბარსელონა 20 134 6.70
12. ჩავი ბარსელონა 19 127 6,68
13. მესუთ იოზილი რეალი 22 147 6,68
14. ხავი მარტინესი ბილბაო 20 133 6,65
15. ნელსონ ვალდესი ერკულესი 17 113 6,65
16. დიეგო ლოპესი ვილიარეალი 22 146 6,64
17. ჩაბი პრიეტო სოსიედადი 22 146 6,64
18. კარლეს პუიოლი ბარსელონა 16 106 6,63
19. დიეგო კასტრო სპორტინგი 18 119 6,61
20. დანიელ პარეხო ხეტაფე 20 132 6,60
.