ესპანური კალეიდოსკოპი

AutoSharing Option

 

ოთხშაბათს ესპანეთის ნაკრები "სანტიაგო ბერნაბეუზე" ამხანაგურად კოლუმბიას გაეჯიბრება. მსოფლიოს ჩემპიონთა საამატჩო შემადგენლობა უკვე შემოგთავაზეთ, თუმცა ვისენტე დელ ბოსკემ ერთი ფეხბურთელი ტრავმის გამო მოისაკლისა - "არსენალის" კაპიტან სესკ ფაბრეგასს მუცლის პრობლემები აწუხებს და სამხრეთამერიკელებთან თამაშს ვერ შეძლებს. მართალია, 23 წლის ესპანელმა "ნიუკასლთან" საოცარ მატჩში (4:4) მონაწილეობა მიიღო, მაგრამ თამაშის შემდეგ ექიმებს გაუმხილა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. ლონდონური კლუბის ექიმები ესპანელ კოლეგებს დაუკავშირდნენ და მოილაპარაკეს, რომ ახლა სესკის მადრიდში ჩასვლა მიზანშეუწონელი იქნებოდა.
ვისენტე დელ ბოსკემ გადაწყვიტა, რომ ფაბრეგასის ნაცვლად არავინ მიიწვიოს, "ფურია

როხა" მატჩისთვის მზადებას 20 კაცით აგრძელებს.    

ანდერი 8,5 მილიონად


ბილბაოს "ატლეტიკმა" ოფიციალურად გამოაცხადა ის, რაზეც უკვე ერთი კვირაა ესპანეთში ხმამაღლა ლაპარაკობენ - გუნდმა "სარაგოსას" ნიჭიერი გამთამაშებელი ანდერ ერერა გაიფორმა. 21 წლის ანდერის სანაცვლოდ ბასკები 8,5 მილიონ ევროს იხდიან, სატრანსფერო სეზონი დასრულებულია, ამიტომაც ანდერი 1 ივლისს გახდება ოფიციალურად ბასკური კლუბის წევრი, სეზონს კი ისევ არაგონულ გუნდში ჩაამთავრებს. ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი შეიძლება კიდევ 2,5 მილიონით გაიზარდოს, თუკი ის გარკვეული რაოდენობის მატჩებს პირველივე სეზონში ჩაატარებს. ანდერი 2011/12 წლების სეზონიდან ოთხი წელი "ბილბაოსთვის" გაისარჯება. მისი გამოსყიდვა კი სხვა კლუბებს, პირველი ორი სეზონი 36 მილიონ ევროდ შეეძლებათ, ბოლო ორი სეზონი კი - 40 მილიონად.
ანდერის შეძენა "ვალენსიას" და "ვილიარეალსაც" სურდათ, ეს უკანასკნელი კლუბი სატრანსფერო ფანჯრის დახურვის დღეს გააქტიურდა, მაგრამ ვერაფერს გამორჩა, რადგან თავად ფეხბურთელს მშობლიურ ქალაქში, ბილბაოში თამაში სურს. ანდერი დღემდე ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, თუმცა ახალ ციკლში მას ასაკით აღარ უწევს თამაში. ასე რომ, ოთარ გაბელიას გუნდთან დაპირისპირებაში მას ვერ ვიხილავთ.


პედრო ლეონი მილანს სურს

"მილანს" "რეალის" განაპირა ნახევარმცველი პედრო ლეონის აყვანა სურს. "მილან ნიუსი" იტყობინება, რომ იტალიური კლუბი შეეცდება ზაფხულში მთელი სეზონით იჯარით აიყვანოს ფეხბურთელი, რომელსაც ჟოზე მოურინიოს ხელში თავის გამოჩენისთვის ძალიან მცირე შანსი მიეცა. ამბობენ, "რეალში" პორტუგალიელ თავკაცს ყველაზე ცუდი ურთიერთობა სწორედ პედრო ლეონთან აქვსო, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, რაც პედრო ლეონს ფერნანდო გაგოსთან მოუვიდა კონფლიქტი. შეგახსენებთ, რომ ამ კლუბებს შორის, კერძოდ კი ფლორენტინო პერესსა და ადრიანო გალიანის შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა, რაც სამომავლო ტრანსფერს წაადგება.


ესპანეთში ყველაზე უიღბლო

სერხიო ასენხო ყველაზე უიღბლო ფეხბურთელია თანამედროვე ესპანურ ფეხბურთში. მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი მეკარე დიდი ხანი არაა, რაც გამოჯანმრთელდა სერიოზული ტრავმისგან - შარშან მაისში მუხლი დაიშავა და მწყობრში მხოლოდ ნოემბერში ჩადგა. თითქოს უიღბლო პერიოდი წარსულს ჩაბარდა, მეკარე "ატლეტიკოდან" "მალაგაში" გადავიდა, სადაც პირველი ნომერი გახდა და... "სევილიასთან" მატჩის პირველივე წუთებზე მუხლის ჯვარედინი იოგები დაიშავა და ახლა 6-8 თვე იძულებითი უქმობა მოუწევს. 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული