ფერნანდო იერო "კლასიკოზე" - სხვა დანარჩენი მსოფლიოში მეორე პლანზე გადადის

AutoSharing Option
ზინედინ ზიდანის ასისტენტმა, ესპანეთის ხუთგზის ჩემპიონმა და ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებულმა ფერნანდო იერომ ბევრზე კარგად იცის, რას ნიშნავს "ელ კლასიკო". ამიტომაც მოახლოებული სუპერმატჩის წინ მისი აზრები საინტერესოა...

ვისაც მესი არ მოსწონს, ფეხბურთიც არ მოსწონს
- ვილაპარაკოთ "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებაზე. შეიძლება "ელ კლასიკო" ჩემპიონთა ლიგის ფინალის დონეზე დავაყენოთ?
- საინტერესო შეკითხვაა. ვფიქრობ, არა. "ელ კლასიკო", ალბათ, ერთადერთი ოფიციალური მატჩია პლანეტაზე, როცა ორივე გუნდს სტატისტიკა და სატურნირო მდგომარეობა არ აინტერესებს. ფრეზე ფიქრიც კი არ შეიძლება. მხოლოდ მოგება და მეტი არაფერი! მინახავს, როგორ
ვანადგურებდით "ბარსელონას" და პირიქით, იმის მომსწრეც ვიყავი, "ბარსამ" როგორ მოგვიგო "სანტიაგო ბერნაბეუზე" 5:0.

ამიტომაც მომავალ მატჩში არც ერთი შედეგი არ გამაკვირვებს. დღეს მთელ მსოფლიოში არ არსებობს ამ მატჩის ანალოგი. "ელ კლასიკო" - ეს არის 90 წუთი ბრძოლა "რეალსა" და "ბარსელონას" შორის. ყველაფერი დანარჩენი მსოფლიოში მეორე პლანზე გადადის.

არ არის მნიშვნელოვანი ქულები, მოთამაშეთა ინდივიდუალური მოქმედებები, გუნდების შეთამაშება და სხვა დანარჩენი. არის მხოლოდ ერთი მატჩი, რომელშიც მეტოქეებს სურთ, ერთმანეთი გაგლიჯონ.

- რა შეგიძლიათ თქვათ ორივე გუნდზე? ვის გამოჰყოფდით?
- ორივე გუნდს ფანტასტიკური შემადგენლობები ჰყავს. ძალიან მიჭირს საუკეთესოების გამოყოფა. ამ მატჩში სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, რომ თავად მოთამაშეებს არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭებათ. შეიძლება მოხდეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ "რეალი" "ბარსელონას" ათი ქულით ჩამორჩება. ეს არის დიადი საფეხბურთო ზეიმი და ამავდროულად, ნამდვილი საგიჟეთი.

- მესი თუ რონალდო?
- რონალდო! მე რონალდოს მხარეს ვარ, რადგან მას კარგად ვიცნობ. ვიცი, რასაც ნიშნავს ეს ფეხბურთელი "რეალისთვის" და ვიცი, "რეალი" რას ნიშნავს მისთვის. კრიშტიანო - ამბიციური და დაუჯერებლად ერთგული ბიჭია, რომელიც მზად არის, სული გაყიდოს თავისი კლუბისთვის. ჩემი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არასოდეს მინახავს ადამიანი, რომელსაც ყველაფერი აქვს და მაინც ასე იხარჯება საყვარელი საქმისთვის.

თავის ასაკთან შედარებით, ბავშვივით დარბის და ათი ადამიანის საქმეს აკეთებს. მესიზე კი ის შემიძლია გითხრათ, რომ თუ მსოფლიოში არსებობს თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც ლეო არ მოსწონს, მაშინ მას ფეხბურთიც არ მოსწონს.

ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე"
- თქვენ გითამაშიათ ესპანეთში, ინგლისში, ყატარში. სად არიან ყველაზე ხმაურიანი გულშემატკივრები?
- დიახ, ბევრ ქვეყანაში მითამაშია. ყველაზე კარგად, რა თქმა უნდა, "რეალის" გულშემატკივრებს ვიცნობ, რადგან ყოველ კვირას მიწევდა "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში. ჩემთვის ეს არის საუკეთესო სტადიონი მსოფლიოში, რომელზეც გავატარე ცხოვრებაში საუკეთესო წლები. "რეალის" ფანები ყოველთვის დაუჯერებელ სიყვარულსა და ერთგულებას ამჟღავნებენ საკუთარი კლუბის მიმართ.

ტრიბუნები ყოველთვის ბოლომდე სავსეა და სტადიონზე მიდიან სხვადასხვა სტატუსის მქონე ადამიანები - მშენებლებით დაწყებული, მსხვილი ჰოლდინგების დირექტორებით დამთავრებული. მადრიდში ფეხბურთი ხალხს აერთიანებს.

ყატარში ყველაფერი უფრო მშვიდად მიმდინარეობდა, მაგრამ ჩემი ბოლო მატჩი, ცხადია, ამოვარდნილია საერთო სიიდან. ეს იყო ყატარის თასის მატჩი. სტადიონი ბოლომდე სავსე იყო. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ხალხს ფიზიკურად ასეთი ხმაურის გამოწვევა და თავისი კლუბის ასე გულშემატკივრობა შეეძლო. გავიმარჯვეთ და კლუბის მოუგებელი სერია შევწყვიტეთ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს, ჩემპიონთა ლიგაზე გავიმარჯვეთ. ასეთი ზეიმი არასოდეს მინახავს.

რაც შეეხება ინგლისს, ეს საერთოდ სხვა სამყაროა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება სხვა ჩემპიონატებისგან. იქ ადამიანები არა მხოლოდ ინტერესდებიან ფეხბურთით, არამედ სუნთქავენ მისით. თითოეული ადამიანი ნებისმიერ წვრილმანში ერკვევა. პუბლიკა ტაშს უკრავს მაშინაც კი, როცა მოთამაშეები უბრალო პასებს აკეთებენ. თითოეულ სათამაშო ელემენტს ოვაციებით ხვდებიან.

სიმართლე გითხრათ, ლა ლიგას შემდეგ არ მინდოდა პრემიერლიგაში თამაში. ჩემთვის უფრო მოსახერხებელი იყო ნაკლებად პოპულარულ ჩემპიონატში გადასვლა და იქ კარიერის დასრულება, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ინგლისში ვითამაშე. ეს ფანტასტიკაა! მინდორზე უნდა იდგე, რომ ეს შეიგრძნო.

- ყველაზე დასამახსოვრებელი პერფორმანსი?
- მახსოვს, ინგლისში იყო შემთხვევა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედს" "ოლდ ტრაფორდზე" 4:3 მოვუგეთ. მათმა გულშემატკივრებმა არათუ უსტვინეს საკუთარ გუნდს, არამედ ხანგრძლივი ოვაცია გაუმართეს. შემდეგ იგივე ჩაატარეს ჩვენი მისამართით. ეს დაუჯერებელი იყო. მთელი გუნდი შოკში აღმოჩნდა. ის მატჩი, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელია ჩემს კარიერაში.

- უარყოფითი მომენტებიც ყოფილა? მაგალითად, ლუიშ ფიგუს ერთხელ ღორის თავი ესროლეს. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
- რა თქმა უნდა, ყოფილა. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, როგორ შეიძლება ასე მოიქცე. რატომ მიდიხარ ფეხბურთზე? ეს ხომ ხალხის გასართობია. რამდენად ცუდ ხასიათზეც უნდა იყო, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ფეხბურთი - სპორტია. დღეს შენ მოიგე, ხვალ წააგებ - ყოველთვის მოგებული ვერ იქნები.

მე ყოველთვის ვიყავი და ვიქნები ყოველგვარი სისასტიკის წინააღმდეგი. როგორ შეიძლება სახლიდან გახვიდე იმ აზრით, რომ მიხვალ სტადიონზე და მოთამაშეს რაღაცას ესვრი. რა საჭიროა ეს?

- რომელია თქვენს კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი?
- ვფიქრობ, 1998 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგება. მაშინ "რეალი" დიდი ხანი იყო უტიტულოდ, ამიტომაც ის გამარჯვება ნამდვილი ზეიმი გახდა მადრიდისთვის. მაშინდელი სერია ფანტასტიკური გამოვიდა - სამჯერ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა ხუთ წელიწადში!

- რას გრძნობს ფეხბურთელი, როცა დილით იღვიძებს და აცნობიერებს, რომ საღამოს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ელის?
- ყოველთვის ვცდილობდი, კარგად გამომეძინა. უნდა გესმოდეს, რომ ფინალის დღე - მხოლოდ მატჩი არ არის. უნდა მოასწრო ვარჯიში, დიდი რაოდენობის ჟურნალისტებთან გასაუბრება, სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა.

თავგადასავალი დილიდან იწყება. გადამწყვეტი მატჩების დღეები ყოველთვის ძალიან იწელებოდა, რადგან მუდმივად ფიქრობ თამაშზე და სიესტაზე ვერ იძინებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული