გუშინ ვწერდით, რომ სანტანდერის "რასინგიდან" განთავისუფლებული მიგელ ანხელ პორტუგალის ნაცვლად მარსელინო გარსია ტორალის კანდიდატურა განიხილებოდა. ვარაუდი გამართლდა - დღეიდან მარსელინო კანტაბრიული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელია. "რასინგის" ახალმა მეპატრონემ, ინდოელმა ბიზნესმენმა ალი საიედმა სულ ორი ტური ითმინა პორტუგალის მწვრთნელობა და სპეციალისტს კარზე მიუთითა. არადა ამ ორ მატჩში "რასინგს" არ წაუგია: "ვალენსიას" და "სარაგოსას" ფრე ეთამაშა. თავად პორტუგალი ამტკიცებს და, ძნელია, ეჭვი შევიტანოთ მის სიტყვებში, რომ ახალ მეპატრონეს ის არასოდეს შეხვედრია. როგორც ჩანს, 55 წლის პორტუგალის ბედი მაშინ გადაწყდა, როცა ალი საიედმა
45 წლის მარსელინო ახალი მწვრთნელია, მაგრამ მას ადრეც უმუშავია "რასინგში". 2007-08 წლების სეზონში მარსელინომ ნაყოფიერად იშრომა "თეთრ-მწვანეებში", გუნდი მე-6 ადგილზე გაიყვანა და ევროთასის საგზური მოუპოვა... შემდეგ კი "სარაგოსაში" წავიდა.
2009 წლის ბოლოს მარსელინო არაგონული გუნდიდან გაუშვეს და მას შემდეგ ის უმუშევარი იყო. ახლა კი მარსელინო ისევ მთავარი მესაჭეა "ელ სარდინიეროზე". გუშინ, დილით ახალი მწვრთნელი "რასინგის" ფეხბურთელებს წარუდგინეს, ნაშუადღევს კი - მედიას. დღეიდან "სევილიასთან" მატჩისთვის "რასინგს" მარსელინო მოამზადებს.
"რასინგის" პრეზიდენტმა ფრანსისკო პერნიამ პრეზენტაციაზე ასეთი სიტყვებით მიმართა მარსელინოს: "გილოცავ სახლში დაბრუნებას და გისურვებ წარმატებას. დღეს ძალიან კარგი დღეა, რადგან სამი წლის წინათ, როცა ერთმანეთს ნახვამდის ვუთხარით, მარსელინოსთან ერთად მისი გუნდიც დაგვემშვიდობა. მართალია, თავად ყოველთვის ინარჩუნებდა კარგ ურთიერთობას ძველ ნაცნობებთან, მაგრამ მაინც გაგვიჭირდა მწვრთნელობის ისევ მისთვის შეთავაზება. მოხარულები ვართ, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, მარსელინოს კი ძველი წარმატების გამეორებას ვუსურვებთ", - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა. მარსელინომ 1,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
პორტუგალი მეხუთე მწვრთნელია, რომელიც ლა ლიგის ახალი სეზონის დაწყების შემდეგ მოხსნეს. სექტემბრის ბოლოს "სევილიამ" ანტონიო ალვარესი გაანთავისუფლა და გრეგორიო მანსანო დანიშნა, ნოემბერში სამი მწვრთნელი შეიცვალა, "მალაგამ" პორტუგალიელი ჟეზუალდუ ფერეირას ნაცვლად ჩილელი მანუელ პელეგრინი დანიშნა, ხოლო "სარაგოსაში" ხოსე აურელიო გაის ნავლად მექსიკელი ხავიერ აგირე მიიყვანეს, "ალმერიამ" ხუან მანუელ ლილიოს ნაცვლად ხოსე ლუის ოლტრა დანიშნა. ვინ იქნება შემდეგი?