აქ სამის ნაცვლად პრეტენდენტი ორია - ლუის სუარესი კრიშტიანო რონალდო. პირველ ადგილზე სუარესია 34 გოლით. მეორეზე კი პორტუგალიელი, ვის ანგარიშზეც 31 ბურთია.
ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" წარუმატებლობის შემდეგ "ბარსა" და მისი ურუგვაელი სუპერშემტევი უბრალოდ გადაირივნენ. აბა, სხვა რა ახსნა შეიძლება მივცეთ იმას, რასაც ლუის სუარესი ბოლო ორ შეხვედრაში ჩადის?
"დეპორტივოსთან" და "სპორტინგთან" შეხვედრებში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სამხრეთამერიკელი შეუჩერებელია. მან ორივე მატჩში პოკერი (!)
შექმნილ სიტუაციაში სწორედ სუარესია ბომბარდირობის მთავარი პრეტენდენტი. ჯერ ერთი, "ბარსელონას" ისეთი კალენდარი დარჩა, რომ დიდი ალბათობით, ლუისი კიდევ არაერთხელ მოახერხებს გატანას.
მეორეც - "რეალი" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩისთვის და მსუბუქად ტრავმირებულ კრიშტიანო რონალდოს ინახავს. სწორედ ამ მიზეზით არ ითამაშა პორტუგალიელმა "რაიოსთან" გასვლაზე ძლივს მოგებულ შეხვედრაში. არადა, რომ ეთამაშა, ვფიქრობთ, აუცილებლად გაიტანდა. ამის ვარაუდის საშუალებას მადრიდული კლუბის დაცვის განსაკუთრებული სისუსტე გვაძლევს.
მოკლედ, სეზონის ბოლოს პრიმერაში მართლაც დიდი ბრძოლა მიდის. სუარესი კი ერთი შეხედვით, მშვიდადაა.
"მე ბუნებით გუნდური მოთამაშე ვარ და ჩემთვის მთავარია, "ბარსელონამ" მიაღწიოს წარმატებას. ბოლო ორი შეხვედრაა, ჩვენ აღმავლობით ვთამაშობთ და ეს ასევე უნდა გაგრძელდეს." - ამბობს სუარესი.
რა მოხდა მაინც ჩემპიონთა ლიგაზე? როცა ნახევარფინალისაკენ სავალ გზაზე ერთმანეთს "ბარსელონა" და "ატლეტიკო" გადაეყარნენ, ყველას ეგონა, რომ კატალონიური გრანდი წაიწევდა წინ. არადა, პირიქით მოხდა.
ბევრი იმასაც ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ორჯერ ზედიზედ მოგება არც ერთ გუნდს არ უწერია. სუარესს ამაზე თავისი აზრი აქვს.
"მე ცრურწმენებისგან აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანი ვარ. ვფიქრობ, რომ ყველაფერი მინდორზე წყდება და არა სადმე სხვაგან. ჩავარდნა ნებისმიერ გუნდს შეიძლება მოუვიდეს და ჩვენც არ ვართ გამონაკლისი. ძალიან ცუდია, რომ ეს ჩავარდნა დაიწყო უდროო დროს, მაგრამ ჩვენ ის გადავლახეთ. თუ არ გჯერათ, ჩვენს მიერ ბოლო ორ შეხვედრაში ნაჩვენებ შედეგებს გადახედეთ. რა თქმა უნდა, იმ ორ შეხვედრაში "ატლეტიკომაც" ძალიან კარგად ითამაშა." - მიიჩნევს ურუგვაელი.
სუარესის თქმით, ძალიან კარგია ბომბარდირობა, მაგრამ მისთვის მთავარია, "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი გახდეს.
"ჩვენ ეს ტიტული უნდა მოვიპოვოთ. მთელი სეზონი ცხრილის სათავეში ვიყავით და კონკურენტებზე უკეთესად გამოვიყურებოდით. მერე იყო პატარა ჩავარდნა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. ერთ მნიშვნელოვან გარემოებასაც ვერ ავუვლით გვერდს. როცა "ბარსელონას" წინააღმდეგ სათამაშოდ გამოდიან გუნდები, ისინი გაათმაგებული ენერგიით იბრძვიან, რადგან "ბარსა" ბევრი რამის საზომია თანამედროვე ფეხბურთში." - მიიჩნევს სუარესი.
რაც შეეხება "ბარსელონას" დარჩენილ მატჩებს, სუარესი მიჩნევს, რომ ერთი შეხედვით მარტივი კალენდარი მოდუნების საშუალებას არ იძლევა.
"ჩვენთვის ყველა შეხვედრა პატარა ფინალია. ამ დროს წინა პლანზე მენტალიტეტის ამბები გამოდის და მე მიმაჩნია, რომ "ბარსელონა" მენტალურად მზად არის წარმატების მისაღწევად. მართლაც დიდებული იქნება სეზონის დასრულება ჩემპიონის რანგში. მითუმეტეს, უკვე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჩემპიონობა ბრძოლაში იქნება მოპოვებული." - ამბობს ჩვენი წერილის ურუგვაელი გმირი.
ლუის სუარესს "ბარსელონას" მომავალზეც აქვს თავისი აზრი. ბევრი ვარაუდობს, რომ შეიძლება ეს ჯადოსნური გუნდი დაიშალოს. ამას ურუგვაელი კატეგორიულად არ ეთანხმება. ის ამბობს, რომ ამ ფორმაცის "ბარსა" კიდევ დიდ ხანს შეიქცევს გულშემატკივარს განუმეორებელი თამაშით.
"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ ერთად და კიდევ ერთხელ ამის ხაზგასმა რომ მიწევს, ძალიან მიკვირს. მიმაჩნია, რომ "ბარსელონას" ამ შემადგენლობას კიდევ შეუძლია მოუმატოს და უკეთესი თამაში აჩვენოს.
ჩვენ კიდევ არაერთხელ გავახარებთ ერთგულ გულშემატკივარს და ვაჩვენებთ, რომ "ბარსა" მსოფლიოში საუკეთესოა. ახლა კი ყველა ესპანეთის ჩემპიონატის ფინიშს ველით." - ამბობს სამხრეთამერიკელი.
საინტერესოა, ასარჩევად რომ დადგეს საქმე, რომელს აირჩევდა სუარესი, ბომბარდირობას თუ ჩემპიონობას?
"რა თქმა უნდა, ესპანეთის ჩემპიონობას. იქ ხომ მთელი გუნდი ერთად გაიხარებს." - ამბობს ლუისი.
პიჩიჩის ტიტულისათვის ბრძოლა გრძელდება. ერთიც ვნახოთ, კრიშტიანო ბოლო ტურებში "გაფრინდა"?! ასე რომ, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"