ტორესი ევრო 2016-ის მიღმა: ეს ფინიში არ არის, ფერნანდო!

AutoSharing Option
ვისენტე დელ ბოსკეს გადაწყვეტილებამ ყველა გააკვირვა. ესპანეთი ევროპის ჩემპიონატზე ფერნანდო ტორესის გარეშე ითამაშებს. ამას არავინ ელოდა. ბოლოს ტორესი დიდებულ ფორმაშია და გოლი გოლზე გააქვს მშობლიური "ატლეტიკოს" მაისურით.

რატომ, სენიორ ვისენტე?
ესპანეთს კი ძალიან აკლია უმაღლესი დონის თავდამსხმელები. მეტიც, თუ გულახდილნი ვიქნებით, ისინი "ფურია როხას" საერთოდ არ ჰყავს. ფერნანდო ტორესი შინ დარჩება და ამ გადასახედიდან, ეს ვისენტე დელ ბოსკეს საბედისწერო შეცდომად მოჩანს.

ესპანეთის ნაკრების ისტორიამ იცის ასეთი მაგალითები. ჩვენ გვახსოვს დიდი ტურნირი, რომელზეც არ წაიყვანეს რაული და ის ტურნირი ესპანეთმა მოიგო. ასეთ
გამონაკლისს ყველგან იპოვი, მაგრამ ევროპის ჩემპიონატი დიდი საფეხბურთო ფორუმია და ამ ფორუმზე, წესით, ყველა საუკეთესომ უნდა ითამაშოს.

ახლა მხოლოდ მსჯელობა შეიძლება იმაზე, თუ რომელ ფორვარდს ენდობა დელ ბოსკე ევროპის ჩემპიონატზე. ეს, შესაძლოა, არიც ადურისი იყოს. ადურისს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, გოლებით მდიდარი. კითხვის ნიშნები მაინც რჩება - რამდენად გამოსადეგი იქნება ბასკი ფორვარდი ესპანეთის ნაკრებისათვის? მას ხომ თითქმის არ აქვს სანაკრებო გამოცდილება?

ჩვენ არ ვიცით, რას ფიქრობს დელ ბოსკე და როგორ უნდა, ევროფორუმზე ნაკრები რომ ათამაშოს. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა უფორვარდო სქემა რომ აირჩიოს.

ესპანეთის ნაკრებს აქვს ასე თამაშის გამოცდილება. მეტიც, აქვს ასე თამაშისა და ტიტულის მოგების გამოცდილება, მაგრამ რატომ უნდა მოიგონო ახალი ველოსიპედი მაშინ, როცა ამის არანაირი აუცილებლობა არ არის?!

ვუცქერდით მიმდინარე სეზონში ფერნანდო ტორესის შესანიშნავ თამაშს და გვექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ "ელ ნინიო" ორი რამისათვის იბრძოდა. პირველი - რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მოეტანა "ატლეტიკოსათვის" და ეთამაშა ევროპის ჩემპიონატზე.

ისმის კითხვა: რატომ, სენიორ ვისენტე?

"ატლეტიკოს" კაცი
მშობლიური გუნდისათვის სარგებლობის მოტანა ფერნანდოს აშკარად გამოუვიდა. "ათლეტებმა" კინაღამ მოიგეს ესპანეთის ჩემპიონატი და გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მადრიდის "რეალს" დაეჭიდებიან.

აი, დელ ბოსკეს დასარწმუნებლად კი ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მოხუცმა ვისენტემ სხვა შემტევების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. ტორესი ოფსაიდში დარჩა და ეს ძალიან დიდი უსამართლობაა.

და მაინც, ფერნანდო არ უნდა დანებდეს. ბოლო წლებში ის და ესპანეთის ნაკრები მაინც ცალკე იყვნენ, განკერძოებულად. და თუ ვინმე დაზარალდება ამ განშორებით, ისევ და ისევ "ფურია როხა".

მართლაც ძნელია, ბოლომდე შეიგნო და ახსნა ის მიზეზი, რის გამოც ტორესი ჩამორჩა ევროპულ მატარებელს, თუმცა, სანამ არსებობს ფეხბურთი, იარსებებს მწვრთნელის ხუშტურებიც და ამას გვერდს ვერაფრით ავუვლით.

დღეს ტორესი "ატლეტიკოს" კაცია.

მოტივაცია
ბევრს ფერნანდო ტორესის კარიერა დასრულებული ეგონა, მაგრამ ესპანელი დაბრუნდა. რა თქმა უნდა, ფერნანდომ ეს მოახერხა უდიდესი მოტივაციის ხარჯზე. ბევრი მის ადგილას ამას ვერ შეძლებდა.

ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი მოტივაციით ითამაშებს ტორესი მომავალ სეზონში. მან "ატლეტიკოს" ფანებს ერთხელაც უნდა დაუმტკიცოს, რომ გუნდისათვის ძალიან ფასეული ფეხბურთელია.

დასამტკიცებელი ფერნანდოს სხვასთანაც აქვს - მან უკვე პენსიაზე გასულ ვისენტე დელ ბოსკეს უნდა დაუმტკიცოს, რომ სენიორი მაგრად შეცდა, როცა ის ნაკრებში არ წაიყვანა. ფერნანდო ტორესის კარიერას არ აკლდა დიდი გამოწვევები და ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება მის ბევრისმნახველ კარიერაში.

დიდი დანაკლისი
ევროპის ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და მას ჩვენ დიდხანს ველოდებით. ეს მოლოდინი ერთადერთ რამეს ემყარება - საქმეში უნდა ვნახოთ კონტინენტის ყველა საუკეთესო ფეხბურთელი.

ტრავმებისა თუ სხვა მიზეზების გამო ევროპის პირველობაზე არაერთ გამორჩეულ ვარსკვლავს ვერ ვნახავთ. ჩვენ უკვე კარგა ხანია ვიცით ამ დიდი დანაკლისის შესახებ და დღეს მათ ხელახლა აღარ ჩამოვთვლით. უბრალოდ, დავწერთ, რომ დანაკლისი მართლაც ძალიან დიდია.

სხვა თუ არაფერი, ევროპის ჩემპიონატს ქარიმ ბენზემა დააკლდება - ფეხბურთელი, რომელიც კონტინენტის პირველობაზე არასაფეხბურთო მიზეზით ვერ ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეუფ, აი პროფესიონალური შეფასება. ვერაფერს იტყვი. ატლეტიკოს ფორვარდად მჭედლიძეც გაიტანს, სიმეონეს მაგივრად ჩემ უბანში რომ მწვრთნელი ვასო ბავშვებს ავარჯიშებს, ისიც მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. აბა რაა...
fraternity
11:04 20-05-2016
0
ატლეტიკოს სათამაშო ტაქტიკიდან გამომდინარე, ფორვარდად მჭედლიძე რომ დააყენო ისიც გაიტანს დაახლოებით იმდენივე გოლს რამდენიც ტორესმა გაიტანა...

რეალურად კი წლებმა გვაჩვენა და კარგად ვიცით რასაც წარმოადგენს ელ ნინიო. ის კარგი ფორვარდია მაგრამ არა საკმარისად კარგი რომ ესპანეთმა ევოზე წაიყვანო.

პ.ს. მჭედლიძე იმიტომ ვახსენე რომ ის უბრალოდ კვალიფიციური ფორვარდია, რომელსაც ვერ გააქვს... არიან ასეთებიც...



zaza
21:27 19-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული