კლასიკო მესტალიაზე

AutoSharing Option

კლასიკო მესტალიაზე

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ "სამეფო თასის" ფინალს ვალენსიას სტადიონი "მესტალია" უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ თასის ფინალში "კლასიკო" გველის, "ბარსელონა" "რეალის" წინააღმდეგ. ფინალი 20 აპრილს გაიმართება.


ვინაიდან ამ თამაშს უდიდესი ინტერესით ელიან, მეტი ხალხის დატევის მიზნით, "სანტიაგო ბერნაბეუსა" და "კამპ ნოუს" ვარიანტებსაც განიხილავდნენ, თუმცა საბოლოდ მაინც ნეიტრალურ ასპარეზზე შეთანხმდნენ. "მესტალია" 55 ათას გულშემატკივარს იტევს, "რეალისა" და "ბარსელონას" გულშემატკივრებს 20-20 ათასი ბილეთი გადაეცემათ, დარჩენილი ბილეთები კი ვალენსიაში თავისუფალ გაყიდვაში იქნება.


"მესტალიამ" 2009 წელსაც უმასპინძლა "სამეფო თასის" ფინალს. მაშინ "ბარსელონასა" და

"ბილბაოს" გულშემატკივრებს 18-18 ათასი ბილეთი გამოუყვეს, თუმცა ახლა "რეალის" დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ კვოტის გაზრდა მოითხოვა.


კასერესი უკვე დასაჯეს

"სევილიას" მცველ მარტინ კასერესს ძვირად დაუჯდა მწვრთნელის კრიტიკა. შეგახსენებთ, რომ ურუგვაელმა მცველმა, რომელიც "ბარსელონას" საკუთრებაა, მედიასთან დაიწუწუნა, რომ გრეგორიო მანსანომ მას პოზიცია შეუცვალა - დაცვის ცენტრიდან მარჯვენა ფლანგზე გადაიყვანა, რაც, თურმე, სასტიკად არ მოსწონს ფეხბურთელს. როგორც წესი, ასეთ განცხადებებს მწვრთნელთა მხრიდან რეაქცია მოსდევს ხოლმე, კასერესი ალბათ ფიქრობდა, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელობა დაიცავდა, მაგრამ შეცდა. გრეგორიო მანსანომ პირველ რიგში კასერესის გვარი "რასინგთან" მატჩის განაცხადიდან ამოიღო (ამიტომ გვიწერია ის წინასამატჩო განხილვაში დისკვალიფიცირებულთა სიაში), დანარჩენზე კი თამაშის შემდეგ ვილაპარაკებთო.


ბოიანი ლივერპულში წავა?

სავსებით შესაძლებელია, რომ ზაფხულში "ლივერპული" "ბარსელონას" 20 წლის შემტევი ბოიან კრკიჩით გაძლიერდეს. ბარსელონური "სპორტი" წერს, რომ, როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, მერსისაიდული კლუბი კატალონიურს 20 მილიონ ევროს შესთავაზებს ბოიანის სანაცვლოდ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ იანვარში "ლივერპულმა" უკვე შეიძინა ორი თავდამსხმელი - ენდი ქეროლი და ლუის სუარესი.


ხოსეპ გვარდიოლა არ აპირებს ბოიანთან განშორებას, იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდა ესპანელმა ჯერჯერობით ვერ მოახერხა "ბარსას" სასტარტოში დამკვიდრება, არადა მასზე უფრო დიდ იმედებს ამყარებდნენ, ვიდრე პედრო გონსალესზე. გვარდიოლას მაინც სჯერა, რომ კრკიჩის დროც მოვა "ნოუ კამპზე". კრკიჩის 2015 წლამდე აკავშირებს "ბარსელონასთან" კონტრაქტი. ამ სეზონში 18 მატჩში კრკიჩმა მხოლოდ 3 გოლი გაიტანა.


უეფა: სტანკევიჩიუსს - არა

"ვალენსია" ბევრს ეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა ლიტველი მცველის, მარიუს სტანკევიჩიუსის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეყვანა. შეგახსენებთ, რომ მარიუსი "სამპდორიას" ფეხბურთელია, ხოლო "ლოს ჩეს" შემადგენლობაში იჯარით თამაშობს. მან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გენუური კლუბის მაისურით ითამაშა, ამიტომაც, უეფას წესებით, თამაშის უფლება ამ სეზონში "ვალენსიას" მაისურით არ აქვს. კლუბი ბევრს ეცადა, მაგრამ ვერაფერი გააწყო - სტანკევიჩიუსი "შალკესთან" ვერ ითამაშებს.

 

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული