დღეს "ვისენტე კალდერონზე" მადრიდის "ატლეტიკო" "ვალენსიას" მასპინძლობს. წესით, ამ გუნდებს
"დღეს ჩვენი ფეხბურთელები თავიანთი თამაშით ვერ ახარებენ ფანებს. დროა, მოგებები დავიწყოთ, "ვალენსიასთან" შეხვედრა კი საამისოდ კარგი საწყისი იქნება. ამ სეზონში მე-4 ადგილზე დაბალი შედეგი ჩავარდნად ჩაითვლება", - განაცხადა ენრიკე სერესომ, "კოლჩონეროსის" პრეზიდენტმა. როგორც ხედავთ, კიკე ფლორესს ცუდად მიუდის საქმე - მე-4 ადგილზე "ვალენსიაა", რომელსაც "ატლეტიკო" 14 ქულით ჩამორჩება!
უნაი ემერი, შეიძლება, არ არის "მესტალიას" ფავორიტი, მაგრამ შედეგი მის სასარგებლოდ მეტყველებს. კლუბის პრეზიდენტი მწვრთნელის მხარესაა - ლორენტე ამბობს, რომ უნაი ემერის რა ტაქტიკითაც სურს, იმით შეუძლია გუნდი ათამაშოს, მთავარია მოიგოსო.
თავად უნაი ემერი რეალისტია: "ჩვენ კარგად ვუწყით, რომ "ბარსელონასა" და "რეალს" ვერ დავეწევით, მაგრამ "ვილიარეალი" ჩვენი ტოლ-სწორია და მესამე ადგილი ჩვენ გვინდა."
"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა მარიო სუარესმა მოირჩინა ფეხი და ალბათ სათადარიგოთა შორის მოხვდება, მაგრამ მარცხენა მცველი ფილიპე ლუიში 100%-ით ვერ ითამაშებს. კიკეს ცალკე სადარდებელი მეკარის ტრავმამ გაუჩინა - ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში დე ხეა დაშავდა და მადრიდულ კლუბში დაბრუნებულმა მხოლოდ ტრენაჟორებზე ივარჯიშა. ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც, სხვათა შორის, ჩვენი მომავალი მეტოქეა, კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ - "ვალენსიას" ლიდერმა ხუან მატამ ნაკრებში კოჭის ტრავმის გამო ვერ ითამაშა, თუმცა "ვისენტე კალდერონზე" იქნებაო, ამტკიცებენ. რიკარდო კოშტამ დისკვალიფიკაცია მოიხადა და "ლოს ჩეს" დაცვის ხაზს დაუბრუნდება.
ახლა გადავიდეთ "საეჭვო მატჩებზე": "სამეფო კლუბი" ვალდებულია "ესპანიოლთან" დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისედაც მცირე საჩემპიონო ინტრიგა მინავლდება. "ბარსელონაში" კი ყოველთვის ეჭვის (და არა იმედის) თვალით უყურებენ "ესპანიოლისა" და "რეალის" დაპირისპირებებს. მიუხედავად ამისა, მაურისიო პოჩეტინოს საპირისპიროს დამტკიცება სურს: "თუკი ჩვენს ბიუჯეტებს შევადარებთ, რა თქმა უნდა, შანსი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ზოგჯერ, მონდომება და შრომა მილიონებს ამარცხებს", - ამბობს არგენტინელი სპეციალისტი.
"რეალი" დიდ სამზადისშია. აი, რა თქვა რაულ ალბიოლმა: "ესპანიოლი" რთული მეტოქე იქნება და ფეხი თუ დაგვიცდა, ჩემპიონობაზე ფიქრს უნდა გამოვემშვიდობოთ. შეცდომების დაშვების ლიმიტი ამოვწურეთ."
ოთხშაბათს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებში "რეალის" 13 ფეხბურთელი თამაშობდა. გუშინ 13-ვე ვარჯიშობდა ბაზაზე. ასე რომ, ჟოზე მოურინიოს მხოლოდ იერჟი დუდეკი და გონსალო იგუაინი აკლია. სერხიო რამოსს დაუსრულდა დისკვალიფიკაცია, პეპემ კი ტრავმა მოირჩინა.
"სპორტინგისა" და "ბარსელონას" მატჩის წინათქმაში კი ისევ მოურინიოს ხსენება მოგვიწევს. სწორედ მოურინიომ, პირველი წრის მატჩის შემდეგ "სპორტინგის" თავკაც მანუელ პრესიადოს ლამის მატჩის დათმობა დააბრალა. საქმე იმაშია, რომ პრესიადო და პეპ გვარდიოლა, ასაკში სხვაობის მიუხედავად, ერთმანეთის ახლო მეგობრები არიან და "სპორტინგმა" მართლაც ლამის მეორე შემადგენლობა გაიყვანა "კამპ ნოუზე". თამაშის დასრულებისთანავე კი მათ (პრესიადოსა და გვარდიოლას) დიდი ხვევნა-კოცნა გამართეს. მაშინ ჟოზეს სიტყვებმა სასტიკად გააცოფა "სპორტინგის" თავკაცი, რომელმაც თქვა, ვინ არის ეს ყმაწვილი და რა უფლებით აძლევს თავს ამდენის უფლებასო.
"ბარსელონამ" "ატლეტიკოს" ძლევით ლა ლიგის რეკორდი დაამყარა - ზედიზედ მე-16 მატჩი მოიგო, ბუნებრივია, კატალონიური გრანდი უარს არ იტყვის ზედიზედ მე-17 მოგებაზეც, რომელიც კიდევ უფრო მიაახლოვებს ჩემპიონობას. გვარდიოლას ამ თამაშში მხოლოდ ორი ფეხბურთელი დააკლდება - კაპიტანი კარლეს პუიოლი და ჟეფრენ სუარესი.
დღეს
ატლეტიკო-ვალენსია 21:00
დისკვალიფიკაცია: უიფალუში - ბანეგა
ტრავმა: ფ. ლუიში, დე ხეა (?) - მოია, სესარი, ვისენტე, ალბელდა, მატა (?)
სპორტინგი-ბარსელონა 23:00
დისკვალიფიკაცია: ლორა, გრეგორი (სპორ)
ტრავმა: ეგურენი (?) - ჟეფრენი, პუიოლი
რასინგი-სევილია 01:00
დისკვალიფიკაცია: კასერესი (სევ)
ტრავმა: ციოლისი, სერანო, დიოპი - კანუტე, ზოკორა (?), ჩიგარინი, გუარენტე, რენატო (?)
ხვალ
ერკულესი-სარაგოსა 20:00
ტრავმა: სარი, პასი, პამარო - ობრადოვიჩი (?), ედმილსონი
ლევანტე-ალმერია 20:00
ტრავმა: სერხიო, მ. პერესი, ნ. გონსალესი - ხუანმა ორტისი (?), ხუანიტო, ნიეტო
მალაგა-ხეტაფე 20:00
დისკვალიფიკაცია: აპონიო (მალ)
ტრავმა: ასენხო, სტადსგაარდი, ხ. გომესი, რუბენი - რ. ლოპესი, არისმენდი, მარიო
რეალ სოსიედადი-ოსასუნა 20:00
დისკვალიფიკაცია: ჩ. პრიეტო (სოს)
ტრავმა: არანბურუ, ხ. ლორენტე - სეხუდო, რობერტო
დეპორტივო-ვილიარეალი 22:00
დისკვალიფიკაცია: ლაურე (დეპ)
ტრავმა: საული, ურეტა, გუარდადო - მ. რუბენი, ხუან კარლოსი, ა. ლოპესი, მ. სენა
ესპანიოლი-რეალი 00:00
ტრავმა: დ. გარსია (?), ვერდიუ (?), ს. გარსია (?), დე ლა პენია, მატიონი, ოსვალდო - დუდეკი, იგუაინი
ზეგ
მალიორკა-ბილბაო 00:00
დისკვალიფიკაცია: გურპეგი (ბილ)
ტრავმა: ვიქტორი, პინია (?) - აურტენეჩე, უსტარიცი (?), ამორებიეტა, ი. გომესი.
.