კრიშტიანო რონალდომ შესაძლო ტრანსფერის მითქმა-მოთქმებს წერტილი დაუსვა

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ წერტილი დაუსვა მისი შესაძლო ტრანსფერის მითქმა-მოთქმებს. ყოველ შემთხვევაში, 31 წლის ვარსკვლავს ასე სჯერა - მან საჯაროდ განაცხადა, რომ "რეალში" დაასრულებს საფეხბურთო კარიერას.

კრიშტიანო რონალდოს გუნდი შაბათს მილანში, "სან სიროზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდება მადრიდის "ატლეტიკოს". რონალდომ მედიისთვის მოიცალა, რათა პრესაში გავრცელებული ხმები გაექარწყლებინა. მას ხან "პარი სენ-ჟერმენს" უკავშირებენ, ხან ყოფილ კლუბ "მანჩესტერ იუნაიტედს", ხან "მანჩესტერ სიტის" ან უცნობ ჩინურ კლუბებს.

რონალდომ კი იმიტომ მოიცალა, რომ სამშაბათს ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ექიმებმა დასვენება გამოუწერეს. თავიდან, მისი ფინალში თამაში კითხვის
ნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ საკითხი ასე აღარ დგას. რონალდოს ტრავმა სერიოზული არ არის და ის, უბრალოდ, თავის დაზღვევის მიზნით დაასვენეს.

"პსჟ და "მანჩესტერ სიტი"? მათ შეუძლიათ დამივიწყონ, მე ფეხბურთისთვის თავის დანებებას "რეალში" ვაპირებ. მადრიდში კარგიც ბევრი მინახავს და ცუდიც. ოთხი წლის წინათ ვერ ვგრძნობდი თავს ბედნიერად აქ, მაგრამ მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ვფიქრობ, რომ ამაზე უკეთესი ადგილი ჩემი კარიერისთვის არ არსებობს", - განაცხადა რონალდომ.

პორტუგალიელი გაცილებით უკეთ ათამაშდა მას მერე, რაც გუნდი ზინედინ ზიდანმა ჩაიბარა: "მე მსურს, რაც შეიძლება მეტი სეზონი გავატარო მისი ხელმძღვანელობით. ზიდანს სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, მაგრამ, რაც აქამდე გააკეთა, ყველაფერი კარგად გამოუვიდა", - დასძინა მადეირელმა.

მართალია, რონალდო ექიმებმა დაასვენეს, მაგრამ მან მხოლოდ დილის ვარჯიშზე შეიკავა თავი, ნაშუადღევს კი ჩვეულებრივად ივარჯიშა გუნდთან ერთად. სამშაბათის ვარჯიშისგან განსხვავებით, ოთხშაბათს ზიდანმა მედიას კარი დაუხურა.

რონალდოს ორი წლის წინანდელი რეკორდის დამხობა სურს, რომელიც თავადვე დაამყარა. 2013/14 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში კრიშტიანო რონალდომ 17 გოლი გაიტანა და ეს ლიგის ახალი მიღწევაა.

სარეკორდო გოლი მან დამატებით დროში, ბოლოსკენ გაუტანა "ატლეტიკოს" და უზომოდაც გაიხარა. ახლა მეტოქე კვლავ "ატლეტიკოა". ფინალის წინ რონალდოს ისევ 16 გოლი აქვს სეზონში გატანილი. გოლით ის რეკორდს გაიმეორებს, დუბლით კი ახალს დაამყარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული