ბარსა, რეალი და 5 ქულა

AutoSharing Option

 

თასი ბარსელონას

"ბარსელონას" ბანაკში ნამდვილი ზეიმია, "ბლაუგრანამ" ხომ თასის ფინალში "რეალი" დაამარცხა და ესპანეთის თასი 22-ედ მოიპოვა. არა, ნამდვილად არ გავგიჟებულვართ და არც 20 აპრილის ფინალის წინასწარი განჭვრეტის უნარი შევიძინეთ - უბრალოდ, სპორტის სახეობები "აგვერია" ერთმანეთში - კვირას საკალათბურთო "ბარსამ" მოიგო თასის ფინალი, რომელიც აგრეთვე საკალათბურთო კლასიკო იყო, 68:60 მოიგო. "ბარსელონას" ბანაკში კი მართლა ზეიმია, იმიტომ რომ ორივე გუნდი ერთი კლუბია. ერთადერთი, რამაც კალათბურთელთა გამარჯვებას ჩრდილი მიაყენა, ფეხბურთელთა ხიხონური წაფორხილება იყო. ისე, ცნობისათვის, თუკი ხოსეპ გვარდიოლას გუნდი 20 აპრილს ჟოზე მოურინიოს

შეგირდებს დაამარცხებს, ეს "ბარსას" 26-ე კოპა იქნება. ასე რომ, ფეხბურთელები კალათბურთელებზე წინ არიან.
მართალია, "ბლაუგრანამ" "სპორტინგთან" ორი ქულა დაკარგა, მაგრამ 62 ქულით მაინც ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევარს (რა თქმა უნდა, "რეალს") 5 ქულით უსწრებს. ახლა კატალონიელ ფეხბურთელებს და მათ მწვრთნელს "სპორტინგთან" წარუმატებლობაზე ფიქრი არავითარ შემთხვევაში არ მართებთ - ხვალ ლონდონში ესპანეთის ჩემპიონი "არსენალს" ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩს ეთამაშება, მაგრამ ჩვენ ხომ არ უნდა ვითამაშოთ ინგლისში - მოდი, ასტურიული 1:1 კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. ხშირად ხომ არ აკარგვინებენ "ბარსას" ქულებს...
გუნდი უკვე შევიდა ესპანური ფეხბურთის ისტორიაში, როცა ზედიზედ 16 მატჩი მოიგო ლა ლიგაში და "რეალის" ძალიან დიდი ხნის რეკორდი დაამხო. აი, მე-17 გამარჯვება კი არ შედგა. თამაშის შემდეგ პეპს დანა პირს არ უხსნიდა, თუმცა ობიექტურობის შეგრძნება არ დაუკარგავს. აღიარა, რომ ქულები ცუდ დროს დაკარგეს, თუმცა ფეხბურთელებს გარჯა წყალში არ ჩაუყარა, "სპორტინგი" კი თავდადებისთვის შეაქო:
"ქულა ძალიან ცოტაა, რომ დამაკმაყოფილოს - როცა არ ვიგებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ცუდი რამ ხდება. მარტო იმიტომ, რომ "ბარსა" ვართ, ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ. ჩვენ ისევე შეგვიძლია წაგება და მატჩის ფრედ დასრულებაც. საჭიროა, მუდმივი შრომა და არაფრით შეიძლება მოშვება.
ვფიქრობ, "სპორტინგმა" საუკეთესო ტაქტიკა შეარჩია. მანოლო ძალიან კარგად მომზადებულა ამ თამაშისთვის. ვერ მოვიგეთ, მაგრამ, თამამად შემიძლია თქმა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ საამისოდ. ძალიან ძნელია ითამაშო ათი მცველის წინააღმდეგ, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი, ვიცოდი, რომ ძნელი დაპირისპირება გველოდა.
ვერ ვიტყვი, რომ "ბარსელონას" თამაშს ხელი სანაკრებო პაუზამ შეუცვალა, "ბარსას" ფეხბურთელი ყოველ სამ დღეში უნდა იყოს მზად თამაშისთვის და ამ ბიჭებს ეს მილიონჯერ დაუმტკიცებიათ.
ვიცი, რატომ გაგვიჭირდა ასე, ჩვენს თამაშს მოძრაობა აკლდა - ჩვენ არ ვართ დაუმარცხებელნი. რას ვიზამთ, ტრაგედიას ამისგან ვერ შევქმნი, ჩვენ მთელს ესპანეთში უკვე არაერთხელ დავამტკიცეთ, რას წარმოვადგენთ და, მგონი, ეს საკმარისია.
როცა სარეკორდო სვლა დასრულდა, უფრო კარგად მივხვდი, თუ რას მივაღწიეთ - წინა 16 მატჩში ხომ ხშირად გვიხდებოდა, ასეთ ოპონენტებთან თამაში, ასეთ სტადიონზე. როცა მეტოქე თავს დებს, სტადიონზე საუცხოო სიტუაციაა მასპინძელთა გუნდისთვის, ყოველთვის ძნელია ასეთ დროს გამარჯვება".
როგორც ყოველთვის, "ბარსას" ახალგაზრდა თავკაცი, თავშეკავებული და ობიექტური იყო. მოგეხსენებათ, ასტურიელებს გმირული გამარჯვება ისევ ასტურიელმა წაართვა - "ელ გუახემ". სწორედ დავიდ ვილიას ფანტასტიკურმა გოლმა მასპინძელთა კარში კატალონიელებს ქულა მოუტანა. ეს დავიდის მე-15 გოლი იყო ჩემპიონატში, ბომბარდირთა დავაში ვილია მხოლოდ ორ ლიდერს ჩამორჩება, ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს, მაგრამ ისინი ხომ ამ პლანეტიდან არ არიან...
"სპორტინგმა" მოახერხა ის, რაც იშვიათად გამოსდით ჩვენს ოპონენტებს, თავდამსხმელებს პასების მომწოდებლები "ჩაგვიკეტეს". ბევრი ამ ჩავარდნას სანაკრებო თამაშს აბრალებს, მე არ ვფიქრობ ასე - "ფიფას ვირუსი" აქ არაფერ შუაშია, "დამნაშავე" "სპორტინგია", რომელმაც ძალიან ღირსეულად ითამაშა.

მაყურებელს კი საკუთარი გუნდის მხარდაჭერისთვის ათ ბალს დავუწერდი. იქ ყველაფერი ნაცნობი და ახლობლურია ჩემთვის, მაგრამ, რა ვქნა, პროფესიონალი ვარ და "სპორტინგის" კარში გატანილი გოლით ვამაყობ. თუმცა ამ გოლმა "ბარსას" ვერ მოაგებინა, ასე რომ, ცაში არ ვფრენ".


თებერვალი მძიმე თვეა

სტატისტიკოსები კი "ბარსას" თებერვლის ჩავარდნას ვარაუდობდნენ კიდეც. პეპის "ბარსასთვის" ეს თვე ყველაზე მძიმეა - შარშან ამ დროს გუნდმა "ატლეტიკოსთან" წააგო, ხოლო შარშანწინ სამმატჩიანი მოუგებელი სერია "გამოაცხო".
ახლა კი თამაშის სტატისტიკურ პერიპეტიებსაც გავეცნოთ, ვიქტორ ვალდესის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს ზუსტად და დავიდ ბარალმა გოლი შეაგდო, მაშინ, როცა სტუმრებმა 6-ჯერ დაარტყეს ზუსტად "სპორტინგის" კარში, მაგრამ მხოლოდ ერთხელ გამოიჩინეს თავი. პიკემ (15) და მილიტომ (14) ყველაზე მეტჯერ მოიპოვეს ბურთი, ხოლო ჩავიმ ყველაზე მეტი პასი შეასრულა - 126. ოთხი თვეა არავის უნახავს ლა ლიგაში, "ბარსა" მდევრის როლში, ბოლოს ეს ოქტომბერში "კამპ ნოუზე" მოხდა, როცა "ვალენსია" დაწინაურდა, მაგრამ მაინც კატალონიელებმა მოიგეს - 2:1. ვალდესი და ინიესტა, მხოლოდ ამ ორმა ფეხბურთელმა ითამაშა 23-ივე ტურში სასტარტო შემადგენლობაში.
"ბარსაზე" და ვილიაზე ბევრი ვწერეთ და, უპრიანია, "სპორტინგელთა" გმირი დავიდ ბარალიც გამოვყოთ - მე-16 წუთზე მან შეტევის მარცხენა ფლანგზე დიეგო კასტროს პასი მიიღო, პიკეს თავბრუ დაახვია და მილიტომაც ვერ შეუშალა ხელი ისე დაარტყა შორეულ კუთხეში - ნამდვილად მაღალი დონის შესრულება იყო. ბარალი 27 წლისაა და 5 წლის წინათ "რეალიდან" გადავიდა ხიხონში. დიდი გოლეადორიაო, ვერ ვიტყვით, ამ სეზონში მან სულ სამი გოლი გაიტანა და სამივე 2011 წელს.
ეს კვირა კი "ბარსას" საჩემპიონთალიგო ბატალიით იქნება გამორჩეული. გუნდმა გუშინ (კვირას ისვენებდა) პირველად ივარჯიშა - ლონდონში კი დღეს გაფრინდება. დღეს, საღამოს "ემირეიტსზე" პეპი და რომელიმე ფეხბურთელი პრესკონფერენციას მოაწყობენ, რომელიც "არსენალთან" დაპირისპირებას მიეძღვნება. გუნდი კი ლონდონში ვარჯიშს არ გეგმავს! გვარდიოლამ ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო, ინგლისში ბურთს კატალონიელები მხოლოდ თამაშამდე ნახევარი საათით ადრე გააგორებენ. თამაში მორჩება თუ არა, კატალონიელები სამშობლოში გაფრინდებიან.
გუშინ პეპმა 28 კაცი ავარჯიშა, 20 პირველი და 8 სარეზერვო გუნდის წევრი. ჟეფრენი და გუნდის კაპიტანი პუიოლი ცალკე ვარჯიშობდნენ.  


ეს მსაჯი მომწონს!

"სპორტინგი"-"ბარსას" მატჩს ერთხელაც მივუბრუნდეთ - 1:1-ის შემდეგ სტუმართა კაპიტანმა (პუიოლი ტრავმირებულია) ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებს მოკლედ მოუჭრა: "საწოლში დასაძინებლად "რეალთან" 8-ქულიანი უპირატესობით მივდივარ, ხვალემ კი ხვალისა იკითხოს, ვნახოთ, რას მიაღწევს კონკურენტიო". ჩავის "ესპანიოლის" თავდადებისა ეიმედებოდა, არცთუ უსაფუძვლოდ...
მოგეხსენებათ, "ლოს მერენგესს" პირველივე წუთზე უხეშობისთვის კაპიტანი იკერ კასილიასი გაუძევეს. კასილიასი მეკარესთან პირისპირ გასულ ხოსე კალეხონს ეკვეთა. თითქოს არ იყო 100%-იანი ჯარიმა, მაგრამ მატეუ ლაოსმა სხვანაირად განსაჯა და იკერს წითელი ბარათი აუფრიალა. წარმოიდგინეთ, თამაშის დასაწყისშივე "სამეფო კლუბმა" კაპიტანი და კარის დარაჯი დაკარგა, კარში კი დებიუტანტი ადანი ჩადგა.  ყველა ელოდა მატჩის შემდეგ რა კომენტარს გაიმეტებდა მსაჯობაზე ჟოზე მოურინიო. გამარჯვებულზე კი "განსაკუთრებულმა" აი, რა თქვა:
"შეიძლება ის შეცდა წითელ ბარათთან დაკავშირებით, შესაძლოა, პენალტიც გვეკუთვნოდა, მაგრამ ამ მსაჯს ყოველ თამაშში ვინატრებდი. ის სწორედ ისეთი ფილოსოფიით უდგება ფეხბურთს, როგორიც მე მომწონს. ობიექტურობას კი ძალიან ვაფასებ", - მოკლედ, რას გაუგებ ამ კაცს, რომელიც გამარჯვებითა და "რეალის" თამაშით კმაყოფილი იყო - ჟოზემ თანამემამულე პეპე შეაქო, ადებაიორზე კი თქვა სამჯერ ახლო იყო გოლის გატანასთანო.
დავაზუსტებთ - ახლოს იყო კი არა ტოგოელს გატანა მართებდა, ორჯერ მაინც, მაგრამ ბენზემაზე მეტი უფხოობა გამოავლინა მეტოქის კართან. გოლი კი ბრაზილიელმა მარსელომ გაიტანა. ისე კი ჟოზეს ჩვენი რჩევა არ სჭირდება, მაგრამ იქნებ ბენზემას და ადებაიორის ადგილზე შანსი მორატასაც მისცეს, ახალგაზრდა ფორვარმა ახლახან ჰეთთრიკი შეასრულა "რეალ კასტილიას" შემადგენლობაში, რომელმაც 7:1 იმარჯვა.


კამაჩოს თავიც გაგორდა

თუ გახსოვთ, ახლახან "რასინგში" სამწვრთნელო ცვლილების შემდეგ ვიკითხეთ, თუ ვისი თავი "დაგორდებოდა" სანტანდერელთა აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის, მიგელ ანხელ პორტუგალის შემდეგ. პასუხი ამავე ტურმა გასცა, რომელშიც "რასინგის" ახალ თავკაც მარსელინოს ფანტასტიკური ხელახალი დებიუტი ჰქონდა კანტაბრიაში, "სევილიას" 3:2 მოუგო. არა, "სევილიას" თავკაცი გრეგორიო მანსანო ამჯერად გადარჩა - აი, ბასკურ-ნავარული დერბის წამგები ხოსე ანტონიო კამაჩო კი - ვერა...
"რეალ სოსიედადთან" მარცხის შემდეგ "ოსასუნას" დირექტორატმა გამოცდილი სპეციალისტი დაითხოვა, რომელიც 2008 წლის ოქტომბრიდან იღწვოდა პამპლონაში. 55 წლის კამაჩო საქვეყნოდ ცნობილი მას მერე გახდა, რაც 1998 წელს ესპანეთის ნაკრები ჩაიბარა. 2004 წელს ის "სამეფო კლუბს" ხელმძღვანელობდა. ფეხბურთელობისას კამაჩო კარგი მარცხენა მცველი იყო და მას ესპანეთის ნაკრებში 81 მატჩი უთამაშია.


უიღბლო დრენტე

ჰოლანდიელი როისტენ დრენტეს პრობლემები "რეალიდან" "ერკულესში" გადასვლით კი არ დასრულდა, დაიწყო. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ახლა დრენტეს პოზიციაში ყოფნას არავის ვუსურვებთ. ამბობენ, რომ მან ახლახან ძვლივს მიიღო ნოემბრის ხელფასი, პროტესტის გამოხატვის გამო ის აითვალწუნეს და არ ათამაშებენ. ახლა კი ირკვევა, რომც ათამაშონ მოედანზე ვერ გავა - გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწევაო და დრენტემ ფეხი ისე დაიზიანა, სულ მცირე, 3 კვირას უქმობა მოუწევს. დრენტემ წლეულს სულ ორჯერ ითამაშა და ორივეჯერ შეცვლაზე. ხანდახან გვგონია, რომ დრენტე ტრეფიკინგის მსხვერპლია. ესტებან ვიგომ კიდევ უფრო ცუდი ამბავი შეიტყო - პარაგვაელ ნელსონ ვალდესსაც დრენტეს დარი ტრავმა აქვს, არადა ვალდესი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
23-ე ტურში ტრავმები მიიღეს სევილიელებმაც - ალვარო ნეგრედომ და დაბომ. ამ ტურში არ უთამაშია ჯუზეპე როსის, იტალიის ნაკრებისა და "ვილიარეალისა" შემტევს, მიზეზი კი გრიპი ყოფილა.


ტოპ-10 ლა ლიგაში "დონ ბალონის" შეფასებით

ფეხბ. გუნდი თ ქ საშ.
1. ლეო მესი ბარსელონა 20 155 7,75
2. ჯუზეპე როსი ვილიარეალი 21 153 7,29
3. ანდრეს ინიესტა ბარსელონა 23 167 7,26
4. კრიშტიანო რონალდო რეალი 23 164 7,13
5. ბორხა ვალერო ვილიარეალი 21 149 7,10
6. დიეგო ალვეში ალმერია 23 163 7,09
7. სანტი კასორლა ვილიარეალი 22 155 7,05
8. პედრო ბარსელონა 23 155 6,74
9. დავიდ ვილია ბარსელონა 22 148 6,73
10. ნილმარი ვილიარეალი 18 121 6,72

შენიშვნა: ცხრილში არ არის შეტანილი მალიორკა-ბილბაოს შეფასებები

 

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული