გვთავაზობთ 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებს, რომელიც ორშაბათს ბალეარის კუნძულებზე "ბილბაოს" დამარცხებით დასრულდა. მაშ ასე, ამ ტურის სიმბოლური ნაკრები 4-3-3 ტაქტიკური სქემითაა შედგენილი.
მეკარე
კარლოს კამენი (ესპანიოლი): შესაძლოა, მარსელოს გოლისას კამერუნელი გოლკიპერი შეცდა, მაგრამ რომ არა ის "რეალი" 1:0-ს კი არა, გაცილებით დიდი ანგარიშით იმარჯვებდა. პირველ ტაიმში იმავე მარსელოს კამენიმ საოცარი დარტყმა აუღო, ისევე როგორც, კრიშტიანო რონალდოს. მანვე ემანუელ ადებაიორს აშკარა საგოლე მომენტი ჩაუფლავა. კამენი დაფრინავდა და, დასანანია, რომ მისი ჯაფა ერთმა მცირე შეცდომამ ქარს გაატანა.
მცველები
ალბერტო ლოპო (დეპორტივო): 30
ალბერტო ბოტია (სპორტინგი): ამ სეზონში ამდენ ხანს "ბარსას" შეტევებისთვის ერთ გუნდსაც არ გაუძლია, "სპორტინგმა" კი ეს შეძლო. ალბერტო ბოტია კი ყოფილი "ბლაუგრანაა", მან კარგად უწყის თავისი ყოფილი გუნდელების ავან-ჩავანი. ბოტიამ თავგანწირვით ითამაშა, ლამის ყველა ორთაბრძოლაში ის მონაწილეობდა, ყველა დარტყმულს ის გადაეღობა, რომ არა დავიდ ვილია, ბოტია და მისი თანაგუნდელები დაუვიწყარ გამარჯვებას იზეიმებდნენ.
პეპე (რეალი): რატომ მოიკოჭლებდა "რეალის" თამაში ბოლო ტურებში? კი ბატონო, თავდამსხმელები ვერ ირჯებოდნენ დამაჯერებლად, მაგრამ, ჩვენი აზრით, მთავარი ისაა, რომ ჟოზეს არ ჰყავდა დაცვაში პეპე. ერთვიანი პაუზიდან პირდაპირ ცხელ-ცხელ ბრძოლაში ჩაერთო, მაგრამ პორტუგალიელი უბრალოდ ბრწყინვალე იყო, თითქოს სულაც არ ყოფილა ტრავმა და ტრავმის გამო გამოწვეული უთამაშებლობა. მას მერე, რაც "რეალმა" კასილიასი დაკარგა, პეპემ გადააწყო დაცვის ხაზი, რომლის გაუვალ ბურჯადაც თავად იქცა.
მარსელო (რეალი): 10 კაცით მოთამაშე გუნდის გამარჯვების გოლი მარსელომ გაიტანა, მაგრამ ახალი და საოცარი არაფერია, ეს ხომ მარსელოა - ბრაზილიელი, რომელსაც უყვარს და ბრწყინვალედაც შეუძლია წინ წასვლა, შეტევა. მარცხენა ფრთაზე მან და რონალდომ შესანიშნავი დუეტი შექმნეს, ისინი "რეალს" შანს შანსზე უქმნიდნენ, არადა გუნდი სტუმრად, თანაც რიცხობრივ უმცირესობაში, თამაშობდა.
ნახევარმცველები
ივან რაკიტიჩი (სევილია): კაცმა საშინელი ავტოგოლი გაიტანა, მისმა გუნდმა 3 გოლი გაუშვა და წააგო - ის კი ტურის სიმბოლურ ნაკრებშია. აი, კურიოზიც, მაგრამ ხორვატმა დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასაწყისში ასეთი შეცდომა მოუვიდა, მაინც სწორედ მან შეძლო თამაშის თავის თავზე აღება. რაკიტიჩმა საგოლე პასები არიგა, "სევილიამ" შეძლო გათანაბრება, მაგრამ მისი თანაგუნდელების უნიათობამ, ივანის შრომა უშედეგოდ დატოვა.
ხოაკინ სანჩესი (ვალენსია): ბებერი ხარისა რქებიც ხნავენო, კიდვ ერთხელ გამოჩნდა, რომ მართალი ნათქვამია. "ლოს ჩემ" 0:1-დან ამოქაჩა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, ხოაკინმა კი დუბლი შეასრულა "ვისენტე კალდერონზე".
ემილიო ნსუე (მალიორკა): კუნძულელებმა ბოლო ხუთ მატჩში პირველი მატჩი მოიგეს. "მალიორკას" ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ნსუემ ულიდერა. მარცხენა ფრთიდან მისმა წამოწყებულმა კომბინაციამ ბილბაოელთა კარში ვებოს გამარჯვების გოლი მოიტანა.
თავდამსხმელები
დავიდ ბარალი (სპორტინგი): ვინც "ბარსას" კარში გატანილი გოლი იხილა, დაგვეთანხმება, რომ ბარალმა იმ ეპიზოდში საუკეთესო მეგოლის თვისებები გამოავლინა, ჟერარდ პიკე კი საქვეყნოდ შეარცხვინა. 27 წლის ფორვარდს კიდევ დიდ ხანს ემახსოვრება ეს გოლი და საამაყოდ ექნება.
ფელიპე კაისედო (ლევანტე): ეკვადორელი ამ "ჩხვლეტა-ჩხვლეტაში" პრიმერას ერთ-ერთ ბომბარდირად ჩამოყალიბდა. "ლევანტე" რომ ყოჩაღად იბრძვის სწორედ ამ სამხრეთამერიკელის დამსახურებაა. კაისედომ ამ ტურში სეზონის მე-10 გოლი გაიტანა.
კრიშტიანო რონალდო (რეალი): ხანდახან ამბობენ, პორტუგალიელი გუნდური ყაიდის ფეხბურთელი არ არისო, კვირის მატჩმა კი აჩვენა, რომ პორტუგალიელის გამკრიტიკებლები არ არიან მართლები. რონალდომ რამდენჯერმე საგოლე მომენტი შეუქმნა თანაგუნდელებს, განსაკუთრებით კი ადებაიორს, რომელიც ალბათ ყველაზე სუსტი იყო "რეალში".
სხვები, ვისი ხსენებაც გვსურს: ტონიო (რასინგი), ჟოზე ნუნიეში (მალიორკა), დავიდ ვილია (ბარსელონა), პიჩუ კუელიარი (სპორტინგი), ფრანსისკო ფარინოსი (ერკულესი), ხოსე ანტონიო რეიესი (ატლეტიკო), რაულ ტამუდო (რეალ სოსიედადი).