მან მესამე ფინალი წააგო ნაკრებთან ერთად ბოლო ორ წელიწადში. კოპას ფინალის შემდეგ კი არგენტინის ნაკრებიდან წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება.
ლეო მესის ესპანურ სამართალთანაც აქვს პრობლემები. შეგახსენებთ, რომ მან 4 მილიონი ევრო დაუმალა
არის ინფორმაცია, რომ ლიონელი არ ჩქარობს "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაფორმებას. ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა კი ღიად გამოთქვა შეშფოთება - მას ეშინია, რომ მესიმ პრიმერა არ დატოვოს.
მართლაც, თუ პრობლემათა ჯაჭვი არ დასრულდა, მესიმ შესაძლოა, მართლაც იფიქროს ესპანეთის დატოვებაზე. ცოტა ხნის წინათ, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მესის მამა "ჩელსის" მფლობელს, რომან აბრამოვიჩს შეხვდა. არავინ იცის, რაზე ილაპარაკეს აბრამოვიჩმა და უფროსმა მესიმ, მაგრამ მაინც რთულად წარმოსადგენია, რომ ლიონელმა ამ ზაფხულსვე დატოვოს "ბარსელონა".
ესპანურ პრესაში ახლა მესიზე უფრო მეტი იწერება, ვიდრე ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორ კრიშტიანო რონალდოზე. მკითხველმა კარგად იცის: ესპანური პრესა თუ სხვა მედიასაშუალებები ორ ბანაკად იყოფიან: "ბარსას" მომხრეებისა და "რეალის" ქომაგების. გაზეთებისა თუ სხვა საინფორმაციო საშუალებების ტონი სხვადასხხვანაირია.
თვალი გადავავლოთ საინტერესო გამოხმაურებებს ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.
Cadena Cope: მესიმ, შესაძლოა, არარაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს
ეს არის მედიაჰოლდინგი, რომელმაც პირველმა აცნობა საზოგადოებას, რომ მესიმ შესაძლოა, ესპანეთი დატოვოს. ამავე წყარომ გაავრცელა ინფორმაცია მესისათვის დაკისრებული პირობითი მსჯავრის თაობაზე.მესის თაობაზე რადიოსადგურის ეთერში ისაუბრა ყოფილმა ფეხბურთელმა, აგენტმა და საფეხბურთო ექსპერტმა, ხოსე მარია მინგელიამ.
"როდესაც საუბარია მესისა და რონალდოს დონის ფეხბურთელებზე, ეს მხოლოდ ფეხბურთი და ფეხბურთელები არ არის. ეს არის უდიდესი ბიზნესპროექტი, რომლის ყოველწლიური ღირებულება რამდენიმე ათეული მილიონი ევროა.
ბევრი რამ არის დამოკიდებული ადამიანის ფსიქოლოგიაზე. გახსოვთ, შარაპოვასა და აკრძალული პრეპარატის ამბავი? მან ამის შემდეგ ყველა სპონსორი დაკარგა. არ არის გამორიცხული, რომ მესის უნდოდეს ცვლილებები.
ჩვენ ვნახეთ, რომ მას შემდეგ, რაც არგენტინის ნაკრებმა წააგო კოპას ფინალი, ლიონელმა მიიღო გადაწყვეტილება ემოციის ფონზე. სრულიად შესაძლებელია, ამგვარი რამ ახლა საკლუბო დონეზე მოხდეს.
რაც შეეხება სასამართლოს ვერდიქტს, მან ძალიან გამაკვირვა. მამა აკეთებდა ყველაფერს. აწარმოებდა მოლაპარაკებას სპონსორებთან, იყო ფეხბურთელის აგენტი... შვილი კი მხოლო ხელს აწერდა ქაღალდებს და მათ ერთნაირი სასჯელი დაეკისრათ."
AS: სოციალური ქსელები მესის წინააღმდეგ არიან
მადრიდულ გამოცემას, რომელიც აშკარად ლობირებს "რეალს", მიუკერძოებლობას ნამდვილად ვერ დავწამებთ. ეს საინფორმაციო საშუალება ძირითადად სიტუაციის შეფასებით არის დაკავებული. მაგალითად, ის გამოეხმაურა "ბარსელონას მიერ ფეისბუქში მოწყობილ მესის მხარდასაჭერ აქციას, რომლის სათაურიცაა: "ჩვენ ყველა მესი ვართ".
წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონას" მიერ ორგანიზებულმა აქციამ უკუეფექტი გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებლები პროტესტს გამოხატავენ იმის გამო, რომ ლიონელმა სახელმწიფოს გადასახადები დაუმალა. პოპულარული გახდა ასეთი წარწერა: "მე არ ვარ მესი."
გაზეთმა გამოაქვეყნა ესპანეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის, კარლოს კრუსადოს ნააზრევი. კრუსადომ ზუსტად ასეთი რამ დაწერა: "მაგალითის აღება ადამიანისაგან, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, კარგი არ არის".
უმაღლესი სპორტული საბჭოს პრეზიდენტი მიგელ კარდენალი კი ამბობს: "ბარსელონას" მიერ წამოწყებული ეს კომპანია დიდი შეცდომა იყო. ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიაა. სასამართლო ხელისუფლება აბსოლუტურად დამოუკიდებელია და ის არავის აზრს არ ითვალისწინებს".
Marca: ეს იყო უადგილო მხარდაჭერა
"მარკა" უფრო "რეალის" ამბებითაა დაკავებული. აქეთ კრიშტიანო, იქეთ ქარიმ ბენზემა და "რეალის" სავარაუდო ტრანსფერები... ამის მიუხედავად, გაზეთმა მესის თაობაზეც დაწერა."ბარსელონას" მიერ წამოწყებული აქცია ყველანაირად გაუგებარია. ის ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ ფეხბურთელის ავტორიტეტს, არამედ ცუდად მოქმედებს მთელი კლუბის იმიჯზე. ეს იყო უადგილო მხარდაჭერა." - წერს გაზეთი.
Mundo Deportivo: მესი წავა?
"მესი დათრგუნულია. ეს ცხადია, კამერაშიც კარგად ჩანს. მისი ახლობლები ადასტურებენ, რომ ის დეპრესიაშია." - წერს გაზეთი. მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2018 წლამდე აქვს. ამის შემდეგ მას შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს.გაზეთში მოყვანილი "ბარსას" პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ხოსეპ ვივესის სიტყვები: "მესის ახლა რთული პერიოდი აქვს, მაგრამ ის ჩვენ არ დაგვტოვებს.".
და მაინც, ბოლომდე ვერ ვპოულობთ პასუხს კითხვაზე, წავა თუ დარჩება მესი "ბარსელონაში"?
Vanguardia: მესი ყაჩაღი არ არის
კიდევ ერთი კატალონიური გამოცემა. მოყვანილი "ბარსელონას" პრეზიდენტის, ჟოსეპ ბარტომეუს სიტყვები: "ვინც მესის ესხმის თავს, თავს ესხმის "ბარსელონას". ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მას მოეპყრან და მიმართონ, როგორც ყაჩაღს. ეს ასე არ არის." - თქვა ბარტომეუმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"