იკერი ამტკიცებს, რომ ასეთი ახალგაზრდული გუნდით ყველა ფრონტზე ტიტულისთვის ბრძოლა ძალზე ძნელი იქნება. სამაგიეროდ, თუკი "რეალი" ძირითად ბირთვს შეინარჩუნებს, ამ გუნდს უდიდესი მომავალი ექნება. მართლაც, "ბარსელონასთან" საჩემპიონო რბოლაში ჩართულ "რეალის" შესახებ ბევრს ავიწყდება, რომ 29 წლის კაპიტანი პირველი გუნდის 24-კაციან განაცხადში ყველაზე უხუცესი წევრია (თუ არ ჩავთვლით მესამე მეკარე იერჟი დუდეკს, რომელიც 37 წლისაა).
"არ არის ადვილი
იკერმა ის დრო გაიხსენა, როცა 12-13 წლის ბიჭი იყო და "რეალის" აკადემიაში ვარჯიშობდა: "მახსოვს ის დრო, როცა 12-13 წლის ვიყავი და "კასტელანას" მოედანზე ვიდექი მამასთან ერთად და იქიდან გავყურებდი "ბერნაბეუს" სტადიონს. მაშინ უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთხელაც მეც ჩავდგებოდი კარში "რეალის" ფორმით. როცა "ბილბაოსა" და "სოსიედადს" ვეთამაშებოდით და მე ტრიბუნიდან ვუცქერდი, უკვე ვიცოდი, რომ ამ გუნდების წინააღმდეგ მეც ვითამაშებდი".
იკერმა კატეგორიულად უარყო ხმები, თითქოს, ფეხბურთელთა შორის ცუდი ურთიერთობებია. მაგალითად, მასსა და კრიშტიანო რონალდოს შორის: "ვფიქრობ, ვისაც უნდა, კარგად ხედავს, რომ გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და ყველა ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. კარგად მესმის, რომ სკანდალური ამბები "რეალზე" კარგად "იყიდება". კრიშტიანო რონალდო ის პერსონაა, რომ მარტო მისი ხსენებაც საკმარისია, რომ გაზეთები დაიტაცონ.
ადრე ჩემსა და მარსელოს შორის მოხდა პატარა ინციდენტი, თუმცა ეს წარსულია და ჩვენს შორის ახლა ძალიან კარგი ურთიერთობაა. დაახლოებით მსგავსი მოხდა ჩემსა და რონალდოს შორისაც. მაგრამ ორივე შევეცადეთ, რომ ეს ინციდენტი აღმოგვეფხვრა. საკმაოდ კარგად ვართ ერთმანეთში. არადა, პრესა სულ სხვას წერს, მათ უნდა "გაყიდონ" ისტორიები, რომლებიც არ მომხდარა".
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გოლკიპერი ბარსელონაში გაძევებისთვის დისკვალიფიცირებულია და ის "ლევანტეს" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.