თვითმხილველის თვალით: "ალავესი" ახლო ხედით

AutoSharing Option
ქალაქ ვიტორიაში საკალათბურთო კემპზე ყოფნისას საშუალება მომეცა საფეხბურთო გუნდ "ალავესის" სტადიონსა და მის ხელმძღვანელებს გავცნობოდი. შთაბეჭდილებას თქვენც გაგიზიარებთ და ერთ შეკითხვას დაგისვამთ: არ შეიძლება თუნდაც "ალავესის" დარი გუნდი ჩვენც გვყავდეს?

როცა კალათბურთი ხედავს ფეხბურთს
2015-16 წლების სეზონში გიორგი აბურჯანიას "ჟიმნასტიკი" ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მოსახვედრად რომ იბრძოდა, სწორედ მაშინ გაგვახსენა თავი ბასკურმა გუნდმა "ალავესმა".

"ხიმნასტიკისგან" განსხვავებით, მან "ლა ლიგის" საგზური მოიპოვა და 2003 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ესპანეთის ელიტარულ ლიგაში. სადებიუტო მატჩში, 21 აგვისტოს მადრიდის "ატლეტიკოს" ესტუმრება. ეს ის "ალავესია", 90-იანი წლების
ბოლოს არა მხოლოდ ესპანურ, ევროპულ ფეხბურთშიც რომ გამოანათა, 2001 წელს კი უეფას თასის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფინალი ითამაშა - დამატებით დროში 4:5 დამარცხდა "ლივერპულთან".

ეს გახლავთ "ალავესის" ტოპმიღწევა და ნებისმიერ გულშემატკივარს სწორედ 4:5 აკერია პირზე, თითქოს, გამარჯვება მის გუნდს დარჩენოდეს. კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ხესუს ვასკესმა "ალავესის" სტადიონზე მოწყობილ კლუბის ოფისში რომ მიგვიწვია, პირველივე წინადადებაში 4:5 ახსენა, ის მატჩი რომ მოგვეგო, შეიძლება, გუნდის ბედი სხვაგვარად წარმართულიყოო.

2003 წელს "ალავესი" მეორე ლიგაში დაქვეითდა, შემდეგ მესამეში და, ვგონებ, მხოლოდ ვიტორიელებსღა ახსოვდათ, ვიდრე მას "სასკი ბასკონიამ" არ მიხედა.

- მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როცა, საკალათბურთო გუნდის ხელმძღვანელობა საფეხბურთო გუნდს ჰკიდებს ხელს, - განაგრძობს ხესუს ვასკესი, - როგორც წესი, პირიქითაა, ავიღოთ თუნდაც "ბარსელონას", "რეალის" მაგალითები... "ალავესი" რომ ჩავიბარეთ, გუნდი მესამე ლიგაში თამაშობდა და ვალი 15 მილიონს შეადგენდა.

მას მერე, სწორი მუშაობით ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგამდე აღზევდა, ვალი კი მთლიანად გასტუმრებულია. ამ სეზონიდან "ალავესის" ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება, ახალი გუნდი უნდა ავაშენოთ.

სწორ მიდგომაში, რა იგულისხმება, ახლა რთული ასახსნელია. ხესუს ვასკესმა დეტალურად გაგვაცნო ის ნაბიჯები, რაც "ალავესის" ასაღორძინებლად გადაიდგა. ყველაფრის თავი და თავი კარგი მენეჯმენტი, მართვა და გათვლებია. გენერალურმა მენეჯერმა ერთ საამაყო გათვლაზე გაამახვილა ყურადღება: ახალი სეზონის წინ ავიყვანეთ ვენესუელელი კრისტიან სანტოსი, რომელიც მეორე ბექჰემიაო.

რას გულისხმობდა "მეორე ბექჰემში" უმალ მივხვდი, როდესაც მისი ფოტო ვნახე - სახით მართლაც ჰგავს ინგლისელ ვარსკვლავს. მისი დამატების ინფორმაცია რომ გავრცელდა, უმალ გაიყიდა 200 აბონემენტი, რომელთა უმრავლესობა ქალებმა იყიდეს. აი, სწორი გათვლა...

ტრაქტორის მძღოლის ემოცია
რაც შეეხება მშენებლობას, ის მართლაც მაღალი ტემპით მიმდინარეობს. მოედანზე ერთი ტრაქტორი მეორეს ენაცვლება, ერთს ერთი ტიპის ქვიშა შემოაქვს, მეორეს - მეორე ტიპისა.

ეს ყველაფერი კი საჭიროა გრუნტისთვის. ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდს ხომ უმაღლესი დონის მოედანი უნდა ჰქონდეს. ყვითელი ტრაქტორის ერთმა მძღოლმა გვარიანად შეგვაშინა: მოედნის კიდესთან ქართველ კოლეგებთან ერთად ვიდექი, როცა ტრაქტორის კაბინიდან ყვირილი ატეხა, თან თითით მიწაზე მიგვანიშნებდა.

ჯერ გვეგონა იქ დგომა აკრძალული იყო, შემდეგ, რომ არ გაჩერდა, კარგად დავაკვირდით, ჩასავარდნი ხომ არ არის-თქო. ვერაფერს მივხვდით. ბოლოს, ტრაქტორიდან ჩამოვიდა, შეწუხებული სახით მოგვიახლოვდა, დაიხარა და ფურცელი მოგვაწოდა - წეღან დაგივარდათო. გულს მოგვეშვა, ესპანურად გადავუხადეთ მადლობა... ბასკები ქართველებივით ხმაურიანი და ემოციური ხალხიაო, სადღაც მქონდა წაკითხული. ტრაქტორის მძღოლმა ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა.

ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ სტადიონის ამ ქვიშნარში ბალახის დაგება 17 აგვისტომდე უნდა მოესწროს, რადგან 28-ში პირველ საშინაო მატჩს ვატარებთო ("სპორტინგის" წინააღმდეგ). ისიც დაამატეს, სკამებიც მთლიანადაა შესაღები და განათების სისტემა - შესაცვლელი. გაკვირვებით რომ ვკითხე - ამდენი რამ აგვისტოს ბოლომდე როგორ უნდა მოასწროთო, გაკვირვებითვე მიპასუხეს: რატომ ვერ უნდა მოვასწროთ?

მხოლოდ განათების სისტემის გამოცვლა იწელებოდა დროში, მაგრამ ისეთი კომპანია მოვძებნეთ, რომელიც შედარებით მაღალ ფასად დროულად ჩაბარებას დაგვპირდაო.

...დიდი სხვაობაა ქართულ და ესპანურ კომპანიებს შორის. პირველ რიგში, მენტალიტეტში. ჩვენთან ხომ დათქმული დრო მხოლოდ პირობითია. როგორც წესი, დრო ორმაგდება, თუ კომპანიის ხელმძღვანელებმა ფული აიღეს და უკრაინაში გაიქცნენ, არავინ იცის, როდის დასრულდება დაწყებული საქმე...

ესპანურ წესრიგსა და საქმისადმი მიდგომას რომ დავუკვირდი, მივხვდი - ქვეყნის შენება მენტალიტეტიდან უნდა დავიწყოთ. აკი მითხრა საკალათბურთო კლუბ "ბასკონიას" კატალონიელმა დირექტორმა ბორხა კომანხემ ქართველ ბავშვებზე დაკვირვების შედეგად: ქართველები ბასკებივით მშრომელები ხართ, ბასკებივით ამაყები. სიამაყე კი სწორად უნდა მიმართოთ - თქვენს მიერ გაკეთებული საქმით უნდა იამაყოთო. ჩვენთან კი, როგორც ხდება, კარგად მოგეხსენებათ.

Sportall.Ge

დროშები კედლებსა და აივნებზე
გემახსოვრებათ, თბილისში ძველისძველი შენობები მხოლოდ გარედან რომ გადაღებეს. ასეთი რამ ბასკეთში წარმოუდგენელია. "ალავესის" სტადიონი "მენდისოროსა" გარედანაც მშვენივრად გამოიყურება და შიგნიდანაც - ერთ მივარდნილ კუთხეში იმდენად მაღალ ხარისხში იყო შესრულებული "ალავესის" დროშა, ახლოს მივედი, იმის გადასამოწმებლად, მართლა დახატული იყო, თუ ნაჭრისა ეკიდა.

ქალაქ ვიტორიაში ალმების გამოკიდება ძალიან ჰყვარებიათ. რაც უფრო ქალაქის ცენტრისკენ მიდიხართ, მით მეტ აივანზე შეხვდებით საკალათბურთო კლუბ "ბასკონიასა" და საფეხბურთო "ალავესის" დროშებს.

თუ საკალათბურთო მატჩია, "ბასკონიას" დროშას ჩამოხსნიან, მხრებზე მოიხვევენ და "ბუესა არენისკენ" მიემართებიან, თუ ფეხბურთია - "ალავესის" ლურჯ-თეთრ ბაირაღს შემოიხვევენ და სტადიონ "მენდისოროსასკენ" მიიმღერიან. ვიტორიელები ბედნიერი ხალხია, 300 ათასიან ქალაქში ორი ევროპული გუნდი ჰყავთ... ზოგიერთ 3 მილიონიან ქალაქში ერთიც არა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული