ევროპის სუპერთასზე "რეალი" და "სევილია" პირველად არ ხვდებიან ერთმანეთს. 2014 წელს მათი დაპირისპირება შედგა კარდიფში, სადაც "სამეფო კლუბმა" კრიშტიანო რონალდოს ("სევილიას" კარში სხვადასხვა ტურნირზე 22 გოლი აქვს გატანილი 15 მატჩში, 5 ჰეთ-თრიკით) დუბლით 2:0 გაიმარჯვა.
"სევილია" პირველი კლუბია, რომელიც ზედიზედ მესამე სუპერთასს თამაშობს.
"რეალს" დღეს რონალდო რომ არ ეყოლება, ცნობილი ამბავია, მაგრამ ეს არ არის მადრიდელთა ერთადერთი დანაკლისი. ზინედინ ზიდანი დღეს ვერც გარეთ ბეილსა და ტონი კროოსს დაიხმარებს.
არ იქნება პეპეც, რომელიც ეს-ესაა შვებულებიდან დაბრუნდა და სათამაშოდ მზად არ არის.
რაც შეეხება "სევილიას", დღეს ამ გუნდის მწვრთნელის, ხორხე სამპაოლის ოფიციალური დებიუტი შედგება. ტრავმების გამო ანდალუსიელებს მარცხენა მცველი ფრანგი ბენუა ტრემულინასი და დანიელი ნახევარმცველი მიხაელ კრონ-დელი არ ეყოლებათ.
საყურადღებოა, რომ შარშანდელი სუპერთასის შემდეგ "სევილიას" შემადგენლობაში აღარ არიან გრჟეგოჟ კრიხოვიაკი, კევინ გამეირო, ევერ ბანეგა, კოკე და მწვრთნელი უნაი ემერი.
მატჩი ჩვენი დროით 22:45 საათზე გაიმართება.
გიორგი ნინიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"