ლა ლიგა. XXIV ტურის წინ: "განსაკუთრებულის" განსაკუთრებული მატჩი

AutoSharing Option
ამ ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლნი შინ ითამაშებენ, მდევარი "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე "ლევანტეს" მასპინძლობს, ხოლო კვირას ლონდონში დამარცხებული "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" ბილბაოს "ატლეტიკს" მიიღებს. როგორც ხედავთ, ისეთი სიტუაციაა, რომ ლა ლიგის საჩემპიონო რბოლის კიდევ უფრო დაძაბვის პროგნოზირება სულაც არ იქნება მკრეხელობა. ბოლოს და ბოლოს, "ბლაუგრანას" ხომ 5 თებერვლის შემდეგ არ მოუგია.


დღევანდელი მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჟოზე მოურინიოსთვის - თუკი დღეს "განსაკუთრებულის" "რეალი" არ წააგებს, პორტუგალიელი ზუსტად 9-წლიან წაუგებელ სერიას შეასრულებს ეროვნული ჩემპიონატების საშინაო მატჩებში. ბოლო გუნდი (და ერთადერთი!), რომელმაც მოურინიოს დამარცხება

მისსავე მოედანზე შეძლო, მოკრძალებული "ბეირა მარია". საოცარი შედეგია, რომელიც, არა გვგონია, რომელიმე მწვრთნელმა ოდესმე გააუმჯობესოს ფეხბურთში (არ დაგავიწყდეთ, რომ 9 წლის განმავლობაში მოურინიო ლიგა საგრეშში, პრემიერლიგაში, სერია A-ში და პრიმერადივიზიონში მოღვაწეობდა). და, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი დღეს რეკორდის დამყარებას? ძნელი წარმოსადგენია, რომ ის "ლევანტე", რომელსაც "სამეფო თასზე" "სამეფო კლუბმა" ახლახან (დეკემბერში) 8:0 მოუგო, "ბერნაბეუზე" გმირობის ჩადენას შეძლებს. ვალენსიელთა სასარგებლოდ მხოლოდ ერთი არგუმენტი მოქმედებს - მადრიდში ლუის გარსიას გუნდი (24 ქულა, მე-15 ადგილი) 3-მატჩიანი გამარჯვების სერიით მიდის. "ბარსას" 16-მატჩიან სერიასთან, აბა ეს რა მოსატანია, მაგრამ "ლევანტესთვის" კი ნამდვილად საამაყო ფაქტია.

თავად ჟოზე მოურინიო კი არ აღიარებს, რომ "ლევანტესთან" მატჩს რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს - "ლევანტესთან" შეხვედრას ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესად მხოლოდ იმიტომ მივიჩნევ, რომ ის შემდეგია", - უთხრა პორტუგალიელმა თავკაცმა "რეალის" ოფიციალურ საიტს.

"ძალიან კამყოფილი ვარ, რადგან რთული შეხვედრები ჩამოვიტოვეთ და, ვფიქრობ, ფორმის პიკს დავუახლოვდით. განსაკუთრებით მოხიბლული "ესპანიოლთან" მატჩით ვარ, რადგან ამ თამაშში ფეხბურთელებმა შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშეს. აი, ზუსტად ეს მაინტერესებს ახლა, როცა ყოველ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

"ლევანტე" სახიფათო გუნდია, მას ჩვენ ამ სეზონში სამჯერ შევხვდით და მხოლოდ ერთხელ ვაჯობეთ. მეტოქე ახლა მართლაც კარგ ფორმაშია, სხვანაირად "ვილიარეალის" დამარცხება შეუძლებელია. ვალენსიელებმა თავი დააღწიეს გავარდნის ზონას. გუნდიდან ფელიპე კაისედოს გამოვყოფ, სახიფათო ფორვარდია. არც სტუანისა და ხორდას დავიწყება შეიძლება, კარის სიახლოვეს ისინი ძალიან სახიფათოები არიან - ფეხითაც კარგად ურტყამენ და საჰაერო ორთაბრძოლებშიც ყოჩაღობენ.

ჩემი საშინაო რეკორდი ამ შემთხვევაში ნაკლებად მაინტერესებს, მის გასაგრძელებლად სპეციალურად არაფერს ვაკეთებ. როგორ ფიქრობთ, ხვალ თამაშის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე ფრე რომ იყოს, არ გავრისკავ და არ შევუტევ რეკორდის გამო? ეს ხომ გამორიცხულია, ამ თამაშში გამარჯვება მჭირდება და არაფერი გამარჯვების გარდა. რომელ რეკორდზე ვიფიქრო, როცა თითოეულ ქულას ვითვლი. ქულები, აი, ეს არის მთავარი, მათ შეუძლიათ ტიტულების მოტანა, რეკორდებს - ნაკლებად.

ძალიან ბევრს მეკითხებიან "ლიონთან" საჩემპიონთალიგო მატჩის შესახებ. მოდით, შევთანხმდეთ, ამ შეხვედრის დროც მოვა და მაშინ ვილაპარაკოთ. "ლევანტესთან" მატჩში ორ ცვლილებას ვაპირებ წინა შეხვედრასთან შედარებით, მაგრამ ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ცვილებები. გუნდის ხერხემალი, სტრუქტურა და, რაც მთავარია, ხარისხი იგივე დარჩება: ალბიოლი დაიკავებს პეპეს ადგილს. ამაში ახალი არაფერია. უბრალოდ, ვცდილობ დავინდო ფეხბურთელი, რომელმაც ტრავმის გამო თვე გააცდინა, მეორე ცვლილება კი იძულებითია, მოგეხსენებათ.  დაცვაში სერხიო, ალბიოლი, კარვალიო და მარსელო ითამაშებენ. ასევე ვაპირებ კრიშტიანო რონალდოს გამოყვანას, რა საჭიროა ისეთი ფეხბურთელის დასვენება, რომლის ორგანიზმი ამას არ საჭიროებს. კრიშტიანო ხარივით ჯანმრთელია და არ მესმის, რატომ მოვაკლო გუნდს უმნიშვნელოვანესი ფიგურა, თუ ის დაღლილი არ არის. როცა იქნება, მასაც დავასვენებ, მაგრამ ახლა არა", - განაცხადა მოურინიომ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

ლასანა დიარა მიიჩნევს, რომ "რეალს" სეზონის ბოლომდე ყველა თამაშის მოგება ესაჭიროება, რათა ტიტულს მიწვდეს: "საშინაო მატჩებში გამარჯვება ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა ახლა ჩვენ ყველა დარჩენილი მატჩი უნდა მოვიგოთ, თუ ჩემპიონობა გვინდა. მართალია, "ლევანტეს" 8:0 მოვუგეთ თასზე, მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩემპიონატში მათ ქულები დაგვაკარგვინეს. "ლევანტე" გუნდური თამაშით ძლიერია, ხოლო კაისედო მათი ყველაზე საშიში ფეხბურთელია, ის ბევრ პრობლემას შეგვიქმნის. თუმცა ჩვენ უკვე კარგად შევისწავლეთ ისინი და, წესით, უნდა დავამარცხოთ კიდეც. ადებაიორი ძმასავით მიყვარს, ჩვენ ერთმანეთს "არსენალში" დავუახლოვდით. ერთად ბევრი რამ გვიკეთებია და მოედანზე ერთმანეთს კარგად ვუგებთ. ვცდილობ ენის შესწავლაში დავეხმარო, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია "რეალში". მსურს, ბილბაოელებმა "კამპ ნოუზე" გაიმარჯვონ. ეს მართლა ძალიან მაგარი იქნება."


"რეალმა" უკვე დაასრულა "ლევანტესთან" მატჩისთვის მზადება, "ვალდებებასის" ბაზაზე 23-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა გუშინ. არ უვარჯიშია მხოლოდ ტრავმირებულ გონსალო იგუაინს. გადაწყვეტილების მიღების დრო მოვიდა და "განსაკუთრებულმა" განაცხადს მიღმა პეპე, გრანერო, კანალესი და პედრო ლეონი დატოვა. კასილიასის დისკვალიფიკაციის წყალობით, თამაშის არა და, სათადარიგოთა სკამზე მოხვედრის შანსი ახალგაზრდა გოლკიპერ ტომას მეხიასს გაუჩნდა.

"ლევანტეს" ბანაკში მცირე პრობლემებია, გამოცდილი მცველი ხავი ვენტა დისკვალიფიცირებულია, ხოლო ტრავმის გამო "რეალთან" დაპირისპირებას მიგელ პალიარდო, სერხიო გონსალესი და გორკა ლარეა გამოტოვებენ.

"ბარსას" თავკაც პეპ გვარდიოლას კი ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელმა თამაშმა საფიქრალი მოუმატა. წარმოიდგინეთ, მოკლე ხანში ასეთი დიდი წარმატებების მიმღწევ მწვრთნელს ჯერ ჩემპიონთა ლიგაში საგარეო მატჩში არ მოუგია.

პეპს კვლავ არ ეყოლება ჟეფრენ სუარესი, საეჭვოა კაპიტნის, კარლეს პუიოლის თამაშიც, მაგრამ ამ ორის შესახებ ისედაც ყველამ იცოდა, გუშინ "ბარსას" ვარჯიში დავიდ ვილიამ გამოტოვა - "ელ გუახემ" მარცხენა ფეხის კოჭი დაიზიანა. "ბილბაოსთან" თამაში რომ დღეს იყოს, ვილიას შანსი არ ექნებოდა, მაგრამ, რადგან თამაში კვირასაა, "ბარსას" ექიმები იმედს არ კარგავენ, რომ ფორვარდი ბასკების კარს შეუტევდნენ. პეპმა გუნდთან ერთად სარეზერვო გუნდის სამი ფეხბურთელი ავარჯიშა: აბრაამი, სერხი რობერტო და დალმაუ.


ჩვენ სათანადო ყურადღება დავუთმეთ ჟოზე მოურინიოს სავარაუდო რეკორდს, თუმცა უნდა ვთქვათ რატომაა ეს მატჩი გამორჩეული ხოსეპ გვარდიოლასთვის: ხვალ, როცა "ბარსას" თავკაცი სათადარიგოებს გვერდში მიუჯდება, ეს მისი მე-100 შეხვედრა იქნება ლა ლიგაში მთავარი მწვრთნელის სტატუსით. ყველაფერი კი "ნუმანსიასთან" გასვილითი მატჩით დაიწყო და მას მერე პეპმა ბევრი რეკორდიც დაამხო. 2008 წლის 31 აგვისტოდან 2011 წლის 12 თებერვლის ჩათვლით, "ბარსელონამ" 99 მატჩი გამართა, "ბლაუგრანამ" აქედან 78 მოიგო, 14 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 7 მატჩი წააგო. "ბარსამ"  სულ 274 გოლი გაიტანა. ყველა ეს მაჩვენებელი კლუბის ისტორიაში საუკეთესო გახლავთ. და ყველაზე მთავარი, რითაც ნებისმიერი მწვრთნელი იამაყებდა - გვარდიოლა მწვრთნელი 5-ჯერ დაუპირისპირდა "რეალს" და ხუთჯერვე დაამარცხა, მათ შორის ისეთი ფანტასტიკური ანგარიშებით, როგორიც 6:2 ("ბერნაბეუზე") და 5:0-ია ("კამპ ნოუზე").


"ბილბაოს" "კამპ ნოუზე" არ ეყოლება იბაი გომესი და იონ აურტენეჩე, ჯგუფთან ერთად არ უვარჯიშიათ მიკელ სან ხოსეს და იგორ გაბილონდოს, მათი თამაში საეჭვოა.

ღრმა კრიზისში მყოფი "ატლეტიკო" ერთ-ერთ აუტსაიდერ "სარაგოსას" სტუმრობს. წარმოდგენაც კი გვიჭირს, რა შეიძლება მოხდეს, იმ შემთხვევაში, თუკი დედაქალაქელები კვლავ დამარცხდებიან. ამ შემთხვევაში, ალბათ, კიკე ფლორესს თანამდებობის დატოვება მოუწევს, მიუხედავად კლუბის პრეზიდენტის გარანტიისა, რომ კიკე სეზონის ბოლომდე დარჩება. კიკეს არ ეყოლება ბრაზილიელი მარცხენაფლანგელი ფილიპე ლუიში, საეჭვოა სერხიო აგუეროს თამაშიც. სხვათა შორის, ტრავმა ბოლომდე არც დავიდ დე ხეას მოურჩენია, თუმცა ახალგაზრდა გოლკიპერი არაგონის დედაქალაქში აუცილებლად ითამაშებს - მოკლედ დღევანდელი "ატლეტიკოს" ყოფა ასეთია: პრობლემები, პრობლემები და პრობლემები...

ორიოდ სიტყვით სხვა მატჩებზეც გავჩერდებით: მესამე ადგილზე გადასული "ვალენსია", რომელიც რაულმა საკუთარ "მესტალიაზე" დაჭრა, იქვე წინა ტურის გმირ გუნდს, ხიხონის "სპორტინგს" მასპინძლობს, რომელსაც დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლება "ბარსას" კარში ცნობილი გოლის ავტორი დავიდ ბარალი. "ოსასუნა" ახალი მწვრთნელით უმასპინძლებს "ესპანიოლს", "ვილიარეალი" კი პოზიციების დაბრუნებას "მალაგასთან" მატჩში შეეცდება.

 

დღეს
ვალენსია-სპორტინგი 21:00
დისკვალიფიკაცია: ბარალი (სპორ)
ტრავმა: სტანკევიჩიუსი, მოია - გრეგორი (?), ეგურენი (?)

რეალი-ლევანტე 23:00
დისკვალიფიკაცია: კასილიასი - ვენტა
ტრავმა: დუდეკი (?), იგუაინი - ლარეა, პალიარდო, გონსალესი

სარაგოსა-ატლეტიკო 01:00
დისკვალიფიკაცია: ანდერი - გოდინი
ტრავმა: ლაფიტა, ობრადოვიჩი (?) - ფ. ლუიში, აგუერო (?)

ხვალ
ალმერია-დეპორტივო 20:00
დისკვალიფიკაცია: მიჩელი (ალმ)
ტრავმა: ხუანიტო (?), ნიეტო, ხუანმა ორტისი - საული, ურეტა, გუარდადო

ხეტაფე-რასინგი 20:00
დისკვალიფიკაცია: გომესი - ფერნანდესი
ტრავმა: მორალი, მარიო, არისმენდი (?) - ციოლისი, კოლტორტი, დიოპი, სერანო

ოსასუნა-ესპანიოლი 20:00
დისკვალიფიკაცია: დამია, ფლანიო (ოსას)
ტრავმა: სეხუდო, რუპერი, რობერტო, სერხიო, არანდა - ლ. გარსია, ალონსო, მატიონი, როდრიგესი, მოლინა

ვილიარეალი-მალაგა 20:00
ტრავმა: კარლოსი, ა. ლოპესი - რუბენი, დუდა, მალაგუენო, ასენხო

სევილია-ერკულესი 22:00
ტრავმა: დრაგუტინოვიჩი, ჩიგარინი (?), ზოკორა, რენატო, კანუტე, გუარენტე - პენია, ვალდესი, დრენტე, სარი, კრუსი

ბარსელონა-ბილბაო 00:00
ტრავმა: ჟეფრენი, პუიოლი (?), ვილია (?) - აურტენეჩე, გომესი, სან ხოსე (?), გაბილონდო (?)


ზეგ
რეალ სოსიედადი-მალიორკა 00:00
ტრავმა: ხ. ლორენტე - ვიქტორი, პინა


თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 23 20 2 1 71-12 62
2. რეალი 23 18 3 2 53-19 57
3. ვალენსია  23 14 5 4 38-25 47
4. ვილიარეალი 23 14 3 6 41-23 45
5. ბილბაო 23 12 2 9 37-32 38
6. ესპანიოლი 23 12 1 10 30-31 37
7. ხეტაფე 23 9 4 10 35-37 31
8. სევილია 23 9 4 10 35-38 31
9. სოსიედადი 23 10 1 12 34-37 31
10. მალიორკა 23 9 4 10 25-30 31
11. ატლეტიკო 23 9 3 11 32-31 30
12. ერკულესი 23 7 4 12 24-37 25
13. რასინგი 23 6 7 10 20-33 25
14. დეპორტივო 23 6 7 10 20-34 25
15. ლევანტე 23 7 3 13 24-34 24
16. სპორტინგი 23 5 8 10 23-31 23
17. სარაგოსა 23 5 8 10 22-36 23
18. ოსასუნა 23 5 7 11 21-30 22
19. ალმერია 23 4 8 11 23-39 20
20. მალაგა 23 5 4 14 30-49 19


ბომბარდირები: 24 - რონალდო (რეალი), მესი (ბარსელონა); 15 - ვილია (ბარსელონა); 13 - ფ. ლორენტე (ბილბაო); 12 - როსი (ვილიარეალი), პედრო (ბარსელონა); 10 - ტრეზეგე (ერკულესი), ნილმარი (ვილიარეალი).

 

 

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული