ლა ლიგა. III ტური: მარცხი 558 დღის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
* 558-დღიანი პაუზის შემდეგ მადრიდის "რეალი" ლა ლიგის ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. ბოლოს "სამეფო კლუბი" ლიდერი 2014/15 წლების სეზონის 26-ე ტურში იყო.
* "რეალმა" ლა ლიგაში ზედიზედ მე-15 საშინაო მატჩი მოიგო. ამით ზინედინ ზიდანმა ლეგენდარული მიგელ მუნიოსის რეკორდი გაიმეორა (1960/61).
* "ბარსელონას" ჰოლანდიელ დებიუტანტ იასპერ სილესენს ცუდი დღე ჰქონდა - მან პირველი ოთხი დარტყმიდან ორი გაუშვა.
* ბოლოს "ბარსელონა" მისსავე მოედანზე სეგუნდადან გადმოსულმა გუნდმა 2010 წელს დაამარცხა (ერკულესი - 0:2).
* ლუის სუარესმა "ბარსელონაში" მეასე მატჩი ითამაშა.

ლა ლიგის მსვლელობაში
კინაღამ სინოპტიკოსები ჩაერივნენ, რომელთაც რამდენიმე მატჩის გადადება აუტანელი სიცხის გამო სურდათ. საბოლოოდ, "ბარსელონასთვის", ალბათ, სჯობდა, მათი შეხვედრა "ალავესთან" გადადებულიყო. ასე ხომ კატალონიელები 1980 წლის მერე ამ ბასკურ გუნდთან შინ მარცხს თავს აარიდებდნენ. ტურში შედგა კრიშტიანო რონალდოს დაბრუნება, რა თქმა უნდა, გოლიანი.

მეორე ტაიმში გაცოცხლდნენ
"ანოეტაზე" დიამეტრალურად განსხვავებული ტაიმები ვიხილეთ. პირველში ხიფათი მხოლოდ მაშინ იქმნებოდა, როცა "სოსიედადი" კუთხურს აწვდიდა, რასაც ერთხელ ინიგო მარტინესის ხელით დარტყმული (მსაჯმა ვერ შეამჩნია) მოჰყვა, რომელიც ოდნავ აცდა კარს; მეორედ ინიგომ თავით ზუსტად, მაგრამ სუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმში ხუანმის თამაშგარეს გამო გოლი არ ჩაუთვალეს და თამაშიც გაიხსნა - "ესპანიოლი" პაბლო პიატიმ ჩინებული გოლით დააწინაურა და სტუმრებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ აქეთ მიიღეს ბურთი - ზალდუას ჩაწოდებულს თავით ვილიან ჟოზე გამოეხმაურა - 1:1.

სტუმართა რიგებში დიეგო ლოპესის დებიუტი შედგა, ვეტერანმა გოლკიპერმა ბოლო წამებზე თავდაუზოგავი ნახტომით კატალონიელები მარცხისგან იხსნა. ზედიზედ მესამე ტურია, "ესპანიოლი" ვერ ინარჩუნებს ანგარიშს.

პირველი გამარჯვება
ვიგოში დიეგო სიმეონეს გუნდმა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა. ანგარიშიდან ჩანს, რომ ეს იოლად მოხდა, მაგრამ საკმარისია აღვნიშნოთ, რომ პირველი გოლი "სელტას" კარში "ატლეტიკომ" მხოლოდ 53-ე წუთზე გაიტანა.

სიმეონემ გამეიროს ფერნანდო ტორესი არჩია, თუმცა "ელ ნინიოს" კარშიც კი არ დაურტყამს და ის ფრანგმა შეცვალა. მატჩის გმირი კი სხვა ფრანგი გახდა - ანტუან გრიზმანმა დუბლი მიითვალა და კოკესაც გაატანინა. ერთი გოლი კი შეცვლაზე შესული ანხელ კორეას ანგარიშზეა.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ახლა გოლების გატანა შევძელით, რაც წინა მატჩებში ასე გვაკლდა, გამოსწორდა. პირველმა გოლმა ლოდი ჩამოგვხსნა და ჩვენც გავილაღეთ. სხვა მხრივ, "ატლეტიკოს" სტრუქტურა სამივე მატჩში ერთნაირი იყო".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოდრიჩ-შოუ
"სამეფო კლუბი" სამი ტურის შემდეგ 9 ქულით ლა ლიგის ლიდერია. ზინედინ ზიდანის გუნდმა "ოსასუნა" დიდებულ სტილში დაამარცხა - 5:2 მოუგო. თანაც, ნავარელებმა მხოლოდ მას მერე გამოიღეს ხელი, რაც ანგარიში 5:0 გახდა. დაბრუნება გოლით აღნიშნა კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც მე-6 წუთზე გახსნა ანგარიში.

ტრავმის მერე დაბრუნდა ქარიმ ბენზემაც, რომელმაც მეორე ტაიმში სწორედ რონალდო შეცვალა, ვინც ჯერ არ არის ფორმაში (კარში მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდა). ლუკა მოდრიჩის გარდა, "რეალის" სხვა გოლები მცველთა ანგარიშზეა (დანილო, სერხიო რამოსი, პეპე). "რეალის" რიგებში მაინც მოდრიჩს გამოვყოფთ, ასევე კარგი იყო ორი საგოლე პასის ავტორი ტონი კროოსი.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ყველანი გახარებულები ვართ, რომ რონალდო დაგვიბრუნდა. "სპორტინგთან" ჩემპიონთა ლიგაზე ის დაახლოებით ერთ საათს ითამაშებს. სეზონი წინაა, ბევრი მატჩი რჩება და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ რონალდოს. მოდრიჩი დიდებული ფეხბურთელია, მარტო თავისი გამოცდილების ხარჯზეც კი შეუძლია ფონს გასვლა. ის ყველანაირ შექებას იმსახურებს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნავი ფორმაში შედის
"ყვითელი წყალქვეშა ნავი" სიჩქარეს უმატებს - "ვილიარეალმა" სტუმრად ორი უპასუხო გოლით დაამარცხა "მალაგა". გოლები პირველ ტაიმში გავიდა, ხაუმე კოსტასა და სანსონეს გოლებს შორის კი იყო ბრუნო სორიანოს გაფუჭებული პენალტი. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი საყრდენი ტრიგეროსი მიგვაჩნია, რომელმაც დიდებულად ჩაკეტა "მალაგას" შეტევების უდიდესი ნაწილი.

ვიტორიას ვიქტორია
ლუის ენრიკემ ექსპერიმენტული შემადგენლობით მოინდომა "ალავესის" დამარცხება. რომ დაინახა, ელიტაში დაბრუნებული აღარ ხუმრობდა, ბრძოლაში ლეო მესი, ანდრეს ინიესტა და ლუის სუარესიც ჩართო, მაგრამ ეს არ იყო "ბარსელონას" დღე.

სტუმრები წინ დეივერსონმა ტაიმის მიწურულს გაიყვანა, როცა დასწრებაზე მასკერანოს აჯობა. როცა მეორე ტაიმის დასაწყისში მატიომ თავით გაათანაბრა, ბევრს ეგონა, ყველაფერი ჩვეულ სცენარს დაუბრუნდებოდა, მაგრამ "ალავესი" ყოჩაღი გამოდა. ბასკებს ჯერ ერთი გოლი გაუუქმეს თამაშგარე მდგომარეობის გამო, მაგრამ შემდეგ იბაი გომესმა წესების სრული დაცვით გაუტანა დებიუტანტ სილესენს და ექსბილბაოელმა ვიტორიელებს მოაგებინა.

იბაისა და დეივერსონის გარდა, გამოვყოფთ კიკო ფერმინიას კარგ თამაშს, რომელიც "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელია.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "კარგად ვიცი, რომ, როცა გუნდი ვერ თამაშობს, პირველი პასუხისმგებელი მე ვარ. ვერაფერი მოვუხერხეთ მათ 5-4-1 განლაგებას. გარდა ამისა, ჩვენი დაცვა არ იყო საიმედო დღეს მთელი მატჩის განმავლობაში. ძალიან ცუდია, რომ წავაგეთ, მაგრამ ამ წაგებისგან კარგ გაკვეთილს მივიღებთ და შეცდომების გამოსწორებაზე ვიზრუნებთ. ახლა ჩემპიონთა ლიგა მოდის და შეცდომების დაშვება აღარ შეიძლება".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კანარული დრამა პისხუანზე
"ლას პალმასის" ფანები, ალბათ, დარწმუნებულნი არიან, რომ მათ გუნდს ხელიდან ლიდერობა და უეჭველი სამი ქულა წაგლიჯეს. მართლაც, 89-ე წუთამდე გუნდი "სევილიას" მისსავე "სანჩეს პისხუანზე" ტანასუს გოლით უგებდა, მაგრამ მსაჯმა მათ კარში საეჭვო პენალტი დანიშნა და ფეხბურთელი გააძევა.

ამის შემდეგ კანარისკუნძულელებმა არათუ გამარჯვება, ქულაც კი ვერ შეინარჩუნეს. ჯერ შეცვლაზე შემოსულმა სარაბიამ პენალტით გაქვითა, მე-4 დამატებულ წუთზე კი ექსსევილიელი ხავი ვარასის შეცდომით ასევე შეცვლაზე შესულმა 20 წლის კარლოს ფერნანდესმა ისარგებლა და ხორხე სამპაოლის გუნდმა იმარჯვა - 2:1.

კვირის მატჩები
ასტურიაში "სპორტინგმა" მორიგი სამი ქულა ჩაიწერა დებიუტანტი "ლეგანესის" ძლევით. ხორვატმა დუიე ჩოპმა ჯერ ნაჩო კასესს გაატანინა, შემდეგ კი თავად პენალტი გაიტანა. თუმცა ხიხონელთა რიგებში საუკეთესო მოი გომესი იყო. მადრიდელებმა გაიბრძოლეს და დიეგო რიკოს გოლის შემდეგ ასტურიელები ანერვიულეს კიდეც, მაგრამ სულ ეს იყო - 2:1.

"მესტალიაზე" 5-გოლიანი თრილერი ვიხილეთ, რომელიც "ვალენსიასთვის" ისევ უქულოდ დასრულდა, "ბეტისთან" - 2:3. ანგარიში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა რუბენ კასტრომ გახსნა. შემდეგ კი "ბეტისის" მეორე ვეტერანმა იხეირა, ხოაკინმა ყოფილი თანაგუნდელები კონტრშეტევაზე დაიჭირა.

"ვალენსია" 10 კაცით დარჩა და უიმედო სიტუაციიდან, თითქოს, გამოძვრა - როდრიგომ მეკარეს დუელი აჯობა, შემდეგ კი ესეკიელ გარაიმ თავით იყოჩაღა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე რუბენ კასტრომ დუბლი შეასრულა.

"ეიბარმა" ანდალუსიაში თითქმის მთელი მატჩი 10 კაცით ითამაშა, მაგრამ მაინც მოიგო. გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესული სერხი ენრიჩის ანგარიშზეა.

რაულ გარსიას ერთადერთმა გოლმა "ბილბაოს" ლა კორუნიაში 1:0 მოაგებინა.

9 სექტემბერი
სოსიედადი-ესპანიოლი 1:1
გოლები: 0:1 პიატი (62), 1:1 ვილიან ჟოზე (78)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ზალდუა, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - პარდო (68. ველა), ილიარამენდი, ზურუტუზა - ოიარზაბალი, ვილიან ჟოზე, ხუანმი (83. ჩაბი პრიეტო)
ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი - ხ. ლოპესი (59. რ. დუარტე), დავიდ ლოპესი, ო. დუარტე, ვ. სანჩესი - ე. პერესი (70. სევილია), მ. როკა, ფუეგო, პიატი (78. ხურადო) - ლ. ბაპტიშტაო, ჟ. მორენო
გაფრთხილება: ილიარამენდი, ზურუტუზა - ო. დუარტე, რ. დუარტე, ფუეგო
გაძევება: ფუეგო (92)
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 9-4 (3-1); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 19 739

10 სექტემბერი
სელტა-ატლეტიკო 0:4
გოლები: 0:1 კოკე (53), 0:2 გრიზმანი (73), 0:3 გრიზმანი (81), 0:4 ა. კორეა (89)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, გომეს სოლა, ხონი - ვასი (68. ჯ. როსი), რადოია, პ. ერნანდესი - სენე (75. სისტო), ასპასი, ბონგონდა (86. პ. დიოპი)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი (82. ტიაგო), ს. ნიგესი, ფერეირა-კარასკო (68. ა. კორეა) - გრიზმანი, ფ. ტორესი (63. გამეირო)
გაფრთხილება: სენე - გაბი, კორეა
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 9-13 (1-6); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 18 064

რეალი-ოსასუნა 5:2
გოლები: 1:0 რონალდო (6), 2:0 დანილო (40), 3:0 ს. რამოსი (45), 4:0 პეპე (56), 5:0 მოდრიჩი (62), 5:1 ო. რიერა (64), 5:2 დ. გარსია (78)
რეალი (4-3-3): კასილია - დანილო, პეპე, ს. რამოსი, ნაჩო - მოდრიჩი (63. ასენსიო), კროოსი, კოვაჩიჩი - ბეილი (74. ლ. ვასკესი), მორატა, რონალდო (66. ბენზემა)
ოსასუნა (5-3-2): ნ. პერესი - ბონინი, უ. გარსია, ფლანიო, დ. გარსია, ფუენტესი - ოიერი, ფაუსტო, დე ლას კუევასი (71. რ. ტორესი) - რივიერი (61. ო. რიერა), კოდრო (53. ხ. რომერო)
შენიშვნა: რიერამ ვერ გაიტანა პენალტი (64)
გაფრთხილება: დანილო, რამოსი - ფლანიო, უ. გარსია, ბონინი
გაძევება: ბონინი (79)
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 25-10 (11-3); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 69 567

მალაგა-ვილიარეალი 0:2
გოლები: 0:1 ხ. კოსტა (33), 0:2 სანსონე (44)
მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, დ. ლორენტე, ველიგტონი, მ. ტორესი - ფორნალსი (46. კეკო), რესიო (69. კ. კასტრო), ნაჩო კამაჩო, ხონი - შარლესი, ს. რამირესი (46. ხუანპი)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მ. გასპარი, მუსაკიო, რუისი, ხ. კოსტა - კასტილიეხო (75. ჩერიშევი), ბრუნო სორიანო, ტრიგეროსი, რ. სორიანო (85. ნ'დიაი) - სანტოს ბორე (65. ჯონ. დოს სანტოსი), სანსონე
შენიშვნა: ბრუნო სორიანომ ვერ გაიტანა პენალტი (40)
გაფრთხილება: ველიგტონი, რესიო - კოსტა
კუთხური: 9-7; ჯარიმა: 8-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 15-12 (2-6); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 21 800

სევილია-ლას პალმასი 2:1
გოლები: 0:1 ტანასუ (16), 1:1 სარაბია (89-პენ), 2:1 კ. ფერნანდესი (94)
სევილია (4-3-3): ს. რიკო - მარიანო, რამი, პარეხა, ესკუდერო - ფ. ვასკესი, ნ'ზონზი, განსო (46. ვიტოლო) - ხ. კორეა (67. სარაბია), ბენ იედერი (66. კ. ფერნანდესი), ნასრი
ლას პალმასი (4-3-3): ვარასი - მასედო, დ. გარსია, ბიგასი, დ. კასტელიანო - ვ. გომესი (79. მონტორო), მესა, ტანასუ (76. არაუხო) - მ. გარსია (56. მომო), ლივაია, ელ ჟარი
გაფრთხილება: ვასკესი, პარეხა, მარიანო - ლივაია, მესა, ბიგასი, არაუხო, მომო
გაძევება: ბიგასი (88)
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 16-7 (7-4); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 34 046

ბარსელონა-ალავესი 1:2
გოლები: 0:1 დეივერსონი (39), 1:1 მატიო (47), 1:2 ი. გომესი (64)
ბარსელონა (4-3-3): სილესენი - ა. ვიდალი, მასკერანო, მატიო, დინი - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დ. სუარესი (60. მესი) - არდა თურანი (64. ინიესტა), პ. ალკასერი (66. ლ. სუარესი), ნეიმარი
ალავესი (5-4-1): პაჩეკო - კიკო (73. ვიგარაი), ალექსისი, ლაგუარდია, რ. გარსია, ტ. ერნანდესი - ე. მენდესი (70. ესპინოსა), დ. ტორესი, მ. ლორენტე, ი. გომესი (79. კამარასა) - დეივერსონი
გაფრთხილება: მასკერანო - გარსია
კუთხური: 13-0; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 16-5 (2-4); ბურთის ფლობა: 74%-26%.
მაყურებელი: 74 237

11 სექტემბერი
სპორტინგი-ლეგანესი 2:1
გოლები: 1:0 ნ. კასესი (17), 2:0 ჩოპი (43-პენ), 2:1 დ. რიკო (58)
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლ. კასტელიანო, ბაბენი, ამორებიეტა, ლოპეს ბლანკო - ს. ალვარესი, ნ. კასესი (66. ხ. ტორესი) - ვ. როდრიგესი, ბურგუი (77. ვიგერა), მ. გომესი (82. ლორა) - ჩოპი
ლეგანესი (5-4-1): სერანტესი - ვ. დიასი, ინსუა, მანტოვანი, დ. რიკო, მარინი (46. ო. რამოსი) - უ. ლოპესი, ალბერტო, ტიმორი (75. კონე), გაბრიელი - გერერო (65. მაჩისი)
გაფრთხილება: - სერანტესი, ინსუა
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 7-9 (4-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 22 682

ვალენსია-ბეტისი 2:3
გოლები: 0:1 რ. კასტრო (38), 0:1 ხოაკინი (38), 1:2 როდრიგო (75), 2:2 გარაი (78), 2:3 რ. კასტრო (92)
ვალენსია (4-3-3): დ. ალვეში - კანსელო, გარაი, მანგალა, გაია (45. მონტოია) - პარეხო, მ. სუარესი (46. მედრანი), ე. პერესი - ნანი, როდრიგო, მინა (63. ელ ჰადადი)
ბეტისი (4-4-2): ადანი - პიჩინი, მანდი, პეცელა, დურმისი - ხოაკინი (68. მუსონდა), ბრაშანაცი, პეტროში, ფ. რუისი (20. ფ. გუტიერესი) - რ. კასტრო, ალეგრია (82. ზოზულია)
გაფრთხილება: პერესი, ნანი - ბრაშანაცი, პიჩინი, პეტროში, მუსონდა
გაძევება: პერესი (50)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 23-12 (9-5); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 36 789

გრანადა-ეიბარი 1:2
გოლები: 0:1 პედრო ლეონი (43), 1:1 კრავეცი (76), 1:2 ენრიჩი (94)
გრანადა (4-4-2): ოჩოა - ტიტო, ვეზუ, ტაბანუ (46. ბუენო), გ. სილვა - აცილი (65. კარსელა-გონსალესი), აგბო (46. კრავეცი), სამპერი, ა. პერეირა - ბოგა, პონსე
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - კაპა, გალვესი, ლეჟონი, ლუნა - დ. გარსია, ფ. რიკო - პედრო ლეონი (56. ენრიჩი), ხოტა (34. ი. როდრიგესი), პენია - კიკე (46. ესკალანტე)
გაფრთხილება: პერეირა, ვეზუ -
გაძევება: რიესგო (32)
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 7-8; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 15-10 (5-8); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 15 883

დეპორტივო-ბილბაო 0:1
გოლი: 0:1 რაულ გარსია (41)
დეპორტივო (4-4-2): ლუქსი - ხუანფრანი, ალბენტოსა, სიდნეი (55. არიბასი), ლუიზინიო - ხილი (68. მორენო), მოსკერა, ბორხესი, ფახრი - ხოსელუ (24. ვალე), ანდონე
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - დე მარკოსი, ბოვედა, ლაპორტი, ბალენზიაგა - სან ხოსე, ბენიატი - მუნიაინი (68. იტურასპე), რაულ გარსია (87. ლეკუე), ვილიამსი (85. საბინი) - ადურისი
გაფრთხილება: ბორხესი, ალბენტოსა - გარსია, სან ხოსე, ბენიატი
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 16-7 (3-2); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 23 317

ბომბარდირები: 4 - რუბენ კასტრო (ბეტისი); 3 - ჟერარდ მორენო (ესპანიოლი), ლუის სუარესი (ბარსელონა).

მომდევნო ტური
16 სექტემბერი:
ბეტისი-გრანადა

17 სექტემბერი:
ლეგანესი-ბარსელონა, ატლეტიკო-სპორტინგი, ეიბარი-სევილია, ლას პალმასი-მალაგა

18 სექტემბერი:
ოსასუნა-სელტა, ბილბაო-ვალენსია, ვილიარეალი-რეალ სოსიედადი, ესპანიოლი-რეალი

19 სექტემბერი:
ალავესი-დეპორტივო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული