"ფურია როხა": მეტი ტაქტიკა და რევანშის წყურვილი

AutoSharing Option
მსოფლიოსა და ევროპის ექსჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 6 ოქტომბერს ტურინს ეწვევა და 2018 წლის მუნდიალის ძალზე მნიშვნელოვან შესარჩევ შეხვედრას ჩაატარებს. მეტოქე უსერიოზულესია - "სკუადრა აძურა".

რეალურად, ეს ესპანელთა ახალი თავკაცის, ხულიენ ლოპეტეგის პირველი სერიოზული გამოცდა იქნება. 9 ოქტომბერს ესპანელებს კიდევ ერთი სტუმრობა ელით, ამჯერად ალბანეთში.

ჩვენ უკვე მოგახსენეთ "ფურია როხას" შემადგენლობაზე და შემდეგ განხორციელებულ ერთ ცვლილებაზე, მაგრამ ხულიენ ლოპეტეგის იძულებით ცვლილება კიდევ დასჭირდა. ლოპეტეგიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ ანდერ ერერას უხმო. ბასკს შანსი მიეცა, გახდეს "როხას" დებიუტანტი. ამის მიზეზი კი "ატლეტიკოს" ახალგაზრდა
შუახაზელის, საულ ნიგესის ტრავმაა.

ნაკრებში დაუძახეს "რეალ სოსიედადის" მცველ ინიგო მარტინესსაც, რომელმაც "ბაიერნის" ტრავმირებული უნივერსალი ხავი მარტინესი უნდა შეცვალოს.

როგორც მეორე დღეს აღმოჩნდა, ნაკრების თავკაცმა იჩქარა - საულმა ვარჯიში განაახლა! მაგრამ ანდერი უკვე ნაკრებში ჩამოსული იყო და უკან ვეღარ გააბრუნებდნენ. ანდერი გახარებულია და ნაკრებში დებიუტს ელის.

საეჭვო იყო ტიაგო ალკანტარას საკითხიც, რომელიც ფეხს იტკიებდა, მაგრამ "ბაიერნის" ნახევარმცველმა ვარჯიში მაინც შეძლო.

სხვათა შორის, ვარჯიშზე ერთი თვალშისაცემი ეპიზოდიც მოხდა - კარში ალვარო მორატა ჩადგა და სასწაული "სეივებიც" გვაჩვენა. "რეალის" ფორვარდს დაფარული ნიჭი ჰქონია.

მოულოდნელი ცენტრფორვარდები
ლოპეტეგის განსაკუთრებით შეტევაში აქვს შეზღუდული არჩევანი და "მარკამ" ნახევრად ხუმრობით შემდეგი გამოსავალი შესთავაზა მწვრთნელს - რით ნაკლები ცენტრფორვარდები იქნებოდნენ სერხიო რამოსი და ჟერარდ პიკე, რომელთაც ხშირად გააქვთ გოლები.

დღეისათვის მწვრთნელის განკარგულებაში არიან ნოლიტო, დიეგო კოშტა, კალეხონი, ვიტოლო და მორატა.

პიკე და რამოსი ხშირად მოქმედებენ სახიფათოთ მეტოქის საჯარიმოში, როცა გუნდი სტანდარტულ მდგომარეობებს ასრულებს, მაგრამ ამ ფეხბურთელებს დროებით შეუძლიათ ცენტრფორვარდის ფუნქციების შესრულებაც, ეს ახლახან პიკემ დუბლის შესრულებითაც დაამტკიცა. გავიხსენოთ აგრეთვე მისი გამარჯვების გოლი ევრო 2016-ზე ჩეხეთის კარში.

რა განსხვავებაა დელ ბოსკესა და ლოპეტეგის შორის
რა შეიცვალა ესპანეთის ნაკრებში მას მერე, რაც ვისენტე დელ ბოსკე წავიდა და მასთან ერთად "როხას" დიდი ეპოქა დასრულდა და ლოპეტეგი მივიდა. ამაზე თავისი აზრი აქვს სერხიო ბუსკეტსს.

"დელ ბოსკესა და ლოპეტეგის თითქმის ერთნაირი სათამაშო სტილი და სისტემა აქვთ, მაგრამ ლოპეტეგის ხელმძღვანელობით ჩვენ უფრო მეტს ვმუშაობთ ტაქტიკურად. მხოლოდ ეს განასხვავებთ მათ, ძირითადში კი არ გაგვჭირვებია ახალ მწვრთნელთან მუშაობა, რადგან ბევრი რამ უცვლელად დარჩა", - აცხადებს "ბარსას" საყრდენი ნახევარმცველი.

"იტალიასთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, მაგრამ ყველას გვახსოვს ევრო 2016, როცა ვერ ვითამაშეთ სათანადოდ და მეტოქემ გვაჯობა. დიახ, ჩვენ გვსურს რევანში. ეს შეხვედრა, რა თქმა უნდა, არ არის გადამწყვეტი, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში", - დასძინა ბუსკეტსმა.

გაბი ისევ ელის
"ატლეტიკოს" კაპიტანი გაბი ესპანეთის ნაკრების მწვრთნელებს მუდამ მივიწყებული ჰყავთ, არადა, 33 წლის ნახევარმცველი კვლავ ელის შანსს, რომ ესპანეთის ნაკრებში დებიუტს მიაღწიოს. "მე ჯერ კიდევ ველი ჩემს შანსს და მიმაჩნია, რომ ნაკრებში სათამაშოდ მზად ვარ", - განუცხადა გაბიმ "ელ ლარგეროს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული