მადრიდის "რეალი": ზედიზედ ოთხი ფრე - რა არის კრიზისის მიზეზი?

AutoSharing Option
მადრიდის "რეალს" ცუდი დროება უდგას. ზედიზედ ოთხი ფრე "სამეფო გუნდისათვის" ძალიან ცუდი შედეგია. მით უმეტეს, "რეალი" გასული სეზონის ტრიუმფატორია.

სწორედ ზინედინ ზიდანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა და, ცხადია, მიმდინარე სეზონშიც მისგან ძალიან ბევრს ელიან.

ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს და, ცხადია, "რეალის" კრიზისშიც არის ლოგიკური მარცვალი. შევეცადოთ, ავხსნათ "სამეფო კლუბის" ერთობ არათანაბარი ასპარეზობის მიზეზები.

კრიშტიანო და ბეილი
"რეალის" თამაში ყველაზე მეტად ამ ორ ფეხბურთელზეა დამოკიდებული. კრიშტიანო რონალდო და გარეთ ბეილი არ არიან ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში. ამას თავისი მიზეზი აქვს.

პორტუგალიელმა
და უელსელმა ვარსკვლავებმა ტრავმები ახლახან მოიშუშეს. შესაბამისად, მათი სათამაშო ფორმა ოპტიმალური ვერ არის. რა თქმა უნდა, ვარსკვლავები შევლენ ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ ამასობაში საქმე ფუჭდება.

გეხსომებათ, რა რეაქცია ჰქონდა კრიშტიანოს "ლას პალმასთან" მატჩის მიმდინარეობისას, როცა ზიდანმა ის შეცვალა.

ეს სხვა რამეზეც მეტყველებს - "სამეფო კლუბში" მთლად ჯანსაღი კლიმატი ვერ არის. არადა, რაც ზიდანმა გუნდი ჩაიბარა, თითქოს ყველაფერი მოგვარდა ამ მხრივ.

ვინ არის პირველი?
რა თქმა უნდა, ალვარო მორატა ძალიან კარგი თავდამსხმელია და ისიც ფაქტია, რომ კონკურენციას არასდროს უვნია არც ერთი გუნდისათვის, მაგრამ "რეალის" თავდასხმაში ახლა ძალიან გაურკვეველი მდგომარეობაა.

არავინ იცის, ვინ არის პირველი - ქარიმ ბენზემა თუ მორატა. ბოლომდე ნდობას ვერც ერთი ფორვარდი გრძნობს. ზიდანს უნდა, რომ "რეალის" შემადგენლობაში რაც შეიძლება კლუბის მეტმა აღზრდილმა ითამაშოს.

ამ მიდგომით ფრანგი ქვეცნობიერად იხრება მორატასაკენ. ამბობენ, შესაძლოა, მალე ბენზემამ "რეალი" დატოვოსო. მას ლონდონის "არსენალი" და არსენ ვენგერი ელიან. ვენგერს აღარ მოსწონს ოლივიე ჟირუს ფორმა და გამოკვეთილ შემტევად ალექსის სანჩესს ათამაშებს.

მეკარის პრობლემა
კეილორ ნავასის გამოჯანმრთელებამდე "რეალის" კარს კიკო კასილია იცავდა. ვერავინ იტყვის, რომ კასილია ცუდი მეკარეა. პირიქით - მან "ესპანიოლში" დაამტკიცა, რომ ძალიან ბევრი შეუძლია. უბრალოდ, მას "რეალის" დონეზე ხშირად არ ჰყოფნის ქარიზმატულობა.

ნავასი დაბრუნდა, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ის ტრავმის შემდეგ ვერაფრით იქნება ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში.

ორთაბრძოლები
ესპანური ფეხბურთის თითქმის ყველა სპეციალისტი მიიჩნევს, რომ "რეალის" მთავარი პრობლემა ორთაბრძოლებია. ფეხბურთელები ბრძოლაში შესვლას აგვიანებენ და როცა შედიან, მიკროდუელების უმრავლესობა მოწინააღმდეგის სასარგებლოდ სრულდება.

ამ პრობლემაზე ყურადღება მადრიდელთა კლუბის ფრანგმა თავკაცმაც გაამახვილა. ზინედინ ზიდანი ამბობს, რომ ამ კუთხით ფეხბურთელებმა საკუთარ თავს მეტი უნდა მოსთხოვონ.

"ჩვენი მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე ისაა, რომ ორთაბრძოლებში ძალიან არადამაჯერებლად გამოვიყურებით. თანამედროვე ფეხბურთში ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და, თუ გვინდა, რომ მომავალ მატჩებში წარმატებას მივაღწიოთ, ეს კომპონენტი აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ", - ამბობს ფრანგი მწვრთნელი.

დროის მომენტი
ზიდანი დარწმუნებულია, რომ გუნდი ამ დროებით ჩავარდნას აუცილებლად გადალახავს. ეს, ალბათ, ასეც იქნება, მაგრამ საკითხავი ისაა, რამდენად სწრაფად მოხდება ეს. "რეალი" უმაღლესი მიზნებისათვის იბრძვის როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ისე ჩემპიონთა ლიგაში.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში "სამეფო კლუბს" არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. სამაგიეროდ, დიდი ბრძოლაა ესპანეთის ჩემპიონატში. "ბარსელონა", "რეალისა" არ იყოს, ძალიან ცუდ ფორმაშია. სამაგიეროდ, გამოცოცხლდა მადრიდის "ატლეტიკო" - დიეგო სიმეონეს ძალიან საშიში გუნდი.

"რეალს" კი ძალიან უნდა ჩემპიონობა. კარგა ხანია, "რეალი" ჩემპიონი არ ყოფილა. ამისთვის კი მეტი სტაბილურობაა საჭირო. ზინედინ ზიდანს მიაჩნია, რომ "რეალის" ჩავარდნა დროებითია და რომ მადრიდული კლუბი სულ მალე ათამაშდება.

"ჩვენ არ უნდა შევხედოთ ამას, როგორც ტრაგედიას. ჩავარდნა შეიძლება იყოს ნებისმიერ გუნდში და ჩვენ ვერაფრით ვიქნებით გამონაკლისები. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ჩვენ ისევ დავიწყებთ გამარჯვებების მოპოვებას.

თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეს დრო რაც შეიძლება, მალე დადგეს. გულშემატკივრები ჩვენგან გამარჯვებებს ელიან და ჩვენ ვალდებულნი ვართ, ისინი პრიმერას მომავალ ტურშივე გავახაროთ", - ამბობს "ზიზუ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული