ტურის "მენიუში" ორი ძალიან კარგი დაპირისპირება გვაქვს - დღეს "ვისენტე კალდერონს" "სევილია" ეწვევა, ხვალ კი "სან მამესზე" ბილბაოს "ატლეტიკი" "ვალენსიას" დაუხვდება. ინტერესმოკლებული არც "ესპანიოლისა" და "რეალ სოსიედადის" მატჩი უნდა იყოს, ბარსელონას პირველად ეწვევა მტრის ბანაკში რაულ ტამუდო, რომელიც 10
დავიწყოთ ბალეარის კუნძულებზე გასამართავი მატჩით - "ლა პულგამ" ვარჯიში გამოტოვა, მცირე ტრავმას იშუშებდა, მაგრამ "ოქროს ბურთის" მფლობელი მეორე დღესვე გამოჩნდა ბაზაზე და ჩვეულებრივ, გუნდთან ერთად ივარჯიშა. ხოსეპ გვარდიოლამ შვებით ამოისუნთქა, მას მესის გარეშე არ მოუწევს ფონს გასვლა, არც "მალიორკასთან" და არც რამდენიმე დღეში - "არსენალის" წინააღმდეგ. გვარდიოლამ სარეზერვო გუნდიდან პირველში ტიაგო (როგორც ხშირად ხდება ხოლმე ბოლო დროს), მინიო და მონტოია გადაიყვანა.
პეპმა გადაწყვიტა - "ბარსა" კუნძულებზე არ წაიყვანს ტრავმირებულებს: ვალდესს, პუიოლს, ჩავისა და ჟეფრენს (რომელიც თითქმის გამოჯანმრთელდა), აგრეთვე დისკვალიფიცირებულ დანი ალვეშს. ჯანზე მყოფ 15-ეულს კი ზემოთ ჩამოთვლილი რეზერვისტები შეემატებიან, რომ მატჩის განაცხადი შეავსონ, თუმცა ტიაგო ალკანტარას თამაშს მეორე ტაიმში არ გამოვრიცხავთ.
"მალიორკაში იმ ფეხბურთელებით მივდივართ, რომლებიც ამ ეტაპისთვის მწყობრში არიან. რაცა ვართ, ესა ვართ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდიც იტყვის თავის სიტყვას. სეზონის განმავლობაში, ადრე თუ გვიან, დგება მომენტი, როცა გუნდს ტრავმები მოეძალება. როცა გავიგე, რომ ჩავის, ვალდესის და სხვების გამოყენება "მალიორკასთან" არ შემეძლო, უბრალოდ "წავშალე" ისინი ჩემს ცნობიერებაში და სხვებით შევცვალე. "მალიორკა" ძალზე სერიოზული მეტოქეა, როცა ეს გუნდი შინ თამაშობს, ევროპული კლასის გუნდის შთაბეჭდილებას სტოვებს", - განაცხადა გვარდიოლამ, რომელმაც ვერ აუარა გვერდი ჩემპიონთა ლიგის თემას და "არსენალთან" მომავალ დაპირისპირებას: "ეს ისეთი თამაშია, სადაც უნდა გამოჩნდეს, რანი ვართ რეალურად, რისი მიღწევა შეგვიძლია. ჩვენი მიზანი კი ჯერ მეოთხედფინალში გასვლაა."
"ბარსას" თავკაცი აღიარებს, რომ ტიტულის ბედი ჯერ ღიაა, თუმცა, მისი აზრით, ყველაზე რთული პერიოდი გუნდმა უკვე უკან მოიტოვა : "ლიგაში ჯერ კიდევ 14 თამაში რჩება, ეს კი უამრავი ქულაა. ჩვენ გვრჩება რამდენიმე ძალზე მძიმე გასვლა, მაგრამ არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს, ეს პერიოდია ყველაზე რთული. ყველაზე რთული პერიოდი ნოემბერი - იანვარია და ჩვენ ის უკვე გავიარეთ."
წინასამატჩო პრესკონფერენციაზე პეპს ჯონ მიგელ ტორალზეც ჰკითხეს, რომლის ტრანსფერსაც "არსენალში" "ბარსას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ინგლისელთა მხრიდან ამორალური საქციელი უწოდა. პეპი კი ამბობს: "მას ყველა უფლება ჰქონდა "არსენალში" წასვლის, ვუსურვებ წარმატებულ საფეხბურთო კარიერას". ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ აღვნიშნავთ, რომ ტორალის აგენტი პეპის ძმა პერე გვარდიოლაა.
ორი სიახლეც "ბარსას" ბანაკიდან, რომელიც უშუალოდ "მალიორკასთან" მატჩს არ უკაშვირდება - ხოსე პინტო, გოლკიპერი, რომელიც კუნძულელებთან მატჩში სტუმართა კარს დაიცავს, მომავალ კვირაში კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ოფიციალურ საიტს თავად პინტომ განუცხადა. მეორე სიახლე კი ასეთია: 20 აპრილს "სამეფო თასის" ფინალში, კატალონიელ გულშემატკივრებს "მესტალიას" ჩრდილო სექტორი დაეთმობათ. ამ ამბავმა ერთობ გაახარა ფანები, რადგან ისინი სწორედ იქ ისხდნენ 2009 წლის ფინალში "ბილბაოს" წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში. "ბარსელონას" ფანებს ფინალის ბილეთი 60 ევრო დაუჯდებათ.
მიქაელ ლაუდრუპს "ბარსელონასთან" დაპირისპირებაში ისევ არ ეყოლება ივან რამისი და ვიქტორ კასედესუსი.
"რეალი" "რიასორზე" საბრძოლველად 20 კაცით მიდის. პირველი გუნდის 24-კაციან სიას ჟოზე მოურინიომ პედრო ლეონი გამოაკლო, ხოლო სერხიო კანალესი, გონსალო იგუაინი და სამი ხედირა ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ გალისიაში. როგორც ხედავთ, ფერნანდო გაგო მატჩის განაცხადშია. ის კი არა, ზოგიერთი არგენტინელს სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრასაც უწინასწარმეტყველებს.
გუშინ მოურინიომ ვარჯიში ორ ნაწილად გაყო - პირველ ნაწილში პორტუგალიელმა აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე აიღო, მეორეში კი ბურთით ვარჯიშზე. მეკარეებმა მეკარეთა მწვრთნელ სილვინიო ლოუროსთან ივარჯიშეს, კასილიასს და ადანს გვერდს დუდეკი უმშვენებდა, რომელმაც მოახერხა გამოჯანმრთელება, თუმცა ძნელად სავარაუდოა, რომ პოლონელი მატჩის განაცხადში მოხვება.
შარშანდელ დაპირისპირებაში "რიასორზე" ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი მოხდა - გუტიმ საფეხბურთო შედევრი აჩუქა პუბლიკას, ქუსლური პასი, რომლის შემდეგაც გოლი ქარიმ ბენზემამ გაიტანა. მეკარე არანსუბიასთან ერთი-ერთზე გასული "რეალის" ლეგენდა დარტყმის ნაცვლად არაორდინალურად მოიქცა. ეს თამაში 13 თვის წინ გაიმართა, "რეალმა" 3:1 მოიგო და "რიასორზე" 17-წლიანი მოუგებელი სერია დაამხო. "რიასორზე" "რეალის" ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტი, 6 გოლი ალფრედო დი სტეფანოს აქვს გატანილი. ახლანდელ გუნდში კი ყველაზე მეტად გალისიელები ფრანგ ფორვარდს უნდა უფრთხოდნენ, ბენზემა "სამეფო კლუბის" ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც "რიასორზე" დუბლი შეასრულა, "ლიონთან" თამაშმაც აჩვენა, რომ ბენზემა, როგორც იქნა, სასურველ ფორმაშია.
პირველ წრეში "რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო "დეპორს", 6:1 მოუგო. მიუხედავად ამისა, მიგელ ანხელ ლოტინა მიიჩნევს, რომ "რეალთან" მოგება შეიძლება: "დიახ, მოგების იმედი მაქვს, რატომაც არა? ეს ძნელია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. თუკი შეცდომებს არ დავუშვებთ და ჩვენი თამაშით "რეალს" წერტილოვან დარტყმებს მივაყენებთ, მოგება მართლა შეიძლება", - განუცხადა "მარკას" გალისიელთა ოპტიმისტმა თავკაცმა.
არ დაგვავიწყდეს, "დეპორის" გოლკიპერის, დანიელ არანსუბის გმირობა წინა ტურში, როცა მან 95-ე წუთზე თავით გაიტანა გოლი და ალმერიაში გუნდს ქულა შეუნარჩუნა. "დეპორტივოს" ტრავმამოშუშებული ლიდერი უბრუნდება - ანდრეს გუარდადო, სავარაუდოდ, სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდება. სისკო ნამდვილად ვერ ითამაშებს, მას კიდევ 6 კვირა ესაჭიროება სამკურნალოდ, საეჭვოა ვეტერანი მცველის, მანუელ პაბლოს თამაშიც.
"ვისენტე კალდერონზე" ორი ძლიერი, მაგრამ ამ სეზონში ხელმოცარული გუნდი გუნდი შეერკინება ერთმანეთს. დავიწყებთ იქიდან, რომ "ატლეტიკოს" თავკაც კიკე ფლორესს ზაფხულში მადრიდიან სწორედ "სევილიაში" გადასვლას უქადიან. აღსანიშნავია, ისიც, რომ ორივე გუნდი ნაადრევად დაემშვიდობა ევროთასებს, "ატლეტიკო" ევროპის ლიგის ჯგუფში ჩარჩა, ხოლო "სევილიამ" "პორტუსთან" გმირული დაპირისპირების მიუხედავად პლეი ოფის პირველ რაუნდში დატოვა ასპარეზი.
ცხადია, რომ ამ თამაშში წაგებული ევროთასების საგზურის მოპოვების შანსებს ერთი-ორად შეიმცირებს, თუ საერთოდ არ დაკარგავს... "ატლეტიკომ" წინა ტურში სტუმრად 1:0 დაამარცხა "სარაგოსა", რითაც ლა ლიგაში 4-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. ამას წინათ, დიეგო მარადონამ თქვა, რომ სერხიო აგუეროს მომავალ სეზონში "რეალის" რიგებში ხედავს. შეგახსენებთ, რომ "კუნი" დიეგოს სიძეა. "ატლეტიკოს" დარჩენილი მატჩებიდან, "რეალთან" და "ვილიარეალთან" დაპირისპირებას თუ არ ჩავთვლით, ქაღალდზე ყველა მოსაგებად მოჩანს. თუკი კიკე და მისი გუნდი იოლ კალენდარს არ გამოიყენებენ, შესაძლოა, მართლაც გამართლდეს დიეგოს სიტყვები, "კუნს" ბევრჯერ უთქვამს, რომ მხოლოდ ამბიციურ გუნდში სურს თამაში.
თავის მხრივ, "სევილია" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება "ევროზონას" და ყველაფრით შეეცდება, "ვისენტე კალდერონზე" ქულების მაქსიმუმის მოპოვებას. "სევილიას" ამაში უთუოდ დაეხმარება ხორვატი ივან რაკიტიჩი, რომელიც მალევე შეეგუა ახალ კლუბს. დიეგო ფორლანს კოჭი აქვს დაშავებული და მისი თამაში ძალზე საეჭვოა. სამაგიეროდ, მასპინძლებს ბრაზილიელი ელიასი დაუბრუნდებათ, იქნება დისკვალიფიკაცია მოხდილი მარიო სუარესიც და ნაოპერაციევი დიეგო გოდინი. ანდალუსიელთა კოტდივუარელი ნახევარმცველი რომარიკი შეუდგა ვარჯიშს და ის მადრიდში წაყვება გუნდს. საეჭვოა მარტინ კასერესის და ანდრეს პალოპის თამაში.
კვირას ბილბაოში "ლომები" და "ღამურები" დიდ სანახაობას გვპირდებიან. "კვირას დიდი მატჩია, დიდი", - ამტკიცებს ბასკთა მსოფლიოს ჩემპიონი ფორვარდი ფერნანდო ლორენტე - "სან მამესზე" ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ვიცით ხოლმე, აგრესიულად და ძლიერად. ვფიქრობ, შეგვიძლია "ვალენსია" დავამარცხოთ და გულშემატკივრები გავახაროთ." სხვათა შორის, უნაი ემერის გუნდი 4 დეკემბრის შემდეგ დაუმარცხებელია, მაშინ "ლოს ჩემ" "რეალთან" წააგო.
ხოაკინ კაპაროსმა უკვე განაცხადა, რომ დისკვალიფიცირებულ ანდონი ირაოლას ოსკარ მარკოსი შეცვლის, იტურასპეს კი - ტოკერო. უნაი ემერის თურქი მეჰმეთ თოფალის იმედი არ უნდა ჰქონდეს, მას კოჭი აწუხებს და, ალბათ, არ ითამაშებს.
დღეს
ატლეტიკო-სევილია 21:00
ტრავმა: პულიდო, ფორლანი, გოდინი (?) - პალოპი (?), კასერესი (?), ჩიგარინი, დრაგუტინოვიჩი, გუარენტე, სანჩესი (?)
ესპანიოლი-რეალ სოსიედადი 21:00
დისკვალიფიკაცია: ტორესი - არანბურუ
ტრავმა: მოლინა (?), პენია, ალონსო (?), ფორლინი, ალვარესი, მატიონი, ოსვალდო, ბაენა, როდრიგესი (?) - იფრანი, ხ. ლორენტე
სპორტინგი-სარაგოსა 21:00
ტრავმა: ტორე - ლაგუარდია, ლაფიტა
მალიორკა-ბარსელონა 23:00
დისკვალიფიკაცია: დანი ალვეში (ბარ)
ტრავმა: რამისი, ვიქტორი, პინია - ვალდესი, პუიოლი, ჩავი, ჟეფრენი
დეპორტივო-რეალი 01:00
ტრავმა: სისკო, მანუელ პაბლო (?), ურეტა, საული - იგუაინი, ხედირა, კანალესი, დუდეკი (?)
ხვალ
ერკულესი-ხეტაფე 20:00
დისკვალიფიკაცია: კორტესი, აგილარი, როდრიგესი - მარკანო
ტრავმა: დრენტე, ვალდესი, ფრიტცლერი, პამარო (?), სარი (?) - არისმენდი, უსტარი, მარიო, დელ მორალი
ლევანტე-ოსასუნა 20:00
ტრავმა: გონსალესი, პალიარდო, პერესი - ფლანიო, სეხუდო (?), კორომინასი, სერხიო, რობერტო, რუპერი, არანდა
რასინგი-ვილიარეალი 22:00
დისკვალიფიკაცია: კოლსა - ბრუნო
ტრავმა: სერანო, ციოლისი, დიოპი - ლოპესი, კარლოსი, სენა
ბილბაო-ვალენსია 00:00
დისკვალიფიკაცია: იტურასპე, ირაოლა (ბილ)
ტრავმა: რამალიო, ორბაისი, აურტენეჩე, სან ხოსე, გომესი - მეჰმეთ თოფალი, ვისენტე, სესარი (?), მოია (?)
ზეგ
მალაგა-ალმერია 00:00
ტრავმა: ასენხო, გამესი, მალაგუენო, დიდა, რუბენი, ბაპტიშტა - კრუსატი, ხუანმა ორტისი, ბადიასი, ნიეტო
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 24 21 2 1 73-13 65
2. რეალი 24 19 3 2 55-19 60
3. ვალენსია 24 14 6 4 38-25 48
4. ვილიარეალი 24 14 4 6 42-24 46
5. ბილბაო 24 12 2 10 38-34 38
6. ესპანიოლი 24 12 1 11 30-35 37
7. სევილია 24 10 4 10 36-38 34
8. სოსიედადი 24 11 1 12 35-37 34
9. ატლეტიკო 24 10 3 11 33-31 33
10. ხეტაფე 24 9 4 11 35-38 31
11. მალიორკა 24 9 4 11 25-31 31
12. რასინგი 24 7 7 10 21-33 28
13. დეპორტივო 24 6 8 10 21-35 26
14. ოსასუნა 24 6 7 11 25-30 25
15. ერკულესი 24 7 4 13 24-38 25
16. სპორტინგი 24 5 9 10 23-31 24
17. ლევანტე 24 7 3 14 24-36 24
18. სარაგოსა 24 5 8 11 22-37 23
19. ალმერია 24 4 9 11 24-40 21
20. მალაგა 24 5 5 14 31-50 20
ბომბარდირები: 25 - ლეო მესი (ბარსელონა); 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 16 - დავიდ ვილია (ბარსელონა); 13 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 12 - ჯუზეპე როსი (ვილიარეალი), პედრო როდრიგესი (ბარსელონა), 10 - დავიდ ტრეზეგე (ერკულესი); ნილმარი (ვილიარეალი).
.