"დეპორტივოს" დიდ პატივს ვცემ, გუნდმა ითამაშა ისე, როგორც აწყობდა. დარწმუნებული ვარ, რომ აღებული ქულითაც უზომოდ კმაყოფილნი არიან მეტოქე გუნდის ფეხბურთელები. ასეთი თავდაუზოგავი ბრძოლით მათ ეს სიხარული
შვიდქულიანი ჩამორჩენა ძალიან ბევრია, მაგრამ სანამ მათემატიკური შანსი არსებობს, მანამდე ვიბრძოლებთ. მსაჯობაზე ლაპარაკი არ მიყვარს და არც ის ვიცი, მოხვდა ხელზე მეტოქის მცველს საჯარიმოში ბურთი თუ არა, ძალიან შორს ვიყავი იმ ეპიზოდიდან და არ ჩანდა. მაგრამ მეოთხე მსაჯს მაშინვე მივეცი შენიშვნა, რომ რეფერის ჩემი ფეხბურთელებისთვის მეტი პატივისცემით მიემართა, რადგან რაც ვნახე, ის ნამდვილად არ იყო ნორმალური.
კალენდრის შემდგენლებმა ხომ იცოდნენ წინასწარ, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნებოდა, განა არ შეიძლებოდა, რომ კვირას გვეთამაშა. მაშინ ხომ უფრო დასვენებულნი ვიქნებოდით. ისევ ვლაპარაკობ ისეთ საკითხებზე, რომლებზეც ყველამ იცის, რომ მართალი ვარ, მაგრამ არაფერი იცვლება. ხალხი უკვე ზურგსუკან დამცინის, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მთავარი".
სხვათა შორის, "რეალსა" და მის პრობლემებზე თავისი აზრი გამოთქვა "მფრინავმა ჰოლანდიელმა" იოჰან კრუიფმა. აი, რა თქვა "ბარსელონას" ლეგენდამ:
"ჟოზე მოურინიოს ურჩევნია სულ სხვა რამეზე დაიწუწუნოს, არ არის გუნდის ვერმოგება გადატვირთული გრაფიკის ბრალი, ეს უფრო სათამაშო სტილის ბრალია. "ბარსელონას", რატომღაც, ნაკლები პრობლემა აქვს გრაფიკის გამო. ჩემი აზრით, ასეთ მჭიდრო გრაფიკში "ბარსას" თამაშის უკეთესი სტილი აქვს არჩეული, ის მთელი თამაში დომინირებს და თავის ტემპს კარნახობს მოწინააღმდეგეს. "რეალი" კი ბურთის მოსაპოვებლად მეტოქის კარიდან საკმაოდ შორს ბრძოლობს, გუნდი მეტს მოძრაობს, მეტს დარბის და მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე "ბარსა". შესაბამისად, "რეალი" ბოლოსკენ იღლება.
ასე რომ არ ყოფილიყო, ჟოზეს გუნდი თავისუფლად მოუგებდა "დეპორტივოს", "რეალს" ბევრი ძალიან მაგარი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ ისინი გადამწყვეტ მომენტში დაიღალნენ და "დეპორის" დაცვამაც გაძლო".
მოკლედ, ასეთია კრუიფის აზრი, რომელიც მან "ელ პერიოდიკო კატალუნიაში" სვეტად დაწერა. ვფიქრობთ, არის მასში სიმართლის მარცვალი.
"გუნდი იბრძოლებს ბოლომდე, რადგან ჩემპიონობის შანსი კიდევ დარჩა. ეს ჩვენი კულტურის ნაწილია, "რეალი" არ ნებდება", - აცხადებს კლუბის ერთ-ერთი დირექტორი, წარსულში "რეალის" ვარსკვლავი ემილიანო ბუტრაგენიო: "ლიგის ჩემპიონის ვინაობა ჯერ არ არის გადაწყვეტილი. სპორტში ყველაფერი ელვისებურად იცვლება, ასე რომ, ნურავინ ჩათვლის წინასწარ, რომ უკვე გამარჯვებულია.
ბოლო დროს გოლების გატანა გვიჭირს. არადა, რამდენიმე თვის წინათ მეტოქეებს უბრალოდ ვანადგურებდით. ლა კორუნიაში 4-5 ნაღდი საგოლე შანსი გვქონდა, მაგრამ გოლში ერთიც კი ვერ აისახა. რამდენიმე თვის წინ, აქედან უმეტესობას გავიტანდით.
შესაძლოა, ხალხს ნაკლებად ადარდებს, რომ ჩვენ ქრისტეშობის შემდეგ ძალიან გადატვირთული კალენდარი გვაქვს. მოურინიოც ამ აზრზეა, კლუბი, რომელიც შუა კვირაშიც თამაშობს, ოდნავ მეტ პატივისცემას იმსახურებს კალენდრის შედგენისას. ეს მისი აზრია და არა მისი მხრიდან წარუმატებლობის გამართლების მცდელობა.
რაც შეეხება მსაჯობას, მოდით, ამ საკითხზე არ ვილაპარაკებ, ისევე, როგორც არ ვლაპარაკობდი ჩემი ფეხბურთელობის პერიოდში. მსაჯებს ძალიან რთული საქმე აქვთ და ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მათ".
აი, გუნდის კაპიტან იკერ კასილიასს კი მოსაწყენად ნაღდი არ ეცალა, მას ესპანეთის მეფე ხუან კარლოსთან ჰქონდა აუდენცია - გუშინ იკერმა მეფის ხელიდან "კოპა ბარონ დე გუელი" მიიღო. კასილიასი, როგორც კაპიტანი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს წარადგენდა, იქვე იყო "ფურია როხას" მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკეც. ამ პრიზს მეფე ყოველწლიურად გადასცემს ესპანეთის თავგამოჩენილ სპორტსმენებს. 2010 წლის გამარჯვებული, ისევე როგორც 2008-ში, ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრები გამოდგა. ამიტომაც ჩაიბარეს თასი დელ ბოსკემ და კასილიასმა.
ახლა კი ჩვენს გაზეთში პირველად გთავაზობთ მეფე ხუან კარლოსის გამონათქვამს: "2010 წელი, ყოველ მიზეზს გარეშე, ყველაზე ბრწყინვალე წელიწადი იყო ესპანური სპორტის ისტორიაში. თქვენი მიღწევა თავისთავად მეტყველებს თქვენს გმირობაზე. თქვენ სხვებს დიდებული მაგალითი და ქვეყანას სიამაყის საფუძველი მიეცით".
კასილიასი დაჯილდოების შემდეგ კომენტარს "რეალის" ოფიციალურ საიტთან აკეთებს: "ეს იყო ძალიან ლამაზი საღამო, ბრწყინვალე ჟესტი სამეფო ოჯახის მხრიდან. ძალიან უცნაური გრძნობაა მის უდიდებულესობასთან და დედოფალთან ურთიერთობა. მეფეს და მე ესპანეთის ნაკრებზე არ გვისაუბრია, უბრალოდ, ზოგადად ფეხბურთზე და კლუბებზე ვისაუბრეთ. მან სეზონის დარჩენილ ნაწილში წარმატება მისურვა. ვიმედოვნებ, რომ მას სულ მალე კიდევ შევხვდები, როცა ვალენსიაში "კოპა დელ რეის" ჩავიბარებ", - იკერი თასის ფინალს გულისხმობს, რომელიც 20 აპრილს "მესტალიაზე" გაიმართება და "რეალის" მეტოქე "ბარსელონაა".
სტატისტიკოსებს არ დაეზარათ და დაითვალეს, თუ რამდენჯერ გაარტყეს "რეალის" ფეხბურთელებმა ამ სეზონში ბურთი ძელს. რა თქმა უნდა, მათ ამისკენ კრიშტიანო რონალდოს ეპიზოდმა უბიძგა. პორტუგალიელს უკვე სამი ტურია ვერ გაუტანია. არადა, მან "დეპორტივოსთან" ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ხან პარტნიორები ვერ უბამდნენ მხარს, ხან დანიელ არანსუბია ყოჩაღობდა, ხან კი... "დეპორტივოს" კარის ძელი.
სხვათა შორის, ამ თამაშში ემანუელ ადებაიორმაც გაარტყა ძელს ბურთი. სულ სეზონში კი 12 ასეთი შემთხვევა ყოფილა. ამ მაჩვენებლით, "რეალი" მხოლოდ "სევილიას" (13) ჩამორჩება, მესამე ადგილზე კი "ბარსელონაა" - 10. ფეხბურთელთა შორის, რა თქმა უნდა, რონალდო ლიდერობს - მან ამ სეზონში 4-ჯერ გაარტყა ბურთი ძელს, 3-ჯერ გამოიჩინა თავი გონსალო იგუაინმა, 2-ჯერ კი ახლახან შემატებულმა ადებაიორმა.
ამასობაში "სამეფო კლუბი" უკვე მომავალ მატჩზე ფიქრობს და ვარჯიშობს "მალაგის" დასახვედრად - ხუთშაბათს მორიგი ტურია და "რეალი" პრიმერას მაჩანჩალას მასპინძლობს. ჯერ არ მომხდარა, რომ "მალაგას" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოეგოს, ასე რომ, მოურინიოს გასაოცარ საშინაო რეკორდს საფრთხე ნაკლებად ემუქრება. ლა ლიგის ეგიდით 29 შეხვედრიდან "რეალმა" 24 მოიგო და 5 ფრედ დაასრულა, ბურთების შეფარდებაც შესაბამისია - 65-18.
სხვათა შორის, ესპანურ ფეხბურთში "ბერნაბეუზე" მოუგებელი 27 კლუბია, მაგრამ აქედან მხოლოდ ერთია დღეს პრიმერაში - "ალმერია". ამათგან ყველაზე მეტი შანსი "ლას პალმასს" ჰქონდა, რომელიც 31-ჯერ ეთამაშა "რეალს".
"რეალზე" წერას დღეს ერთი სატრანსფერო სიახლით დავამთავრებთ - AS ირწმუნება, რომ მადრიდული კლუბი მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს ნებისმიერ კლუბთან, რომელსაც ბრაზილიელი კაკას ყიდვა სურს - ცხადია, ზაფხულში. კაკა "როსონერიდან" 2009 წელს გადავიდა "ლოს ბლანკოსში" და კონტრაქტით მადრიდულ კლუბს 2015 წლის ზაფხულამდე ეკუთვნის.