მიმდინარე ესპანურ სეზონში "სევილია" შეძლებისდაგვარად მისდევს იქაური ფეხბურთის გრანდებს, ჩემპიონთა ლიგაზეც ნორმალურად თამაშობს. არ შეიძლება, ეს არ გახარებდეს. აქამდე პრიმერა ორი გუნდის ჩემპიონატად იწოდებოდა. დიეგო სიმეონეს გაწვრთნილმა "ატლეტიკომ" "მესამე ძალის" ეფექტი შემოიტანა ესპანურ ფეხბურთში. და ვინ არის წინააღმდეგი, რომ "მეოთხე
ეს ძალა უკვე არის. ამ ძალას "სევილია" ჰქვია.
"სევილიას" წინა წლებში ნამდვილად არ ჰყავდა ამაზე ნაკლები შემადგენლობა. იქნებ, მეტიც ჰყავდა. ჩვენ შორს წაგვიყვანს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალი, რომელიც გუნდმა სეზონთაშორის პერიოდში გაასხვისა. "სანჩეს პისხუანზე" ახლა ძალიან თანაბარი შემადგენლობაა, მაგრამ არის ცოტა ვარსკვლავი. ადრე მეტი იყო. და ეს გუნდი თამაშობს თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და შემტევ ფეხბურთს.
"სევილია" გეზს არც ერთ მოწინააღმდეგესთან არ უხვევს. თითქმის ყველა მისი საშინაო მატჩი ძალიან მაგარი შოუ გამოდის. შოუ შეტევის ფონზე. დღევანდელ ფეხბურთში შეტევა ბევრს დაავიწყდა. "სევილიას" არ დავიწყებია.
ამ გუნდის მთავარი ვარსკვლავი არგენტინელი დამრიგებელი ხორხე სამპაოლია. გაუჩო რომანტიკოსი. შეხედავ თამაშის დროს და ნაღდი გიჟი გეგონება. არც თვითონ ისვენებს და არც ფეხბურთელებს ასვენებს. ფეხბურთელის ადგილას თავი რომ წარმოიდგინო, თუნდაც ერთი ეპიზოდის ისე რა ჩათამაშების შეგრცხვება. როგორია, როცა შენი ნამოქმედარი კაცს სათადარიგოთა სკამზე კლავს, ან აცოცხლებს?
ის ჟინს და მოტივაციას აფრქვევს სათადარიგოთა სკამიდან. ის შეგირდების მადლობელია მარცხიანი შეხვედრებისაც კი, ოღონდ მისმა გუნდმა შეუტიოს, არც ერთი მოწინააღმდეგის წინაშე არ მოიხაროს ქედი.
სწორედ სამპაოლი იდგა დიდებული ჩილეს ნაკრების სათავეში, რომელმაც 2015 წელს კოპა ამერიკა მოიგო. ჩილე მისი ხელმძღვანელობით დიდხანს მიდიოდა რაიმე ღირებულის მოგებისაკენ და ჩილემ ეს შეძლო.
ისე, მართლაც საცოდაობაა: რატომ არ ეღირსა აქამდე სამპაოლის არგენტინის ნაკრების გაწვრთნა? იქნებ, სწორედ მისი ხელმძღვანელობით გვეხილა ისეთი "ალბისელესტე", რომელიც სულ გვინდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ვნახოთ? იქნებ, ამ ზეშემტევი მწვრთნელის ხელში ლიონელ მესი სხვანაირად გახსნილიყო? იქნებ, არგენტინას მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლი კი არა, ოქრო მოეგო?
საიდანაც გინდა მიუდექი, სამპაოლი მართლა ძალიან მაგარი მწვრთნელია. მან ჯერ კიდევ საკლუბო დონეზე, ჩილეში დაამტკიცა ეს და ახლა "სევილიაში" ამტკიცებს. ბევრი მიიჩნევს, რომ მაგარი საკლუბო მწვრთნელი არ შეიძლება, ნაკრების კარგი მესაჭე იყოს. სამპაოლის მაგალითი სულ სხვას ამტკიცებს - აგერ, უახლოესი წარსულის ჩილეს ნაკრები...
ამჟამინდელ "სევილიას" ერთი ისეთი კარგი თვისება აქვს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა. "სანჩეს პისხუანზე" მიმდინარე სეზონში ისეთი ფეხბურთელები იხსნებიან, რომლებიც სხვაგან ვერ ჩაუქობდნენ.
ავიღოთ ლუსიანო ვიეტო. ის "სევილიაში" მისვლამდე მადრიდის "ატლეტიკოს" ლაბირინთებში იყო ჩაკარგული. ყველამ ვიცით, რომ ვიეტოს ბევრი შეუძლია და ეს მან "ვილიაეალში" დაამტკიცა, მაგრამ მერე იყო პრაქტიკულად გაცდენილი პერიოდი დიეგო სიმეონეს გუნდში. ასეთ ვითარებაში ყველა მწვრთნელი როდი ახერხებს თუნდაც ბევრისშემძლე ფეხბურთელის ათამაშებას. სამპაოლიმ ეს მოახერხა.
რაც მთავარია, მას შეუძლია, ბოლომდე ერთ მუშტად შეკრას გუნდი. "არ შეიძლება, მისი ხელმძღვანელობით ბოლომდე არ დაიხარჯო. ის ამბობს, რომ ფეხბურთში არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა და ჩვენც ამის რწმენა ჩაგვინერგა." - ამბობს "სევილიას" ერთ-ერთი ლიდერი, ნ'ზონზი.
ლიდერი ვახსენეთ და, სამპაოლიმ მართლაც შეუძლებელი შეძლო. მან უმოკლეს ხანში ჩაანაცვლა გუნდიდან წასული ლიდერები, რომელთა გარეშეც "სევილიას" წარმოდგენა შეუძლებელი იყო. მხოლოდ ორს დავასახელებთ - კრიხოვიაკსა და გამეიროს. დღეს ისინი სხვა გუნდებში თამაშობენ. ისე ჩანს, რომ ამით გუნდს ბევრი არაფერი დაჰკლებია.
ჩვენ ბევრი "გიჟი" მწვრთნელი გვინახავს, არგენტინა მაინც გამორჩეულია ამით ისევე, როგორც სხვა ბევრი რამით ფეხბურთში. სამპაოლი "გიჟია", ოღონდ არარიგითი "გიჟი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"