* 41-ე წუთამდე "ბარსელონამ" მეტოქის საჯარიმოში ერთხელაც ვერ შეაღწია ბურთით.
* "ბარსელონამ" სეზონში პირველად წააგო ბურთის ფლობაში.
* 76-ე წუთზე რეფერი კარლოს ხილი შეცდა, როცა ხუანმის გოლი გააუქმა.
3 დეკემბერს "კამპ ნოუზე" ესპანური პირველობის მთავარი დაპირისპირებაა - "ბარსელონა" "რეალს" მასპინძლობს. ლუის ენრიკეს გუნდი "ელ კლასიკოს" "სამეფო კლუბთან" 6-ქულიანი ჩამორჩენითა და კრიზისით ხვდება.
კვირას "ბარსა" სან სებასტიანს ესტუმრა და მადლობელი უნდა იყოს, რომ "ანოეტაზე" არ დამარცხდა (1:1) - სტუმრები ნეიმარის ერთმა განავარდებამ
"ბარსელონამ" "ანოეტაზე" ზედიზედ მეშვიდედ ვერ მოიგო. ეს სტადიონი აუღებელ ციხე-სიმაგრედ იქცა კატალონიელთათვის, მაგრამ გუნდი არც წინა შეხვედრებში ბრწყინავდა - გავიხსენოთ, "კამპ ნოუზე" 9-კაციანმა "მალაგამ" 99 წუთი გაძლო და კარი მშრალად შეინახა. თუმცა მაშინ ლეო მესი (ავადმყოფობა) და ლუის სუარესი (დისკვალიფიკაცია) არ იყვნენ. "რეალ სოსიედადთან"ორივე დაბრუნდა, მაგრამ "ბარსამ" მაინც ქულა იკმარა.
აღსანიშნავია, რომ ქულებით "ბარსა" "სევილიას" ვერ უსწრებს, რომელიც დაელოდება, თუ რომელი გრანდი (იქნებ, ორივეც) დაკარგავს "კლასიკოზე" ქულებს.
ამ შეხვედრაში მთელმა გუნდმა ცუდად ითამაშა, მაგრამ განსაკუთრებით, სუარესს, რაკიტიჩს, ბუსკეტსს, ანდრე გომეშსა და მასკერანოს "გამოვარჩევთ".
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით, ქულა მოვიპოვეთ ისეთი თამაშით, რომლითაც დადებითი შედეგის ჩვენება თითქმის შეუძლებელია. მაისურები რომ არა, იფიქრებდით, რომ სინამდვილეში "ბარსელონა" ჩვენ კი არა, "რეალ სოსიედადი" იყო. ერთი გუნდი მეორეზე გაცილებით ძლიერი იყო და ის ძლიერი ჩვენ არ ვიყავით. თითქმის სასწაული იყო, რომ დიდი ხანი ანგარიში საყაიმო იყო და შემდეგ გათანაბრებაც შევძელით. ამაზე ცუდი თამაშის წარმოდგენაც კი რთულია".
მიუხედავად ამისა, ლუის ენრიკე ოპტიმისტია და დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი "რეალთან" სათანადოდ ითამაშებს.
"კლასიკო მუდამ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი დაპირისპირებაა, რომელიც სეზონის მიმდინარეობაზე იქონიებს გავლენას. დარწმუნებული ვარ, რომ "რეალს" სათანადოდ ვეომებით".
კიდევ უფრო ოპტიმისტია ჟორდი ალბა, რომელმაც "მუნდო დეპორტივოს" განუცხადა, რომ შაბათის მატჩის მერე ჩამორჩენა "რეალთან" მხოლოდ სამი ქულაღა იქნება. დიდი ალბათობით, "ბარსას" ამის გაკეთება თავად ალბას გარეშე მოუწევს, რადგან მცველმა მუხლი დაიზიანა ბასკებთან დაპირისპირებაში. მისი თამაში სამში ძალზე საეჭვოა. სამაგიეროდ, ვარჯიშს დაუბრუნდა არდა თურანი, რომელმაც ავადმყოფობის გამო გამოტოვა "რეალ სოსიედადთან" დაპირისპირება.
თუმცა მთავარი სიახლე "ბარსელონას" ბანაკში 22 ოქტომბერს "ვალენსიასთან" დაშავებული ანდრეს ინიესტას ვარჯიშებზე დაბრუნებაა. 32 წლის ნახევარდაცვის მაესტროს "კლასიკოზე" თამაშის შანსი აქვს.
"იმედი მაქვს, რომ ინიესტას დახმარება შემეძლება", - განაცხადა ლუის ენრიკემ. "ბარსელონასა" და "რეალის" ახლანდელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი კლასიკო სწორედ ინიესტამ ითამაშა - 33. ერთით ნაკლები დაუგროვდათ ლიონელ მესისა და სერხიო რამოსს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"