ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ, ეგვიპტური ontv-ის მფლობელი, ბიზნესმენი აჰმედ აბუ-ჰაშიმა შეჰპირდა ფანებს, რომ მისი ტელევიზიით კრიშტიანო რონალდოს ექსკლუზიურ ინტერვიუს შესთავაზებდა და მან პირობა საახალწლოდ შეასრულა. ინტერვიუ ქვეყანაში ცნობილმა ჟურნალისტმა ამრ ადეებმა ლისაბონში ჩაწერა, სადაც
- მისტერ კრიშტიანო რონალდო, მოხარულნი ვართ, რომ ონტვ-ზე გმასპინძლობთ. ეგვიპტეში თუ ყოფილხართ ადრე?
- არა, ეგვიპტეში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ერთხელაც ვეწვევი ამ ლამაზ ქვეყანას. მსურს ყველაფერი ვნახო, პირამიდები, ნილოსი... ყველაფერი. ყველა მეუბნება, რომ ეგვიპტე ძალიან სასიამოვნო ადგილია ტურისტებისთვის. ერთხელაც გესტუმრებით.
- თქვენ ყველაზე პოპულარული ხართ "ინსტაგრამზე", "ტვიტერზე", "ფეისბუქზე"; თქვენ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხართ. მოკლედ, პოპულარულობის ზენიტზე ხართ. შეგიძლიათ უთხრათ ახალგაზრდებს, რა შესწირეთ ამ ყველაფერს, რამდენი ივარჯიშეთ საამისოდ?
- ყველაფერი თავდადებისგან და ბევრი შრომისგან მოდის. ხშირად მითქვამს, რომ ყოველთვის 100%-ით ვიხარჯები. აქამდე მოსაღწევად არა ერთი, არამედ 10-12 წელიწადი თავდაუზოგავად ვშრომობ, რომ შევინარჩუნო ჩემი სათამაშო დონე. ეს ყველაფერი ჩემი სიამაყის საფუძველია.
როგორც თქვით, ყველაზე პოპულარული ვარ სოციალურ ქსელებში, რაც ძალიან სასიხარულოა, თუმცა ჩემთვის უმთავრესი ჩემი სათამაშო დონის შენარჩუნებაა - კარგად უნდა ვითამაშო, ბევრი გოლი გავიტანო, გავატანინო თანაგუნდელებს, მოვიგო ტიტულები. სწორედ ამისთვის ვშრომობ მუდამ, ვინაიდან ყველაზე მეტად ამქვეყნად ფეხბურთის თამაში მიყვარს. ამით კი ჩემს ფანებსა და მიმდევრებს ვახარებ.
- და მაინც, რამდენ ხანს ატარებთ ტრენაჟორების დარბაზში, სავარჯიშო მოედანზე? ეს აინტერესებთ თქვენს ახალგაზრდა ფანებს...
- მთავარია, რომ საქმეში 100 პროცენტით დაიხარჯო. არ არის მთავარი, დღეში რამდენ საათს ვარჯიშობ, შეიძლება ეს იყოს მხოლოდ ერთი საათი, მაგრამ გააკეთო ყველაფერი ამ ერთ საათში, რათა მიზანს მიაღწიო. სწორედ ამას ვცდილობ ყოველდღიურად.
ვცდილობ, ყოველ ვარჯიშზე, ყოველ თამაშში უკეთესი ვიყო. ბოლო 7-10 წლის განმავლობაში ვფიქრობ, შევძელი, რომ ყოველთვის უმაღლეს დონეზე ვთამაშობ. ამით ვამაყობ და მომავალშიც გავაგრძელობ მცდელობებს.
- ბევრი ამბობს, რომ თქვენ კომფორტულად ცხოვრობთ, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სპორტსმენი ხართ. რა როლს თამაშობს თქვენთვის ფული?
- ჩემს საქმეში საუკეთესო მინდა ვიყო და ამისთვის ბევრს ვშრომობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიყო პირველი, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის ჩემი მოტივაციის წყარო. ჩემი მოტივაცია ფეხბურთის თამაში და საუკეთესო ფეხბურთელობაა.
მე მიყვარს ჩემი საქმე, რომელიც მთლად საქმეც არ არის. ფეხბურთის თამაში ის საქმეა, რაც მიყვარს. ამით ვტკბები, მიხარია, რომ ამდენი ფანი მყავს და მათაც ვახარებ. ყოველთვის ვცდილობ, ჩემიანები გავაბედნიერო, მეგობრები, ფანები. ფული არის საშუალება, ვიყო დამოუკიდებელი, ახლა და მერეც, როცა ფეხბურთის თამაშს დავასრულებ.
- კრიშტიანო რონალდომ ყველაფერს მიაღწია მატერიალური და სპორტული თვალსაზრისითაც. რა არის თქვენი შემდეგი ნაბიჯი?
- ჩემი მიზანი ზენიტზე ყოფნის გახანგრძლივებაა, კიდევ რამდენიმე წელიწადს შევძლებ ფეხბურთის თამაშს და მინდა, სულ მაღალ დონეზე ვითამაშო. დიდებული კონტრაქტი გავაფორმე "ნაიკთან", დიდებული კონტრაქტი გავაფორმე მადრიდის "რეალთან", ამის გამო ძალიან გახარებული ვარ. ჩემს ასაკში ასეთი კონტრაქტების მიღება დაუჯერებელს ჰგავს. უზომოდ ამაყი ვარ ამის გამო და სწორედ ამიტომაც მსურს, რომ ისევ ტოპ-ფეხბურთელად დავრჩე.
- როგორ ახერხებთ ბალანსის დაცვას თქვენს საფეხბურთო კარიერასა და ბიზნესს შორის? თქვენ უამრავი წამოწყება გაქვთ, ფეხსაცმელების ფირმა, სასტუმროების ქსელი...
- სხვათა შორის, ეს ძალიან ადვილია, როცა მუშაობ მსოფლიოში საუკეთესო გუნდთან ერთად და მე მიმაჩნია, რომ ჩემი ბიზნესჯგუფი საუკეთესოა. ეს ბიჭები ისევე მუხლჩაუხრელად შრომობენ, როგორც მე მოედანზე. ფეხბურთის გარეთ სწორედ ბიზნესია, რაც ყველაზე მეტად მხიბლავს და მომავალში ჩემი თავი სწორედ ამ სფეროში წარმომიდგენია. მაგრამ ახლა უფრო კონცენტრირებული საფეხბურთო საქმეებზე ვარ, რადგან ეს ჩემი საყვარელი საქმეა. ფეხბურთის გარეთ კი მართლაც ფანტასტიკური ხალხი მეხმარება, ბედნიერი ვარ ამის გამო.
- თუ ერევით თქვენი ბიზნესის საქმეებში, თუ ეკითხებით მენეჯერებს, როგორ მიდის საქმეები, თუ ხართ ჩართული ამ ყოველდღიურობაში?
- დიახ, ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და მით უმეტეს, ძალიან მაინტერესებს, როგორ ვითარდება ჩემი ბიზნესი. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, როცა რაღაც შენ სახელს ატარებს, ვალდებულიც ხარ, რომ ის წესრიგში და მაღალ დონეზე იყოს. ამიტომაც ყველა საქმიანობის დეტალებს ვეცნობი, არა მარტო ფეხსაცმელების ფირმის, სასტუმროებშიც და სხვაგანაც, უკვე მრავალფეროვანი ბიზნესი გამაჩნია.
ჩემი გუნდი უზრუნველყოფს ამას. რა თქმა უნდა, 100%-ით ბიზნესსაქმიანობას თავს ვერ შევწირავ. ჯერ ერთი, ჩემი გუნდის მჯერა და ვენდობი, მეორეც, უპირველესად, ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული.
- როგორ ეხმარება კრიშტიანო რონალდო თავის ქვეყანასა და ქალაქს?
- ჩაბმული ვარ სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობაში და ეს ძალზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მიხარია, როცა ხალხს ვეხმარები. რა თქმა უნდა, ყველას ვერ დაეხმარები, რადგან ეს უბრალოდ შეუძლებელია. გუნდთან ერთად ვარჩევ ყველაზე საჭირო საქველმოქმედო ღონისძიებებს. ეს საქმიანობა ძალიან მახარებს. მჯერა, როცა ადამიანებს ეხმარები, ღმერთი ორმაგად გინაზღაურებს.
- რას შეუძლია თქვენი გამხიარულება?
- სულელურ საქციელს, როცა მეგობრებთან ერთად ვარ. ძალიან კარგად ვერთობი.
- თქვენი მეგობრები საფეხბურთო სამყაროდან არიან თუ არა?
- ჩემი ნამდვილი მეგობრები საფეხბურთო სამყაროდან არ არიან. ამ ბიჭებს ყველაზე მეტად ვენდობი. რა თქმა უნდა, ფეხბურთელი მეგობრებიც მყავს, მაგრამ ყველაზე ნაღდები სპორტის ამ სახეობასთან კავშირში არ არიან. როცა მიჭირს, მხოლოდ მათ ვურეკავ.
- რას გვეტყვით თქვენს ოჯახზე?
- არაჩვეულებრივი ოჯახი მყავს, საოცარი შვილი... ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. დედა, დები ძმები, ეს არის ჩემი ოჯახი.
- რამდენად ბედნიერი ხართ? რადგან, როცა ამ ინტერვიუსთვის ვემზადებოდი, ბევრმა მითხრა, რომ გამიჭირდებოდა... რომ ძალიან უხასიათო ხართ...
- ასე ამბობს, ვინც არ მიცნობს. ბევრი რამ გამიგია ჩემ შესახებ, რაც სიმართლესთან ახლოსაც არ ყოფილა. ეს არ არის ჩემთვის პრობლემა. მე ვინც მიყვარს, ყველას ვუყვარვარ და ეს მთავარია, რადგან მათ იციან, ვინ ვარ, როგორია სინამდვილეში ნამდვილი რონალდო. რა თქმა უნდა, 100%-ით ჩემი გაგების შანსი ჯერ არავის ჰქონია, მაგრამ მგონი, თავადაც ნახეთ, რომ მშვენიერი საუბარი გამოგვდის. ხედავთ, ვიღიმი.
- თქვენთან ერთად ახალ სახლში ვინ ცხოვრობს?
- ჩემს შვილთან ერთად ვცხოვრობ.
- გვინახავს, რომ ის ფეხბურთს თამაშობს, თქვენს შვილსაც სურს ფეხბურთელობა და თქვენც გსურთ ეს?
- რა თქმა უნდა, მინდა, რომ ფეხბურთელი გახდეს, როგორც მამა. ეს არ იქნება იოლი საქმე, დიდი გამოწვევა ელოდება წინ, მაგრამ ჩემი შვილი გახდება იმ პროფესიის, რომელსაც ყველაზე მეტად მოისურვებს. ჩემი მხრიდან არ იქნება ზეწოლის მსგავსიც კი მასზე ამ კუთხით. შესაძლოა, დავეხმარო მას, რომ გახდეს ფეხბურთელი, თუ რა თქმა უნდა, მეკარეობას არ მოისურვებს და ჩემსავით გოლების გატანას მოინდომებს, მაგრამ სულაც არ ვიდარდებ, თუ იგი ცხოვრების სხვა გზას აირჩევს.
- როგორია კრიშტიანო რონალდოს შვილობა?
- რაღაც პერიოდში მას აუცილებლად ექნება ძნელი პერიოდიც ამის გამო. ბავშვობაში ძნელი დროება მქონია, მაგრამ ახლა წარმატებული ვარ. მთავარია, ძლიერი იყო და გაუმკლავდე შენს პრობლემებს, წინაღობებს.
დიახ, კრიშტიანო ჯუნიორსაც შეხვდება ცხოვრებისეული სიძნელეები, რადგან ყველა ადამიანი კეთილი არ არის. მაგრამ მას ძალიან ბედნიერ ბავშვად აღვიქვამ. შეიძლება, ვინმე ეუბნება კიდეც, რომ მამამისი სულაც არ არის საუკეთესო და მას სხვა სჯობს, მაგრამ მან უკვე კარგად იცის, როგორ გაუმკლავდეს ასეთ რამეებს. ის ჭკვიანი ბიჭია, მამასავით.
- თქვენ ხომ არ გააფრთხილეთ, რომ კრიშტიანო გაუსწორდეს ყველა არაკეთილისმსურველს?
- არა, რას ამბობთ. ბევრჯერ მითქვამს მისთვის, რომ იყოს ის, ვინც არის, მიიღოს განათლება, რადგან ეს უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია. ბევრი რამის კონტროლი ადამიანს არ შეუძლია, მაგრამ განათლება სულ სხვაა, მას ვერავინ წაგართმევს. განათლებული ადამიანი კი აუცილებლად კარგი მიმართულებით განვითარდება.
- პოპულარულობა ალბათ, თავისუფალ სივრცესაც გიზღუდავთ, გიქმნით პრობლემებს. როგორ უმკლავდებით ამას?
- ამაზე ბევრს არ ვფიქრობ, რადგან ეს ნორმალურია. როცა ჯერ კიდევ თინეიჯერი ვიყავი, ცოტა ძნელი იყო ეს ჩემთვის, როცა კამერები გაწუხებენ, პაპარაცები დაგდევენ. მაგრამ წლების მერე მივხვდი, რომ ეს ჩემი ცხოვრების ის ნაწილია, რომელსაც ვერ შევცვლი.
- პაპარაცები ხშირად გაწუხებენ?
- ხანდახან ხდება ხოლმე. გააჩნია, სად მივდივარ და ვისთან ერთად. მაგრამ, როგორც ვთქვი, ეს უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია. როცა ამდენ ტიტულს იგებ, როცა მსოფლიოში საუკეთესო კლუბებში თამაშობ, იღებ "ოქროს ბურთებს", ხდები ძალიან პოპულარული და მხოლოდ შენ თავზე აღარ ხარ დამოკიდებული. სიმართლე ითქვას, ხანდახან ეს მძიმეა, როცა გინდა, შვილი სკოლაში წაიყვანო და ამ დროს დაგდევენ, მაგრამ რა ვუყოთ...
- მაგრამ პირადი ცხოვრებისთვის სივრცე ნაკლებად გრჩებათ...
- ვერ ვიწუწუნებ, საოცრად კარგი ცხოვრება მაქვს. კი ბატონო, ხანდახან მაწუხებენ, მაგრამ თავის მხრივ, ეს მათი საქმიანობაცაა. კარგად ვცხოვრობ, ოჯახის წევრები კარგად არიან, მყავს ნამდვილი მეგობრები, ვთამაშობ ფეხბურთს, მოკლედ, ბედნიერი ვარ.
- მინდა გკითხოთ საჯარიმოს შესრულების თქვენს სტილზე. დარტყმის მომენტში რატომ დგახართ ასე და ვის ბაძავთ?
- ამას ვაკეთებ ერთადერთი მიზეზით - სრული კონცენტრაციისთვის. არავის არ ვბაძავ, ეს მხოლოდ ჩემი სტილია.
- ინტერვიუს ბოლოს, რას ეტყვით ხალხს, როგორ უნდა გახდნენ წარმატებულები, რა არის თქვენი საიდუმლო?
- არ არსებობს აქ საიდუმლო. არსებობს მხოლოდ ნიჭი, მძიმე შრომა, თავგანწირვა, დიდი სურვილი. ალბათ, საიდუმლოც ეს არის - თქვენს ოცნებებს უნდა მიყვეთ და სცადოთ მათი ასრულება.
რაც უნდა გინდოდეთ, გამოხვიდეთ ფეხბურთელი თუ ინჟინერი, აუცილებლად გადადეთ თავი ამ ოცნების ასასრულებლად, იშრომეთ და აუცილებლად გჯეროდეთ საკუთარი თავის. ვფიქრობ, ეს არის "საიდუმლო". არ არის აუცილებელი, რომ გახდეთ კრიშტიანო რონალდო, ისურვეთ ის, რაც ყველაზე მეტად გინდათ. მე მჯერა, რომ ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევა შეიძლება.
- დაბოლოს, ერთი კითხვა ჩემთვის: როგორ უნდა გავხდე პოპულარული ქალთა წრეში, არც ამაში გაქვთ თქვენი საიდუმლო?
- სხვათა შორის, საოცრებებს ლაპარაკობენ ჩემზე. სინამდვილეში ერთი შეყვარებული მყავს და არა 20. მაგრამ, როგორც ვიცი, თქვენ დაოჯახებული ბრძანდებით და ასეთ კითხვას არ უნდა სვამდეთ (იცინის).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"