ესპანეთში საფეხბურთო სეზონი სათასო ბატალიებით გუშინ განახლდა, როცა 4 მერვედფინალური მატჩი გაიმართა ქვეყნის თასზე. დღეს "რეალი" "სევილიას" მასპინძლობს, ხოლო ქვეყნის ჩემპიონი ყველაზე ბოლოს თამაშობს.
კატალონიურმა გრანდმა ბოლოს 21 დეკემბერს ითამაშა და მას მერე ფეხბურთელებს მცირე საშობაო არდადეგები ჰქონდათ. ბოლოს კი სწორედ კოპას მატჩი იყო, როცა "ბარსამ" "ერკულესი" არ დაინდო და 7:0 გაანადგურა. ბოლო
აღსანიშნავია, რომ "ბარსას" პირველ ღია ვარჯიშს მოსალოდნელზე ცოტა მაყურებელი დაესწრო, რაც ესპანურ მედიაში გადამყიდველებს დაბრალდა.
"ჩვენ კარგად ვიცნობთ მეტოქეს და ვიცით მისი შესაძლებლობები, ამიტომ ყველაფრისთვის მზად ვართ. "ბარსას" ისეთი შემადგენლობა ჰყავს, რომ ყველა ტურნირის მოგება შეუძლია, რომელშიც მონაწილეობს", - განაცხადა 32 წლის ანდრეს ინიესტამ კლუბის ვებსაიტთან ინტერვიუში.
"ბარსას" შემტევი სამეული (მესი, სუარესი, ნეიმარი) ერთად უკვე ორ-ნახევარი წელიწადია თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში ტრიომ ჯამში 297 გოლი გაიტანა. ასე რომ, არც ის არის გამორიცხული, რომ მათი საიუბილეო მე-300 გოლი უკვე "ბილბაოსთან" დაპირისპირებაში ვიხილოთ.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონა" მზად არის, ანდრეს ინიესტას 2020 წლამდე გაუფორმოს ხელშეკრულება. ანუ ნახევარდაცვის მაესტრო კატალონიურ გრანდში 36 წლის ასაკამდე რჩება. ჩავის წასვლის მერე სწორედ ინიესტაა გუნდის კაპიტანი, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრავმის გამო ის ხშირად ვერ თამაშობს. ახლანდელი კონტრაქტი 2018 წელს სრულდება.
Sportitalia-ს საკმაოდ მოულოდნელი ინფორმაცია გამოაქვს სააშკარაოზე კატალონიურ "სპორტს", რომლის თანახმადაც, თუ ლუის ენრიკე და "ბარსელონა" ვერ შეთანხმდებიან და მწვრთნელი სეზონის მერე გუნდს დატოვებს, "ბარსას" ჰოლანდიელი რონალდ კუმანი ჩაიბარებს, რომელიც ამჟამად "ევერტონის" თავკაცია.
შეგახსენებთ, რომ კუმანი "ბარსას" ყოფილი ფეხბურთელია. 1992 წელს სწორედ მისმა გოლმა მოაგებინა კლუბს პირველად ჩემპიონთა თასი. კუმანს მწვრთნელადაც უმუშავია კატალონიაში, 1998-2000 წლებში ის ლუი ვან გაალის ასისტენტი იყო "ბარსელონაში". შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს მემკვიდრეობას ერნესტო ვალვერდესაც უწინასწარმეტყველებენ.
"სანი" უფრო შორსაც მიდის, გამოცემა ირწმუნება, რომ "ბარსასა" და ჰოლანდიელს შორის პირველი კონტაქტიც უკვე იყო.
რაც შეეხება ლუის ენრიკეს, მან დრო მოიგო. "ბარსას" შეფები გადაწყვეტილებას მალევე ელოდნენ, ახლა კი შეთანხმება მიღწეულია, რომ მწვრთნელი საბოლოო პასუხს ხელმძღვანელობას აპრილში ეტყვის. "ბარსა" მას ერთი წლით ხელშეკრულების გაგრძელებას სთავაზობს. ამ შემთხვევაში ლუის ენრიკე გუნდში 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"