მესიმ ბარსას 10 ქულა აჩუქა, საკუთარ თავს - 27 გოლი

AutoSharing Option
"მესტალიაზე" თამაშის 77-ე წუთზე ლეო მესიმ სეზონში "ბარსელონას" 77-ე გოლი გაიტანა და "ბლაუგრანას" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა მესამეადგილოსან "ვალენსიასთან" - 0:1. ამ 77 გოლიდან 27 (!) მესის პირად ანგარიშზეა. სულ მცირე, დღის ბოლომდე ჩემპიონი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთადერთ კონკურენტ "რეალს" 10 ქულით უსწრებს. მოკლედ, თუკი დღეს ჟოზე მოურინიო მანუელ პელეგრინის გუნდს ვერ მოუგებს, ჩათვალეთ, რომ ყველაფერი დასრულდა, გადასაწყვეტი კი მარტო ის იქნება, დაეწევა, თუ არა კრიშტიანო რონალდო "პიჩიჩისთვის" (რაც ალბათ, 90%-ით "ოქროს ბუცსაც" ნიშნავს ამ სეზონში) ბრძოლაში არგენტინელ სუპერვარსკვლავს, ახლა კი მას
უკვე 3 გოლით ჩამორჩება.

მესი მარცხენა ფლანგიდან ადრიანოს ჩაწოდებულს გამოეხმაურა და საჯარიმოს ცენტრიდან გაიტანა "ვალენსიას" კარში მატჩის ერთადერთი გოლი. თუმცა აქამდე, პირველ ტაიმში, მას ორჯერ მართებდა გატანა, ერთხელ ზედიზედ სამი დარტყმა დასჭირდა, მაგრამ მცველებსა და მეკარეს ვერა და ვერ აჯობა, მეორედ კი გუაიტასთან პირისპირ გასულმა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ ვეღარ მოზომა და კარსაც გადააცილა. პირველ ტაიმში ერთი გოლი კი გავიდა, თანაც "ბარსას" კარში, მაგრამ საეჭვო სიტუაციაში თანამსაჯმა ალამი აწია და ბურთიც არ ჩაითვალა.

დაბოლოს, კაცი, რომელიც მატჩამდე საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო, რომლის დაბრუნებაზეც ბევრს წერდნენ - დავიდ ვილია ჩრდილში მოექცა და მისთვის უჩვეულოდ ინერტული იყო, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მატჩში სწორედ "ელ გუახე" იყო სტუმართა შემადგენლობის უსუსტესი წერტილი.

სამშაბათს "სევილიამ" ის გუნდი დაამარცხა, რომელმაც თებერვალში "ბარსელონასა" და "ვალენსიას" დააკარგვინა ქულები - ხიხონის "სპორტინგი", თან დაამარცხა დამაჯერებლად - 3:0. ამ მოგების შემდეგ ისევ შეიძლება საევროპო შანსებზე ფიქრი. ვგონებთ, გრეგორიო მანსანო ნელ-ნელა გაერკვა ანდალუსიური კლუბის ხლართებში და გუნდი გამარჯვებებისკენ მომართა. ერთია, ამასობაში ბევრი ქულა დაიკარგა და გუნდი ევროპის ლიგიდანაც გავარდა. "სევილიამ" ფანტასტიკურად ითამაშა, თუმცა ამაში მას მეტოქის საყრდენი ნახევარმცველი სებასტიან ეგურენი დაეხმარათ, რომელმაც პირველივე ტაიმში საჯარიმოში წააქცია ლუიშ ფაბიანო, რისთვისაც "სპორტინგი" 10 კაცის ამარა დატოვა, ბრაზილიელმა ფორვარდმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა სეზონში მე-10 გოლი.

ამის შემდეგ ასტურიელებს, შეიძლება ითქვას, ბურთი სანატრელი გაუხდათ, მაგრამ ანგარიში კატასტროფული იმიტომ არ გახდა, რომ ანდალუსიელთა ფორვარდები ბევრს სცოდავდნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში, ხან კი მეკარე ყოჩაღობდა. 35-ე წუთზე დიეგო პეროტიმ, როგორც იქნა გაასწორა მიზანი, რამდენიმე აცილების შემდეგ "სევილიას" მარცხენა ნახევარმცველი თავისი ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და შორეულ კუთხეში გაიტანა.

მეორე ტაიმში "სევილიამ" აშკარად დაინდო მეტოქე, რომელიც ეგურენის გაძევების შემდეგ მაგრად დაჩაგრა (ბურთის ფლობის 76% I ტაიმში). 65-ე წუთზე ივან რაკიტიჩის პასით ალვარო ნეგრედომაც გაიტანა სეზონში მე-10 გოლი. სხვათა შორის, მისმა მეწყვილე ლუიშ ფაბიანომ, რომელმაც უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ "სევილიადან" მიდის, "სპორტინგთან" თამაშის შემდეგ დაურთო, რომ ახლა ბრაზილიაში დაბრუნებისთვის იდეალური დროა.

გრეგორიო მანსანო (სევილია): "გუნდმა კარგად ითამაშა "ვისენტე კალდერონზე" მიღწეულ ფრეს ძალიან იოლი გამარჯვება მივაყოლეთ. მეტოქის ფეხბურთელის გაძევების შემდეგ მოედანზე ყველაფერი გამოგვდიოდა. ჩვენი მიზანი ლა ლიგაში მე-4 ადგილის დაკავებაა, რაც აღარ ჩანს ფანტასტიკურად."

სამშაბათის მეორე მატჩზე, უფრო ზუსტად კი 26-ე ტურის პირველ შეხვედრაზე "ესპანიოლსა" და "მალიორკას" შორის გუშინვე მოგითხრეთ - მიქაელ ლაუდრუპის გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა ბარსელონაში, რასაც კამერუნელ ფორვარდ პიერ ვებოს უნდა უმადლოდეს.

მომდევნო ტური

5 მარტი: მალიორკა-ვალენსია, ბარსელონა-სარაგოსა, ატლეტიკო-ვილიარეალი.
6 მარტი: ერკულესი-ალმერია, ლევანტე-ესპანიოლი, მალაგა-ოსასუნა, სპორტინგი-ხეტაფე, ბილბაო-სევილია, რასინგი-რეალი.
7 მარტი: დეპორტივო-რეალ სოსიედადი.






.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული