ბუნდესლიგა. XXII ტური: 8 გოლი გერმანიის ყველაზე უთავმოყვარეო გუნდს! [VIDEO]

AutoSharing Option
ხშირად დაგვიწერია და ახლაც გავიმეორებთ, რომ "ჰამბურგი" ბუნდესლიგაში ყველაზე უთავმოყვარეო გუნდია.

და ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც მიუნხენში დაფიქსირებული 8:0 მოულოდნელი არ ყოფილა, თორემ სხვა მხრივ, "ჰამბურგს" ისეთი შემადგენლობა ჰყავს, რომ არათუ 0:8-ს არ უნდა აგებდეს (თუნდაც "ბაიერნთან"), არამედ წესით, ევროსაგზურებისთვის მაინც უნდა იბრძოდეს. მაგრამ "ჰამბურგი", როგორც ვთქვით, უკვე წლებია, ბუნდესლიგის ყველაზე უთავმოყვარეო გუნდია, რომლისგანაც აბსოლუტურად არაფერია გასაკვირი. მათ შორის, არც ეს 0:8.

ფაქტი: ჩრდილოგერმანულმა კლუბმა, რომელიც ერთადერთია გერმანიის ჩემპიონატში, ბუნდესლიგიდან არასდროს რომ არ გავარდნილა, მიუნხენში ბოლო 8 მატჩიდან რვავე
წააგო და ამ 8 თამაშის ბურთების შეფარდებას არ იკითხავთ? 3:45!

რაც უნდა ირონიულად ჟღერდეს, ჰამბურგელებმა მიუნხენში თამაში საკმაოდ ვაჟკაცურად დაიწყეს და მე-17 წუთისთვის კარისკენ ორი დარტყმა ჰქონდათ, ბავარიელებს კი - არცერთი. მაგრამ მერე მოხდა ის, რაც "ჰამბურგს" "ალიანც არენაზე" ხშირად ემართება ხოლმე: გუნდი აიჭრა, "ბაიერნის" ფეხბურთელებმა კი 8 მადლობა გადაუხადეს. აღსანიშნავია რობერტ ლევანდოვსკის ჰეთ თრიკი და შეცვლაზე შესული კინგსლი კომანის დუბლი. პოლონელმა გოლეადორმა ბუნდესლიგაში 36-ედ მოახერხა ერთ მატჩში ორი ან მეტი გოლის გატანა. აქვე ვთქვათ, რომ ამაზე უკეთესი შედეგები გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში მხოლოდ ისეთ ლეგენდებს აქვთ, როგორებიც გერდ მიულერი, იუპ ჰაინკესი, მანფრედ ბურგსმიულერი და კლაუს ფიშერი არიან.

ძალიან კარგად ითამაშა თომას მიულერმაც, რომელიც კარლო ანჩელოტიმ "ათიანის" პოზიციაზე გაამწესა - მართალია, თომასმა ვერ გაიტანა, მაგრამ ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და პენალტიც მოიპოვა. ეს 8:0 ანჩელოტისთვის საიუბილეო საჩუქარიც გახლდათ - 57 წლის იტალიელი სპეციალისტისთვის ეს რიგით მე-1000 ოფიციალური მატჩი იყო მწვრთნელის რანგში და აქვე გავიხსენოთ, რომ კარლოს დებიუტი 1995 წელს, "რეჯანას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შედგა.

ამრიგად, "ჰამბურგი" ისევ საშინელ დღეშია - არადა, ჩრდილოელებს მიუნხენურ კოშმარამდე სამ შეხვედრაში 7 ქულა ჰქონდათ მოპოვებული და თითქოს, კრიზისიდან გამოდიოდნენ. ცნობისათვის, "ჰამბურგმა" "ბაიერნის" მიუნხენში დამარცხება უკანასკნელად 2007 წლის 28 აპრილს მოახერხა (2:1, ვან დერ ვაარტისა და გერეროს გოლებით).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლაიპციგმა" "ბაიერნთან" 5-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა. მართალია, საქსონიელებმა დიდი ანგარიშით ვერ მოიგეს, მაგრამ "კიოლნთან" 3:1 მათთვის დიახაც, ძალიან კარგი შედეგია, რადგან "კიოლნს" ამ ტურამდე, "ბაიერნის" შემდეგ ყველაზე კარგი დაცვა ჰყავდა ბუნდესლიგაში. მაგრამ ლაიპციგში "კიოლნის" მაგარი დაცვაც დაეცა და მასპინძლებს წესით, სამზე მეტი უნდა გაეტანათ.

პირველი გოლი მეკარე კესლერის სინდისზეა, მეორე გოლი კიოლნელთა უკანახაზელმა მარომ სულაც საკუთარ კარში გაიტანა, ლაიპციგელთა მესამე გოლის დროს კი ნევენ სუბოტიჩი გამოიყურებოდა ძალიან ცუდად. ცნობისათვის, კიოლნელებს ჩინელებმა ენტონი მოდესტეს სანაცვლოდ ამჯერად 50 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ "თხებმა" ამაზეც უარი თქვეს.

მოიგო დორტმუნდის "ბორუსიამაც". თომას ტუხელის შეგირდებმა ფრაიბურგში 3:0 გაიმარჯვეს და მესამე ადგილზე მყარად დამკვიდრდნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ცუდად აქვთ საქმე "ლევერკუზენისა" და "ვოლფსბურგის" თავკაცებს, როჯერ შმიდტსა და ვალერიან ისმაელს. საქმე ისაა, რომ ორივე საკუთარ მოედანზე დამარცხდა - "ლევერკუზენი" "მაინცთან" (0:2), ხოლო "ვოლფსბურგი" კი "ვერდერთან" (1:2).

XXII ტური
ვოლფსბურგი-ვერდერი 1:2
გოლები: 0:1 გნაბრი (10), 0:2 გნაბრი (18), 1:2 მაიორალი (19)
ვოლფსბურგი (3-4-2-1): ბენალიო - კნოხე, ლუის გუსტავო, როდრიგესი - ბლაშჩიკოვსკი, ტრეში (81. გერჰარდტი), არნოლდი, ჰორნი - დიდავი (63. გომესი), მალი - მაიორალი (74. ნტეპი).
ვერდერი (4-2-2-2): ვიდვალდი - გებრე სელასიე, სანე, მოისანდერი, ბაუერი - ველიკოვიჩი, ეგშტაინი (74. გრილიჩი) - ბარტელსი (60. კაინცი), იუნუზოვიჩი - გნაბრი (82. პისარო), კრუზე.
მაყურებელი: 30 000

ბაიერნი-ჰამბურგი 8:0
გოლები: 1:0 ვიდალი (17), 2:0 ლევანდოვსკი (24-პენ), 3:0 ლევანდოვსკი (42), 4:0 ლევანდოვსკი (54), 5:0 ალაბა (56), 6:0 კომანი (65), 7:0 კომანი (69), 8:0 რობენი (87)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი (67. რაფინია), ხავი მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა - ტიაგო ალკანტარა (60. კომანი), ვიდალი - რობენი, თ. მიულერი, დუგლას კოშტა - ლევანდოვსკი (57. რენატო სანჩესი).
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - გ. საკაი, ჯურუ, მავრაი, დუგლას სანტოსი - უოლასი, იუნგი - ნ. მიულერი (62. ჰანტი), ჰოლტბი, კოსტიჩი (72. ვალდშმიდტი) - გრეგორიჩი (60. ეკდალი).
მაყურებელი: 75 000

ლევერკუზენი-მაინცი 0:2
გოლები: 0:1 ბელი (3), 0:2 იოზთუნალი (11)
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - იედვაი, თოფრაქი, დრაგოვიჩი (54. კისლინგი), ჰენრიხსი - ლ. ბენდერი (78. იურჩენკო), კამპლი - ბელარაბი, ფოლანდი - ჰავერტცი (67. ბრანდტი), ჩიჩარიტო.
მაინცი (4-2-2-2): ლიოსლი - დონატი, ბელი, რამალიო, ბუსმანი - ლატცა, ფ. ფრაი - იოზთუნალი, დე ბლაზისი (76. კუაისონი) - კორდობა (92. გბამინი), მუტო (89. ჟაირო).
მაყურებელი: 27 086

დარმშტადტი-აუგსბურგი 1:2
გოლები: 1:0 ჰელერი (47), 1:1 ვერჰეგი (55-პენ), 1:2 ბობადილია (85)
დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი - ფედეცკი, მილოშევიჩი, ზულუ, ჰოლანდი - ჰამით ალთინთოფი, გონდორფი - სემი (46. ბოიდი), როზენტალი (35. სირიგუ), ჰელერი - ჩოლაკი (76. შიპლოკი).
აუგსბურგი (): ჰიტცი - ვერჰეგი, კაჩარი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი - მორავეკი (77. ლაიტნერი), კორი - კოო (93. ფრამბერგერი), ჰალილ ალთინთოფი, ჟი - ბობადილია (89. გიუნტერ-შმიდტი).
მაყურებელი: 16 200

ფრაიბურგი-დორტმუნდი 0:3
გოლები: 0:1 სოკრატისი (13), 0:2 ობამეიანგი (55), 0:3 ობამეიანგი (70)
ფრაიბურგი (4-2-3-1): შვოლოვი - კიუბლერი (85. იგნიოვსკი), ტორეხონი, სოიუნჩუ, გიუნტერი - ფრანტცი, ჰიოფლერი - ო. ბულუთი (24. კემპფი), ფილიპი, გრიფო - პეტერსენი (64. ნიდერლეხნერი).
დორტმუნდი (3-4-3): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა - დურმი, ვაიგლი, კასტრო, გერეირო - დემბელე (76. კაგავა), ობამეიანგი (82. შიურლე), როისი (81. პულიშიჩი).
მაყურებელი: 24 000

ლაიპციგი-კიოლნი 3:1
გოლები: 1:0 ფორსბერგი (5), 2:0 მარო (34-საკ. კარში), 2:1 ოსაკო (53), 3:1 ვერნერი (65)
ლაიპციგი (4-3-3): გულაჩი - შმიტცი, ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი - კეიტა (86. დ. კაიზერი), ილსანკერი, დემე - ზაბიტცერი, ვერნერი (84. ზელკე), ფორსბერგი (65. რ. ხედირა).
კიოლნი (3-5-2): კესლერი - მარო (46. ცოლერი), სუბოტიჩი, ჰაინტცი - ოლკოვსკი, კლემენსი, ჰიოგერი (76. იოიჩი), ი. ჰექტორი, რაუში - ოსაკო, მოდესტე.
მაყურებელი: 39 335

ჰერტა-აინტრახტი 2:0
გოლები: 1:0 იბიშევიჩი (52), 2:0 დარიდა (83)
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი (87. ლუსტენბერგერი), ბრუკსი, პლატენჰარდტი - შტარკი, სკიელბრედი - ჰარაგუჩი, დარიდა (89. დუდა), კალუ (81. მიტელშტედტი) - იბიშევიჩი.
აინტრახტი (4-3-2-1): ჰრადეცკი - ჩენდლერი, ჰასებე, მ. ჰექტორი, ოჩიპკა - ვარელა (69. დ. ბლუმი), ბესუშკოვი (63. ტარაშაი), ტავათა - გაჩინოვიჩი, რებიჩი - სეფეროვიჩი.
გაძევება: სეფეროვიჩი (78. აინტრახტი)
მაყურებელი: 43 323

ინგოლშტადტი-გლადბახი 0:2
გოლები: 0:1 შტინდლი (60), 0:2 ჰანი (91)
ინგოლშტადტი (3-4-3): ჰანსენი - მ. მატიპი, ტისერანდი (72. კიტელი), ბრეგერი - ჰადერგონაი, კოენი, მორალესი, ზუტნერი - პ. გროსი (78. ჰინტერზეერი), ლესკანო. ა. იუნგი (46. როჯერი).
გლადბახი (4-2-3-1): ზომერი - იანჩკე, ა. კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ვენდტი - კრამერი, შტრობლი (61. დაჰუდი) - ჰოფმანი, შტინდლი (87. რაფაელი), ჯონსონი - დრმიჩი (80. ჰანი).
მაყურებელი: 15 200

შალკე-ჰოფენჰაიმი 1:1
გოლები: 1:0 შიოპფი (5), 1:1 რუდი (79)
შალკე (3-5-1-1): ფერმანი - ჰიოვედესი, ბადშტუბერი, ნასტასიჩი - შიოპფი, გორეტცკა, სტამბული, ბენტალები, კოლაშინაცი (82. აოგო) - დ. კალიჯური (57. მ. მაიერი) - ბურგშტალერი (84. ჩუპო-მოტინგი).
ჰოფენჰაიმი (3-5-1-1): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი, ბ. ჰიუბნერი - ბიჩაქჩიჩი (60. შვეგლერი), ამირი (63. სალაი), რუდი, დემირბაი, ცუბერი - ტერაცინო (70. კრამარიჩი) - ვაგნერი.
მაყურებელი: 58 839

ბომბარდირები: 19 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 17 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 13 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

მომდევნო ტური
3 მარტი:
აუგსბურგი-ლაიპციგი;

4 მარტი:
დორტმუნდი-ლევერკუზენი, მაინცი-ვოლფსბურგი, კიოლნი-ბაიერნი, ვერდერი-დარმშტადტი, ჰოფენჰაიმი-ინგოლშტადტი, გლადბახი-შალკე;

5 მარტი:
აინტრახტი-ფრაიბურგი, ჰამბურგი-ჰერტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი რა შემადგენლობა ჰყავს ჰამბურგს, ევროზონის პოტენციური ბინადარი რომ უნდა იყოს?!
აღარ თამაშობს კიგანი მანდ.
კირკიტა
13:13 27-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული