"დორტმუნდის" მწვრთნელი და ფეხბურთელები მატჩის შემდეგ ერთად მოსთქვამდნენ, რომ სამშაბათ საღამოს მომხდარი ინციდენტის გამო მეორე დღეს თამაში არ შეიძლებოდა. კრიტიკის მთავარ ობიექტად იქცა უეფა, აქაოდა, ევროპული ფეხბურთის ბოსებისთვის მთავარი იყო პოლიტიკური მოტივი ("ჩვენ ვერ შეგვაშინებენ"!) და არა - ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოება.
ალბათ, თომას ტუხელსა და მის შეგირდებს თამაშის ოთხშაბათს ჩატარების გადაწყვეტილება
"დორტმუნდის" ნახევარმცველმა ნური შაჰინმა "ვიასპორტთან" ინტერვიუში ემოციურად ილაპარაკა:
"ძალიან ძნელია ახლა ამაზე ლაპარაკი, ძალიან ძნელია ზუსტი სიტყვების პოვნა... რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდოდა მეორე დღეს თამაში, მაგრამ გვქონდა პასუხისმგებლობა. ჩვენ წარმოვადგენთ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, რომელიც თამაშობს ისეთ დიდ ტურნირში, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა... ვეცადეთ, მიუხედავად მძიმე განწყობისა, ყველაფერი ჩაგვედო თამაშში და მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაშიც კი კარგად ვითამაშეთ.
საფეხბურთო განცდები და ემოციები მართლაც არაფერი ყოფილა იმასთან შედარებით, რაც წინა საღამოს გამოვცადეთ. იმ მომენტში შეიძლება კარგად ვერც გავიაზრეთ, რაც მოხდა. როცა სახლში მივედი და დავინახე, როგორ მელოდებოდნენ შესასვლელში მეუღლე და შვილი, მერეღა მივხვდი, რომ ბედმა გაგვიღიმა... ვიცი, რომ ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი, ფეხბურთით დაავადებულებიც ვართ და ამით ვშოულობთ ბევრ ფულს, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ ვართ ადამიანები და ეს ყველაფერზე მაღლა დგას".
უფრო კატეგორიულია "დორტმუნდის" მცველი სოკრატის პაპასტატოპულოსი:
"პირველ რიგში, ბედნიერი ვარ იმით, რომ ცოცხალი ვარ, - ამბობს 28 წლის ბერძენი. - ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღე და იმედი მაქვს, ეს აღარასოდეს განმეორდება. იმ საღამოს შემდეგ თავში არაფერი მიტრიალებდა, გარდა იმ აფეთქებისა. ფეხბურთზე საერთოდ ვერ ვფიქრობდი. უეფა უნდა მიმხვდარიყო, რომ ჩვენ არ ვართ ცხოველები!
ჩვენ ვართ ადამიანები, რომელთაც ჰყავთ ოჯახები, შვილები... ბედნიერი ვარ იმითიც, რომ ყველა ფეხბურთელი ცოცხალია. მართლა ძალიან ძნელია, ასეთ დროს ფეხბურთისთვის განეწყო. ჩვენ აუცილებლად ვილაპარაკებთ ამაზე მწვრთნელთან, პრეზიდენტთან... მაგრამ ამით რა შეიცვლება? კიდევ ერთხელ ვამბობ - თავს ვგრძნობ, როგორც ცხოველი და არა - ადამიანი".
ეს არის ზღვაში წვეთი იმასთან შედარებით, რაც მედიასა და სოციალურ ქსელებში ხდება. ამან აიძულა უეფა, საგანგებო განცხადება გაევრცელებინა. ევროფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მატჩის მეორე დღეს ჩატარებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს:
"გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ "დორტმუნდსა" და "მონაკოს" შორის ჩაშლილი მატჩი მეორე დღეს ჩატარებულიყო, მიიღეს იმავე საღამოს, სტადიონზევე და ამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ კლუბების ხელმძღვანელები და პოლიტიკური ავტორიტეტები. რა თქმა უნდა, უეფაც საქმის კურსში იყო მოლაპარაკებების თაობაზე. აქვე, სრული პასუხისმგებლობით უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი ორგანიზაციის სახელზე არ შემოსულა არც ერთი განცხადება კლუბებისგან იმის თაობაზე, რომ მათ თამაში არ უნდოდათ".
ეს რომ ასე იყო, "დორტმუნდის" აღმასრულებელი დირექტორის, ჰანს-იოახიმ ვატცკეს სიტყვებითაც დასტურდება. მისი თქმით, თამაშის მეორე დღეს გამართვის თაობაზე პირადად გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ელაპარაკა, რომელიც, თავის მხრივ, მიესალმა "დორტმუნდის" ბოსების გადაწყვეტილებას. სწორედ ამის შემდეგ იყო, ვატცკემ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს რომ მიმართა: "ჩვენ არ უნდა ვითამაშოთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ჩვენ უნდა ვითამაშოთ ყველასთვის".
სწორედ ამას ეხმაურება დორტმუნდელთა მწვრთნელის, თომას ტუხელის სიტყვები: "ჩვენ გვერდი აგვიარეს გადაწყვეტილების მიღებისას. თითქოს, იმ საღამოს არც არაფერი მომხდარიყოს საგანგაშო. ლუდი შეგვასხეს თუ ბომბი გვესროლეს?! ეს დაუცველობისა და უმწეობის განცდას გვიტოვებს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყველასთვის ვიშრომოთ, დანარჩენს კი, თურმე, მნიშვნელობა არ აქვს.
ყველაფერი ვიღონეთ იმისთვის, რომ ღირსეული ფეხბურთი გვეთამაშა, მაგრამ ამ სამყაროში ფეხბურთი არ არის ყველაზე მთავარი რამ... არიან მოთამაშეები, რომლებიც ასეთ ფაქტებს იოლად ივიწყებენ, მაგრამ უმეტესობისთვის ეს ძალიან ძნელი გადასატანია...
სამწუხაროდ, ჩვენი აზრი არავინ გაიზიარა და არც შეგვეძლო, იმ მომენტში რაიმე გვეღონა. უბრალოდ, ვიღაცამ შვეიცარიაში გადაწყვიტა, რომ უნდა გვეთამაშა, მაგრამ ეს არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება. ახლა შემიძლია მხოლოდ ერთი რამ - დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს".
ცხადია, უეფაც არ მოიკლავდა თავს თამაშის უფრო შორეული ვადით გადადებისთვის და ესეც გასაგებია. კალენდრის ფაქტორს ვგულისხმობთ - ამ უქმეებზე შინაური პირველობებია, ხოლო იქით კვირაში უკვე საპასუხო მატჩები უწევს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"