გადაწყდა: ბალაკი ლევერკუზენში ბრუნდება

AutoSharing Option

ბუნდესლიგის პირველი მეგა-ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია: ლონდონის "ჩელსიდან" წამოსული მიხაელ ბალაკი ლევერკუზენის "ბაიერს" ორწლიან კონტრაქტზე მოურიგდა. მიუხედავად ამისა, "ლევერკუზენის" ხელმძღვანელებს გუშინ ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურება არ სურდათ, რადგან ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, დასაზუსტებელია უკანასკნელი დეტალები, რაც მხოლოდ ფორმალობაა. "კიკერი" წერდა, რომ ეს დეტალები ამ უქმეებზე შეთანხმდება. ტრავმირებულ ბალაკს დღეს გერმანიაში ელიან. მიხაელი სამშობლოში მკურნმალობის კურსის ჩასატარებლად ჩადის და თან "ლევერკუზენთან" ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწეროს.

სამაგიეროდ, ტრანსფერი თვითონ ფეხბურთელმა დაადასტურა: "ლევერკუზენში დაბრუნებით, ჩემს კარიერაში წრე იკვრება. კარიერის საუკეთესო წლები სწორედ "ბაიერში" გავატარე და
ჩემთვის ამ კლუბში დაბრუნება უდიდესი პატივია. სხვა კლუბები გაცილებით უკეთეს პირობებს მთავაზობდნენ, მაგრამ არჩევანი "ლევერკუზენის" სასარგებლოდ გავაკეთე, რადგან ამ გუნდს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია," - უთხრა ბალაკმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

"ბედნიერი ვარ, რომ ბალაკი "ლევერკუზენში" გადმოდის. ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელსაც სწორედ მიხელის დარი გამოცდილი მოთამაშე აკლია," - ეს კი "ფარმაცევტების" სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის სიტყვებია.
შეგახსენებთ, რომ "ჩელსიმ" ბალაკს კონტრაქტი არ გაუგრძელა, რის გამოც გერმანიის ნაკრების ტრავმირებულმა კაპიტანმა ლონდონური კლუბი უფასოდ დატოვა. "ჩელსის" მისთვის მხოლოდ ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმება სურდა, მიხაელი კი მინიმუმ ორწლიან კონტრაქტს ითხოვდა.

ბუნდესლიგიდან, მისი გადაბირება "ვოლფსბურგს" და "ჰამბურგსაც" სურდათ, მაგრამ მიხაელმა უპირატესობა იმ კლუბს მიანიჭა, სადაც კარიერის საუკეთესო წლები აქვს გატარებული. ამრიგად, ბალაკის სახით, გერმანული ფეხბურთის სახე სამშობლოში ბრუნდება. გიორლიტცში დაბადებულმა მიხაელმა კარიერა "ხემნიტცში" დაიწყო, 1997 წელს კი "კაიზერსლაუტერნში" გადავიდა და პფალცელებთან ერთად, პირველივე სეზონში გერმანიის ჩემპიონობა იზეიმა. ორი წლის შემდეგ კი მან "წითელი ეშმაკებიც" დატოვა და "ლევერკუზენს" მიაშურა, საიდანაც ბალაკი უკვე მთელმა მსოფლიომ გაიცნო. 2002 წელი მის კარიერაში საუკეთესო გახლდათ: მიხაელი "ლევერკუზენთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა (1:2 რეალთან), ითამაშა გერმანიის თასის ფინალში და ბოლო ტურში დაკარგა გერმანიის ჩემპიონობა. ამასთან, 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, გერმანიის ნაკრებთან ერთად ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ნახევარფინალში მიღებული გაფრთხილების გამო, ფინალი (0:2 ბრაზილიასთან) გამოტოვა.

მუნდიალის შემდეგ ბალაკმა მიუნხენის "ბაიერნს" მიაშურა და იმედი ჰქონდა, რომ რეკორდმაისტერთან ერთად მაინც მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ ეს ოცნება მიხაელს არც "ბაიერნში" აუსრულდა და არც "ჩელსიში", სადაც ის 2006 წლიდან თამაშობდა. ტრიუმფთან ბალაკი ყველაზე ახლოს 2008 წელს იყო, როცა ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი "მანჩესტერ იუნაიტედთან" წააგეს. ბალაკს დიდი ტიტული არც გერმანიის ნაკრებში აქვს მოგებული. 2002 წლის გამოტოვებული ფინალის შემდეგ, 2006 წლის მუნდიალზე ბუნდესგუნდმა მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე კი, ბალაკის კაპიტნობით ფინალში გააღწია, სადაც ესპანეთთან დამარცხდა. მიმდინარე მუნდიალზე კი ბალაკი იმის გამო არ მონაწილეობს, რომ დაწყებამდე სამი კვირით ადრე, ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში საბედისწერო ტრავმა მიიღო.
გოტფრიდ ლენცი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული