კლოპმა იყნოსა და გააკეთა

AutoSharing Option
დორტმუნდის „ბორუსიაში“ რაღაც-რაღაცები შეიცვალა. ჩაგდებული სტარტის შემდეგ, გერმანიის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა როტაციას მიმართა და შეიძლება ითქვას, რომ BVB-ს გამოკვეთილი ძირითადი შემადგენლობა აღარ ჰყავს.

„აუგსბურგთან“ მატჩში, რომელიც დორტმუნდელებმა 4:0 მოიგეს, სასტარტოში ბევრი ისეთი მოთამაშე ვეღარ ვნახეთ, რომლებმაც გასულ სეზონში „ბორუსიას“ ჩემპიონობა განაპირობეს. ნევენ სუბოტიჩი? სკამზე იჯდა! შინჯი კაგავა? ისიც სკამზე იჯდა! კევინ გროსკროიტცი? ძირითად შემადგენლობაში არც ეს უკანასკნელი ყოფილა. სამაგიეროდ, სკამზე ჯდომის ამ ეტაპზე რობერტ ლევანდოვსკის აღარ უნდა ეშინოდეს - მიუხედავად იმისა, რომ ლუკას ბარიოსი გამოჯანმრთელდა. პოლონელმა თავდამსხმელმა „აუგსბურგთან“
სამი გოლი გაიტანა და ცხადია, ბარიოსის დაჯაბნვის საუკეთესო შანსი გაუჩნდა.

„პოლონელმა ტორემა“ ჰეთ-თრიკთან ერთად, შესანიშნავი საგოლე პასიც გააკეთა და მარიო გიოტცეს გაატანინა, რაც ასევე მისი მყარი არგუმენტია. ეს ყველაფერი ლევანდოვსკიმ იმ კრიტიკის ქარცეცხლის შემდეგ გააკეთა, რაც მას წინა კვირებში დაატყდა თავს, როცა „ბორუსიას“ კრიზისი ედგა, პოლონელი კი საკმაოდ ბევრ საგოლე მომენტს აფუჭებდა.

„რობერტი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცეს თავდამსხმელი, როცა რთული პერიოდი უდგას და ხშირად არ უმართლებს. ლევანდოვსკი ნერვებს არ აყვა, მიუხედავად უდიდესი კრიტიკისა, „აუგსბურგთან“ მშვიდი იყო და შედეგიც სახეზეა,“ - ამბობს „ბორუსიას“ თავკაცი კლოპი პოლონელ თავდამსხმელზე, რომელსაც ბუნდესლიგაში რვა ტურის შემდეგ, გოლს პლუს პასის რეიტინგში 9 ქულა აქვს (5 გოლი, 4 პასი) და ამ რეიტინგს მარიო გომესთან (ბაიერნი, 8/1), პაპის დემბა სისესთან (ფრაიბურგი, 6/3) და კლაუდიო პისაროსთან (ვერდერი, 6/3) ერთად ლიდერობს.

კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ლევანდოვსკიმ ზუსტად იმ დროს ჩაატარა, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ბარიოსი ხომ სწორედ ახლა გამოჯანმრთელდა და ნელ-ნელა ფორმაშიც შედის. ასე რომ, პოლონელი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში ადგილს თავისი ნებით არ დათმობს. არადა, ბარიოსსაც მყარი არგუმენტები აქვს და კლოპი ალბათ ამიტომაც დაფიქრდა იმაზე, რომ ლევანდოვსკი და ბარიოსი სასტარტო შემადგენლობაში ერთად ათამაშოს - თანაც, ტაქტიკური სქემის შეცვლის გარეშე.

რობერტს გამთამაშებლობაც ეხერხებაო, ამბობს კლოპი და ამით ორ კურდღელს იჭერს: ჯერ ერთი, არც ლევანდოვსკის აწყენინებს და არც ბარიოსს, ამის პარალელურად კი, იაპონელ გამთამაშებელ კაგავას აქცევს წნეხის ქვეშ, რომელიც ამ სეზონში აშკარად ცუდად გამოიყურება - წლევანდელი კაგავა შარშანდელის აჩრდილია. იაპონელმა „აუგსბურგთან“ მატჩში 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, რაც მის დორტმუნდულ კარიერაში პირველად მოხდა. კაგავას, რომელმაც ახლა იაპონიის ნაკრებში უნდა ითამაშოს და ამისათვის ისევ ნახევარი დედამიწა უნდა იფრინოს, შარშანდელ ფორმამდე ძალიან ბევრი აკლია.

კაგავამ, სუბოტიჩმა და გროსკროიტცმა ნულიდან უნდა დაიწყონ
ეს მარტო კაგავას არ ეხება. ასეთივე მდგომარეობაშია ცენტრალური მცველი ნევენ სუბოტიჩიც, რომელსაც „ბორუსიას“ ძირითად შემადგენლობაში 137 მატჩი აქვს ჩატარებული. სერბი მცველი აღიარებს, რომ ფორმაში არაა („ბოლო მატჩებში იმდენი შეცდომა დავუშვი, რაც მთელი ორი წლის მანძილზე არ დამიშვია“), რაც განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, მარსელში წაგებულ შეხვედრაში (0:3) გამოჩნდა და რაც სუბოტიჩს სასტარტო შემადგენლობიდან ამოვარდნის ფასად დაუჯდა.

კლოპმა შაბათს ასევე ცუდ, მაგრამ არა სუბოტიჩზე უკეთეს ფორმაში მყოფ მატს ჰუმელსს დაცვის ცენტრში ფელიპე სანტანა შეუწყვილა, ამ უკანასკნელმა კი მასზე დაკისრებულ ამოცანას თავი კარგად გაართვა.

„სუბოტიჩს და ჰუმელსს სეზონის წინ ვუთხარი, რომ ფელიპე სანტანას ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვათამაშებდი. ასე რომ, ეს ნევენისთვის სიურპრიზი არ ყოფილა,“ - აცხადებს კლოპი, რომელმაც „აუგსბურგთან“ ძირითადში აღარც კევინ გროსკროიტცი გაამწესა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ იურგენს სულაც არ აქვს „ჯვარი დაწერილი“ იმ მოთამაშეებზე, რომლებიც „დორტმუნდის“ საჩემპიონო სეზონში მისი და მისი გუნდის ბრწყინვალე წარმატების მთავარი შემოქმედნი იყვნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული