ანდრეას ჰინკელი "ფრაიბურგმა" შეიფარა

AutoSharing Option
„ფრაიბურგს“ დაცვაში სერიოზული პრობლემები რომ აქვს, ეს ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილშიც ჩანს: ბრაისგაუელებს განვლილ რვა ტურში ყველაზე მეტი, 22 გოლი აქვთ გაშვებული. სწორედ ამიტომ და კიდევ ჰაიკო ბუტშერის ტრავმის გამო გადაწყვიტეს კლუბის ბოსებმა, რომ უკანა ხაზი გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველით, ანდრეას ჰინკელით გაეძლიერებინათ.

ამ უკანასკნელს ბუნდესგუნდში 21 მატჩი აქვს ჩატარებული, ბუნდესლიგაში კი, „შტუტგარტის“ ფორმით 156 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 29 წლის ჰინკელს, რომელიც ბოლოს გლაზგოს „სელტიკში“ თამაშობდა, „ფრაიბურგში“ ასპარეზობა ახლავე შეუძლია, რადგან ზაფხულს აქეთ უკლუბოდაა. აღსანიშნავია, რომ „სელტიკიდან“ წამოსვლის შემდეგ ჰინკელი
„შტუტგარტში“ ვარჯიშობდა.

„ბედნიერი ვარ, რომ ბუნდესლიგაში დავბრუნდი და კარიერის „ფრაიბურგში“ გაგრძელების საშუალება მომეცა. როგორც იქნა, უკლუბოდ ყოფნას ბოლო მოეღო. პირველივე დღიდან თავდაუზოგავად ვივარჯიშებ იმედია, ამ მშვენიერ და რაც მთავარია, საკმაოდ ამბიციურ კლუბს მალე გავუშინაურდები. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ „ფრაიბურგმა“ პროგრამა მინიმუმი შეასრულოს და ელიტაში ადგილი შეინარჩუნოს. იქნებ, მეტსაც გამოვკრათ ხელი,“ - განაცხადა ჰინკელმა ოფიციალური წარდგენისას.

„ანდრეას ჰინკელის სახით ძალიან გამოცდილი, მაღალი კლასის ფეხბურთელი გადმოვიბირეთ. ჩვენი გუნდის დაცვის ხაზს გაძლიერება ნამდვილად სჭირდებოდა, ჰინკელი კი აშკარად გაგვაძლიერებს. ამ ფეხბურთელს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ კარგი მცველია,“ - ეს „ფრაის“ სპორტული დირექტორის, დირკ დუფნერის სიტყვებია. ჰინკელმა ახალ გუნდთან ერთად გუშინვე პირველად ივარჯიშა.

ჰინკელის ტყრანსფერი კაპიტან ბუტშერის ტრავმამაც დააჩქარა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მცველი ბეგ ფერატი გამოჯანმრთელდა, ბრაისგაუელებს დაცვაში მაინც დეფიციტი ჰქონდათ და ჰინკელმა, რომელიც მარჯვენა მცველია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში და მარცხნივაც შეუძლია ასპარეზობა, სწორედ ეს სიცარიელე ამოავსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული