იოახიმ ლიოვმა და მისმა შეგირდებმა დანაპირები შეასრულეს და სტამბოლში ევრო 2012-ის საგზურისთვის მებრძოლ თურქეთს 3:1 მოუგეს. ამით დამტკიცდა, რომ გერმანიის ნაკრები მაშინაც მაქსიმალურად მოტივირებულია, როცა ეს არ არის საჭირო.
ახლა თურქეთის ნაკრების ბედი გერმანელთა ხელშია და ლიოვიც და ბუნდესგუნდის ფეხბურთელებიც თურქებს დაპირდნენ, რომ ბელგიასაც დაამარცხებენ.
ბოლო ტურში თურქეთი აზერბაიჯანს მასპინძლობს და ეჭვი არავის ეპარება, რომ მოუგებს. მაგრამ თუ მეორე ადგილზე მყოფმა
"ბელგიას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, უამრავი ახალგაზრდა ტალანტით, მაგრამ რაც არ უნდა მოვინდომო, ვერ წარმოვიდგენ, რომ ბელგიის ნაკრები გერმანიაში მოიგებს," - განაცხადა თურქეთის ნაკრების თავკაცმა გუუს ჰიდინკმა ბუნდესგუნდთან განცდილი მარცხის შემდეგ. თურქების თავკაცი ლიოვმაც დააიმედა, ბოლო შეხვედრასაც სერიოზულად მივუდგებითო: "ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი მიზანი ჯგუფში ათივე თამაშის მოგებაა. ბელგიას ვერაფერს ვაჩუქებთ."
იოგიმ კროოსი და გიუნდოგანი დაიმატა
ლიოვი არც საკადრო ექსპერიმენტებს აპირებს და ბელგიასთან მატჩისთვის მხოლოდ ორი ფეხბურთელი, "ბაიერნელი" ტონი კროოსი და დორტმუნდელი ილქაი გიუნდოგანი დაიმატა.
აღსანიშნავია, რომ ლიოვს კროოსის გამოძახება თურქეთთან მატჩისთვისაც სურდა, მაგრამ იძულებული გახდა, მასზე უარი ეთქვა, რადგან ტონის გრიპი ჰქონდა. გიუნდოგანის გამოძახება კი ბუნდესმწვრთნელმა გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების თავკაც რაინერ ადრიონს ორი კვირის წინ შეუთანხმა.
"იოახიმ ლიოვმა ჯერ კიდებ "აუგსბურგთან" თამაშის წინ დამირეკა და შემატყობინა, რომ "ბელგიასთან" შეხვედრისთვის ჩემი გამოძახება სურდა. მას მერე მთელი ღამე გერმანიის ეროვნული გუნდის ფორმა მესიზმრება," - ეს 20 წლის გიუნდოგანის სიტყვებია, რომელიც, შესაბამისად, 21-წლამდელთა ბუნდესნაკრებს სან მარინოსთან შეხვედრაში დააკლდება.
"ილქაი ლუის ჰოლტბისთან ერთად გაფართოებულ სიაშია და მეც და ლიოვსაც გვინდა, რომ ნაკრებს ნელ-ნელა შეეჩვიოს. გიუნდოგანმა
"ნიურნბერგიდან" დორტმუნდის "ბორუსიაში" გადასვლით წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ფაქტია, რომ ნელ-ნელა პირველ ნაკრებსაც უნდა შევაჩვიოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ილქაი იოგის იმედებს გაუმართლებს, მან ბუნდესგუნდში გამოძახება ნამდვილად დაიმსახურა," - ამბობს ადრიონი.
სამაგიეროდ, დიუსელდორფში ბელგიასთან შეხვედრისთვის კითხვის ნიშნის ქვეშაა გერმანიის ნაკრების ორი წამყვანი ფეხბურთელის ასპარეზობა: ლიოვმა თქვა, მესუთ იოზილი ალბათ ითამაშებს, აი, მიროსლავ კლოზე კი სავარაუდოდ ვერაო.
ამასთან, იოგიმ გადაწყვიტა, მარიო გიოტცე დაასვენოს - ამ უკანასკნელმა გერმანიის ნაკრები უკვე დატოვა და დორტმუნდში დაბრუნდა. რაც შეეხება იოზილს: მან გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა და უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს ლიოვს სპეციალურად სთხოვა, რომ თურქეთთან შეხვედრაში (გასაგები მიზეზის გამო) მოედანზე არ გაეყვანა.
"ვინც მიცნობს, ისიც იცის, რომ ასეთ რამეს არ გავაკეთებდი. გერმანიის ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალიან საამაყოა და სტამბოლის პუბლიკის ნამდვილად არ შემშინებია," - უთხრა მესუთმა "კიკერს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"