რურის 138-ე დერბისთვის დორტმუნდელებმა საკმაოდ საინტერესო რამ მოიფიქრეს: ახალი ფორმა, რომელიც სპეციალურად ამ მატჩისთვის შეიკერება.
26 ნოემბერს დაგეგმილ დერბიში "ბორუსია" მოსისხლე მტერ "შალკეს" სპონსორ Kappa-სგან შეკერილი სპეციალური ფორმით ეთამაშება, რომელიც იმით იქნება განსაკუთრებული, რომ "ბორუსიას" ფეხბურთელებს მკერდზე თავიანთი სტადიონის სილუეტი ექნებათ დახატული.
სპეციალურად დერბისთვის შექმნილი ფორმა ხუთშაბათს ნახევარმცველმა კევინ გროსკროიტცმა და სათადარიგო მეკარე მიტჩელ ლანგერაკმა წარმოადგინეს და "ბორუსიას" ფან-შოპებში მისი გაყიდვა უკვე დაწყებულია -
"ორი კვირის წინ დორტმუნდის გაჩემპიონების დროს გადაღებულ შესანიშნავ ფოტოებს ვათვალიერებდი და ეს იდეა სწორედ მაშინ დამებადა. ჩვენს სტადიონზე ყოველთვის ისეთი ფანტასტიკური საფეხბურთო ატმოსფეროა, იმდენად ბრწყინვალე ფანები გვყავს, რომ მივხვდი, ეს უნდა გაგვეკეთებინა.
ამ ფორმას კლუბი ფანებს უძღვნის," - ეს Kappa-ს მარკეტინგის მენეჯერის, ტობიას ბლიკის სიტყვებია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ბორუსიას" Kappa-სთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და მომავალი სეზონიდან დორტმუნდელებს "პუმა" შემოსავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"