კლოპის პრობლემები

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" 8 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და გერმანიის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ ეს მისაღები შედეგია.

მისი თქმით, მართალია, ეს არ არის ძალიან კარგი და მით უმეტეს ისეთი დასაწყისი, როგორიც ჩემპიონს შარშანდელი თამაშის ფონზე ეკადრებოდა, მაგრამ კლოპი პანიკის საფუძველსაც ვერ ხედავს - "ჰერტასთან" მოსაგები შეხვედრა რომ მოგვეგო, ახლა 16 ქულა გვექნებოდა ჩვენზე აუგს არავინ იტყოდა და მხოლოდ იმიტომ, რომ სამით ნაკლები ქულა გვაქვს, განგაშის ატეხვას არ ვაპირებო.

"საერთო ჯამში ბევრი რამით კმაყოფილი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ
ბიჭებს მონდომება აკლიათ. ისინი ახლაც ისევე არიან შემართულები, როგორც გასულ სეზონში იყვნენ. შესაბამისად, ვერაფრით დავეთანხმები იმ ექსპერტებს, რომლებიც ამბობენ, "დორტმუნდის" ჩავარდნა მოსალოდნელი იყოო. ჯერ ერთი, ეს ჩავარდნა არ არის და კრიზისზე საუბარიც უადგილოა და ესეც რომ არ იყოს, ჩვენ სულ სხვა პრობლემები გვაქვს," - აცხადებს იურგენი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

კლოპის აზრით, "ბორუსიას" ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ "ნიურნბერგიდან" ნაყიდმა ილქაი გიუნდოგანმა "რეალში" გადასული ნური შაჰინი ჯერ ვერ შეცვალა ისე, როგორც ამას იურგენი ელოდა: "გიუნდოგანი ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის ისეთი დომინანტი, როგორიც "ნიურნბერგში" იყო. მას გაცილებით მეტი შეუძლია და ამაში ასი პროცენტით დარწმუნებული რომ არ ვიყო, "ბორუსიაში" ნამდვილად არ გადმოვიყვანდი. თუმცა ილქაი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და დარწმუნებული ვარ, "დორტმუნდს" ალღოს ძალიან მალე აუღებს."

სანამ "აუგსბურგთან" შეხვედრაში ჰეთ-თრიკს შეასრულებდა, ჩვენი გერმანელი კოლეგები "ბორუსიას" პოლონელ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის მაგრად აკრიტიკებდნენ. სექტემბერი "ბორუსიას" მთავარმა თავდამსხმელმა ლუკას ბარიოსმა ლაზარეთში გაატარა და ფაქტია, რომ "პოლონელ ტორესად" წოდებულმა ლევანდოვსკიმ ის ჯეროვნად ვერ შეცვალა.

კლოპი: "ლევანდოვსკის პრობლემა ის არის, რომ ფეხბურთის თამაშის დროს ყოველთვის ისეთი სახე აქვს, თითქოს არაფერი არ უხარია და უდიდეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის. დიახ, ვაღიარებ, რომ მართლა ასეთი გამომეტყველება აქვს.

მას "მარსელთან" მატჩის შემდეგაც ველაპარაკე და ვთხოვე, ცოტა უფრო ხალისიანი იყოს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ არ გრძნობს იმას, რასაც მისი სახე გვეუბნება ხოლმე. მე მისგან ბურთით, თუ უბურთოდ, მეტ მოძრაობას ველი. მინდა, რომ მეტი ჯარიმა მოიპოვოს. დარწმუნებული ვარ, რომ რობერტი შესაძლებლობების მაქსიმუმს არ იყენებს. არადა, მართლა დიდი პოტენციალი გააჩნია."

44 წლის კლოპმა ხსენებულ ინტერვიუში ცენტრალური მცველი ნევენ სუბოტიჩიც აქო, რომელმაც "მარსელთან" შეხვედრაში უპატიებელი შეცდომები დაუშვა, რის გამოც "აუგსბურგთან" სათადარიგოთა სკამზე იჯდა. "როცა ნევენი ჯანმრთელია, შეუძლია, გუნდისთვის ფასდაუდებელი მოთამაშე იყოს. ერთი-ორი შეცდომა ვის არ მოსვლია - მარსელში მომხდარის გამო მის შესაძლებლობებს ხაზი არ უნდა გადავუსვათ. ისე, მოედანზე ფეხი შარშანაც ხშირად უსრიალებდა," - ამბობს იურგენი.

მისი აზრით, პრობლემაა ისიც, რომ იაპონელ შინჯი კაგავას აშკარა ჩავარდნა დაეწყო. 22 წლის გამთამაშებელი, რომელმაც შარშან ამ დროს მთელი საფეხბურთო გერმანია აალაპარაკა, მერე კი სერიოზული ტრავმა მიიღო და მთელი მეორე წრე გაუცდა, თავის თავს აღარ ჰგავს. კლოპის აზრით, კაგავას ახლა კარიერის გარდატეხის ასაკი აქვს.

"ძალიან მინდა, რომ შინჯი სწრაფად ათამაშდეს ისე, როგორც შარშან თამაშობდა. ასეთი პერიოდი ნაუცბათევი აღმასვლის შემდეგ ყველა ახალგაზრდა მოთამაშეს აქვს ხოლმე და კაგავასაც ასე დაემართა. რაც მთავარია, ის შრომისმოყვარეა და ამიტომაც მჯერა, რომ მალე ძველებურად ითამაშებს," - აცხადებს კლოპი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული